"თავი არ წეიქციო, ნატრული"! - როგორ მოირგო მარინა კახიანმა მეგრელი ქალის როლი და რა აკავშირებს სამეგრელოსთან?! - კვირის პალიტრა

"თავი არ წეიქციო, ნატრული"! - როგორ მოირგო მარინა კახიანმა მეგრელი ქალის როლი და რა აკავშირებს სამეგრელოსთან?!

"თავი არ წეიქციო, ნატრული" - ეს ფრაზა ბოლო დღეებია კარგად ცნობილია სერიალების მაყურებლებისთვის. სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი პერსონაჟი ნატრული ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი მარინა კახიანია. მეგრელი ქალის კომიკური და სახასიათო როლი მაყურებელმა მაშინვე აიტაცა და სერიალში მისი ყოველი გამოჩენა დიდად ახალისებს.

ეს როლი ისეთი მსახიობისთვის, როგორიც მარინა კახიანია, რომელიც უმთავრესად ტრაგიკული როლების (კორდელია, ბერნარდა ალბა, მარიამ სტიუარტი, ოლივია...) შესრულებით არის ცნობილი, ოდნავ უჩვეულო და ახალია. AMBEBI.GE მსახიობს სახლში ესტუმრა და ახალ როლთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა.

- მოგწონთ თქვენი ახალი პერსონაჟი?

- მოვიხიბლე, რადგანაც ეს ჩემთვის აბსოლუტურად განსხვავებული სახეა. პირველად მომიწია სახასიათო როლის თამაში, რადგანაც მთელი ცხოვრება სცენაზე ტრაგიკულ გმირებს ვასახიერებდი კლასიკურ რეპერტუარში (შექსპირი, ბრეხტი, ევრიპიდე და ა.შ.) ამიტომ, ძალიან მინდოდა, კომედიური, განსხვავებული როლი და ისე მოხდა, რომ მართლაც ვითამაშე. თუმცა, მკვეთრი სახასიათო სახე არც კინოში შემიქმნია და არც ტელეეკრანზე (სერიალში), ამიტომ, ჩემთვის ახალი როლი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და როდესაც ის შემომთავაზეს, ვუთხარი, რომ მკვეთრად მეგრელი ქალი მინდა ვითამაშო-მეთქი...

ფაქტია, რომ ძალიან საინტერესო სერიალია, ამდენი წელი გაძლო, გემოვნებითაა გადაღებული. ნაჩვენებია ყველა წრისა და სოციალური ფენის ადამიანის ცხოვრება, საქართველოს სხვადასხვა კუთხის არაერთი პერსონაჟი. ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

რაც შეეხება მეგრელი ქალბატონის თამაშს, გეტყვით, რომ ჩემი წინაპრები, - ბაბუები, ბებიები მეგრელები იყვნენ, მართალია, მეგრულად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ რაღაცები მესმის. მამას ბებია თოფურია ჰყავდა, - სისხლში მეგრული გენეტიკა მაქვს, ამიტომ ჩემი წინაპრებისთვის რაღაცნაირად პატივის მიგება მინდოდა და ეს როლი ჩემთვის ამითაც საინტერესოა.

- პერსონაჟის სახელზე - ნატრული - რას იტყვით?

- ძალიან მომეწონა და თავიდანვე ისე განვეწყე, რომ მინდოდა, კოლორიტული სახე ყოფილიყო, ნამდვილი მეგრელი ქალია, თუმცა მეგრელები მრავალნაირნი არიან, - მაგალითად, ჩემი მეგრელი ბებია ისეთი თავშეკავებული, დარბაისელი იყო, იშვიათად მინახავს მსგავსი დარბაისელი და მშვიდი ქალი. თუმცა, ვიცით, რომ ამ კუთხის ხალხი უმეტესად ემოციურები არიან, - სამეგრელოში, სოფელში ყოფნისას ახლოს მინახავს ისინი, დავკვირვებივარ და მაგალითად, კივილიდან სიცილზე ისე ადვილად გადასულან, ან პირიქით, მშვიდი საუბრიდან კივილი დაუწყიათ, - რომ ჩემი გაოცება გამოუწვევია. ამ ქალბატონებში ასეთი გრადაცია რომ ხდებოდა, ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა...

- მაგრამ ნატრულის შვილი დედისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭია...

- კი, შვილის როლი დედისგან განსხვავდება, თბილისელი ბიჭია და მსგავსი ფაქტებიც ხშირია, - როდესაც ასეთ დედებს ასეთი შვილები ჰყავთ. ამიტომ, ნატრულის შვილს რომ შევხედე, მომდევნო სერიებში ჩემი როლის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ცოტათი ჩავაქრე, რომ ოჯახის წევრებს შორის ასეთი განსხვავებულობა არ ყოფილიყო... სხვა რა გითხრათ, ძალიან ვხალისობ გადაღების პროცეში. მომწონს გადამღები ჯგუფი - ოპერატორები, მხატვრები, განსაკუთრებით, რეჟისორი გიორგი ლიფონავა, გაწონასწორებული, გემოვნებიანი, ჭკვიანი ყმაწვილია, მესიამოვნა მასთან მუშაობა.

- რა ემოცია გამოიწვია ნატრულის გამოჩენამ თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებში?

- პირველი კადრები რომ გავიდა, ისეთი გასაოცარი გამოხმაურება იყო, მერიდება კიდეც ამის თქმა, მაგრამ ასე აღმატებულად ჩემი პიროვნების ხსენებამ ცოტათი შემაშინა. ჯერ ერთი, არ ვიცი, შემდეგში რას მთავაზობს სცენარისტი, როგორ განვითარდება ამბავი... საერთოდ, როდესაც ასეთი მოლოდინია, ზოგჯერ შესაძლოა, ამას იმედგაცრუებაც მოჰყვეს. თუმცა, ახლობლების, ნაცნობების, წლობით უნახავი ადამიანების ზარებმა ცხადია, გამახარა. ისინი გაკვირვებულები იყვნენ, არ მოელოდნენ მარინა კახიანისგან ამ ტიპის როლს, შეიძლება, ვიღაცას გაუცრუვდა იმედი, - ხშირად შექმნილი სტერეოტიპის დამსხვრევა არ უნდათ, შენგან სხვანაირ როლს არ იღებენ, მაგრამ მერე ეჩვევიან, თუმცა ზოგი მაინც კატეგორიულად არ იცვლის შეხედულებას. გარკვეულ ნაწილსაც უკვირს, და ამბობს, - ესეც შეგიძლია? მოკლედ, ერთფეროვანი შეფასება არ არსებობს, - ყველამ ერთნაირად რომ მიიღოს შენი ნამუშევარი.

- რა თქვეს მეგრელებმა?

- ამ როლით მეგონა, მეგრელები გაღიზიანდებოდნენ და პირიქით აღმოჩნდა. ამას იმ გამოხმაურებების მიხედვით ვამბობ, რამაც ჩემამდე მოაღწია, თუმცა სადღაც ვიღაც შესაძლოა უკმაყოფილოც დარჩა და სწორედ ამიტომაც არ შემეხმიანა, არ ვიცი. მოკლედ, ნატრული მინდოდა, რომ სასაცილო პერსონაჟი ყოფილიყო, - გადაჭარბებული ემოციებით. ერთ მეგრელ ქალბატონზე ისტორიასაც მომიყვნენ, - გაჭირვეული იყო, მერე გამდიდრდა და ეკრანზე ნატრულის რომ ვუყურებდი, მეგონა, ის იყოო... გარეგნულად სხვანაირი მინდოდა, რომ ყოფილიყო, უმაკიაჟო, სასაცილო ქუდით...

გაგრძელება

ლალი ფაცია