"ერთი უბრალო თბილისელი ბიჭი ვარ" - ვინ არის დავით მალტეზე, ვინც მეწაღიდან ბერძნულ სცენამდე ურთულესი გზა გაიარა? - კვირის პალიტრა

"ერთი უბრალო თბილისელი ბიჭი ვარ" - ვინ არის დავით მალტეზე, ვინც მეწაღიდან ბერძნულ სცენამდე ურთულესი გზა გაიარა?

"ჯერ მეწაღედ ვმუშაობდი, მერე მშენებლობზე მუშად და რესტორანში მიმტანად"

"მე ისეთი საქართველო დავტოვე, სადაც არც შუქი იყო, არც წყალი და არც არაფერი. ახლა აშკარა წინსვლა იგრძნობა"

დღეს საბერძნეთში დავით მალტეზეს ყველა კარგად იცნობს. ის ცნობილი და წარმატებული, ქართული წარმოშობის, მსახიობია. მისი კარიერა ნელა და ათასგვარი დაბრკოლებების თანხლებით ვითარდებოდა. მიზნის მიღწევამდე ჯერ მეწაღეობით ირჩენდა თავს, შემდეგ მშენებლობაზე მუშაობით, შემდეგ რესტორანის მიმტანობით... ბატონ დავითს ათენში დავუკავშირდით.

- დღემდე ერთი უბრალო თბილისელი ბიჭი ვარ. საბერძნეთში, 1996 წელს 21 წლისა ჩამოვედი. როდესაც ვნახეთ, რომ სამშობლოში არანაირი პერსპექტივა აღარ იყო, ძმასთან ერთად, გეზი სალონიკისკენ ავიღეთ. აქ მშობლები დაგვხვდნენ, რომლებიც, იმ დროისათვის, უკვე არც თუ ახალბედა ემიგრანტები იყვნენ.

წინასწარ არაფერი მქონდა განსაზღვრული, ვიცოდი, რომ არანაირ სამუშაოზე ვიტყოდით უარს. ჩამოსვლიდან მალევე, საქართველოდან ჩასული ბოლნისელი ბერძენი გავიცანი და თავისთან ფეხსაცმლის ფაბრიკაში წამიყვანა სამუშაოდ. 2 წელიწადში, საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების საშუალება მომეცა.

- ალბათ ამასობაში ბერძნულ ენასაც დაეუფლეთ.

- არა, იმიტომ, რომ ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები ვმუშაობდით და ერთმანეთთან რუსულ ენაზე ვურთიერთობდით. მოგვიანებით მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა, მერე კი - რესტორანში მიმტანად. ჩემი ამ პერიოდის ცხოვრება არაფრით ჰგავდა იმას, რაზეც ბავშვობაში მიოცნებია. არადა, უკვე ადრეულ ასაკში მსურდა, პროფესია ხელოვნებასთან დამეკავშირებინა, ამისთვის ვეუფლებოდი ხალხურ სიმღერებს, შემდეგ საესტრადო ანსამბლშიც ვმღეროდი. როგორც კი ნორმალურ კალაპოტში ჩადგა ჩემი ცხოვრება, თავს უფლება მივეცი, საქსაფონი მეყიდა და კერძო გაკვეთილები ამეღო. ამან ის შედეგი გამოიღო, რომ მოგვიანებით უკვე ბარებში დავიწყე დაკვრა. რადგან მუსიკალური სმენა მაქვს, ადვილად გავუმკლავდი აქცენტს და ბერძნულ ენაზე უკვე სუფთად ვლაპარაკობდი. სწორედ მაშინ ვიფიქრე, დრო იყო, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. ამ მიზნით სალონიკის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტს მივაკითხე. იმ ზაფხულს 25 წლის ვხდებოდი, გამოცდა კი სექტემბერში უნდა ჩატარებულიყო, რომელზეც 25 წელს ზემოთ აბიტურიენტები არ დაიშვებოდნენ. ასე, რომ უარი ვთქვი ოცნებაზე და ისევ ბარის სცენას დავუბრუნდი.

- ათენში როდის გადაბარგდით?

- 3 წლის შემდეგ ისევ უცხო ქალაქში აღმოვჩნდი, სადაც ახლობელი არავინ მყავდა, მაგრამ მქონდა მიზანი - უკეთესი მომავლის ძიება. მჯეროდა, რომ ამისთვის ღირდა რისკზე წასვლა. ათენის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, ასაკობრივი ზღვარი იმხანად არ იყო დაწესებული. საკუთარი ძალებით მოვემზადე, გავედი გამოცდაზე და გამიმართლა. 1500 კაციან კონკურსში 152 გამარჯვებულ სტუდენტს შორის აღმოვჩნდი. გამიკვირდა, გამიხარდა, ბედნიერებისგან ცას ვეწიე. კურსზე ერთადერთი უცხოელი ვიყავი, თან ასაკით ყველაზე უფროსი.

უკვე მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ჩემმა პედაგოგმა თავის სპექტაკლში როლი შემომთავაზა. აქაური კანონმდებლობით, სტუდენტს როლზე დათანხმების უფლება არ აქვს. არადა, გული მეუბნებოდა, რომ ამ წინადადებაზე უარი არ უნდა მეთქვა. ამიტომ, აკადემიური ავიღე და თანხმობა განვაცხადე. ვფიქრობ, რომ კარგად მოვიქეცი. ეს როლი ჩემს კარიერაში ერთგვარ ტრამპლინად იქცა. ამის შემდეგ სულ სხვა რანგის მსახიობებს შორის გადავინაცვლე. სწავლის დასრულებასთან ერთად, ჩემი კარიერა შეუჩერებლად ვითარდება. მას შემდეგ საბერძნეთში ცნობილ რეჟისორებთან და მსახიობებთან ვთანამშრომლობ. აქ ბევრი კარგი მსახიობი ჰყავთ და ძალიან დიდი კონკურენციაა. გადაჭარბებებული არ იქნება თუ გეტყვით, რომ მე შევდივარ აქაური მსახიობების იმ 5-6 პროცენტში, რომლებიც გამუდმებულად მუშაობენ. კარგ როლებს მაძლევენ და კრიტიკოსებიც დადებითად ეხმაურებიან ჩემს მიერ შექმნილ სახეებს.

2008 წელს აქ ჩამოსული იყო რუსი რეჟისორი ანატოლი ვასილევი, რომელიც საუკეთესო რეჟისორების მსოფლიო ათეულში შედის, "მედეას" დგამდა. ქასთინგის შედეგად ამიყვანა თავის დასში და სწორედ ამ პერიოდში დაიბეჭდა ჩემი ინტერვიუ ერთ-ერთ ცნობილ გამოცემაში. ვიხსენებდი, როგორ ჩამოვედი საქართველოდან და როგორ წარიმართა ჩემი ემიგრანტული ცხოვრება. ამ ინტერვიუდან რამდენიმე თვის შემდეგ გერმანიიდან დამიკავშირდა ბერძენი რეჟისორი ჯორჯ დრივასი, რომელიც, როგორც გაირკვა, ადამიანთა რეალურ ისტორიებს ეძებდა თავისი მომავალი ფილმის სიუჟეტად. ჯერ ხუმრობა მეგონა. მერე ყველაფერი გაირკვა. მოკლედ, მან ჩემს ცხოვრებაზე ფილმი გადაიღო, რომელშიც მე ჩემს თავს ვასახიერებდი. ამ ფილმმა 2010 წელს ლონდონში "Grik film festival"-ზე გრან პრი მოიპოვა. ამ გამარჯვებას სხვა ფესტივალებზე სხვა პრიზები მოჰყვა.

ამავე პერიოდში ვმუშაობდი სპექტაკლზე "აქ საბერძნეთში", რომელიც ასევე ემიგრანტების ცხოვრებას შეეხებოდა. საინტერესო სპექტაკლი გამოვიდა. 2 სეზონი ვითამაშეთ. ამ სპექტაკლით მამაკაცის საუკეთესო როლის ნომინაციაზე წარმადგინეს. ჩემი კონკურენტები ძალიან ძლიერი მსახიობები იყვნენ, სულ 8 ნომინანტი ვიყავით. მართალია, პრიზი არ მერგო, მაგრამ ჩემთვის ისიც ბევრს ნიშნავდა, სამსახიობო კარიერის დაწყებიდან 3 წლის თავზე, 8 საუკეთესოს შორის, რომ აღმოვჩნდი. ამის შემდეგ ჩემდამი, როგორც არტისტისადმი, ურთიერთობა შეიცვალა. ახლა, სეზონზე იმდენი შემოთავაზება მაქვს, რომ ზოგიერთზე უარის თქმაც კი მიწევს.

- როგორც ვიცი, მალტეზე თქვენი ფსევდონიმია.

- გვარად მაღალდაძე ვარ. ფესევდონიმის დარქმევა იმიტომ მომიწია, რომ აქ ჩემი გვარის წარმოთქმა ძალიან უჭირდათ, წერითაც ყოველთვის შეცდომით წერდნენ. ამიტომ რაღაც ასოები ამოვაკელი გვარს და გავხდი მალტეზე. ინტერვიუებში ყოველვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქართველი მსახიობი ვარ და ვამაყობ ჩემი წარმომავლობით.

- საქართველოზე ხშირად ფიქრობთ?

- ძალიან მენატრება საქართველო - მეგობრები, სახლი, ეზო. ნათესავებთან, ინტერნეტის საშუალებით, ვკონტაქტობ. ანტენა დავაყენე და ქართულ არხებს აქტიურად ვადევნებ თვალ-ყურს. უკვე 4 წელია მამაჩემი და ჩემი ძმა საქართველოში დაბრუნდნენ. საბერძნეთში მე და დედა დავრჩით. მე ისეთი საქართველო დავტოვე, სადაც არც შუქი იყო, არც წყალი და არც არაფერი. ახლა აშკარა წინსვლა იგრძნობა. დღევანდელობას რაც შეეხება, უკეთესი იქნება პოლიტიკოსები ერთმანეთს შორის ჩხუბისა და შეურაცხყოფის ნაცვლად, ხალხს თუ მიხედავენ და მთელი რესურსი მათი კეთილდღეობისთვის ზრუნვას მოახმარონ.

- რას ეტყვით საქართველოს?

- მიყვარხარ, საქართველო და მენატრები! ბედნიერი ვიქნები, თუ მალე ჩამოვალ და ჩემი ხელოვნებით გაგაცნობთ თავს.

ეკა სალაღაია (სპეციალურად საიტისთვის)