"ეს გაუგონარი ბიუროკრატიული იდიოტობაა"! - წარჩინებული სტუდენტის გამარჯვება და შედეგად, დაკარგული სოციალური დახმარება - კვირის პალიტრა

"ეს გაუგონარი ბიუროკრატიული იდიოტობაა"! - წარჩინებული სტუდენტის გამარჯვება და შედეგად, დაკარგული სოციალური დახმარება

"კარგია, რომ კულტურის სამინისტრომ დააფინანასა მისი ამ კონკურსებში მონაწილეობა, მაგრამ ამ ფონზე, კიდევ უარესად ჩანს - ამის გამო მისთვის სოციალური სტატუსის შეცვლა და დახმარების მოხსნა"

"იმის გარდა, რომ მარტო ვცხოვრობ და ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, ელემენტარული საარსებო პირობებიც კი არ მაქვს..."

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კონსერვატორიის წარჩინებულ სტუდენტ ეთო ცქიფურიშვილს, იტალიაში, მუსიკალურ კონკურსში გამარჯვების და ანგარიშზე მიზერული თანხის ჩარიცხვის გამო, სოციალური დახმარება მოუხსნეს... მომხდარს მწვავედ გამოეხმაურა კონსერვატორიის რექტორი, რეზო კიკნაძე. საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მეცოსოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა.

ანიტა რაჭველიშვილი:

- ეთო ცქიფურიშვილს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ლექტორებისგან და კონსერვატორიის რექტორ რეზო კიკნაძისგან ვიცი, რომ საუკეთესო სტუდენტია. მან უმაღლესი ქულებით ჩააბარა კონსერვატორიის მაგისტრატურაში, საფორტეპიანო სპეცკლასში და თან პარალელურად ნიჭიერთა ათწლედში ვოკალურზე სწავლობს. კონკურსიც მოიგო იტალიაში. ქართული სოციალური სისტემით მიიჩნევა, რომ ის ახალგაზრდა ადამიანია, რომელსაც თავის რჩენა შეუძლია, მაგრამ წარმოუდგენელია მან სწავლის პარალელურად იმუშაოს, რადგან პიანისტის პროფესია უდიდეს შრომას და დიდ დროს მოითხოვს. მან რომ თავის რჩენაზე დაიწყოს ზრუნვა, სწავლას თავი უნდა დაანებოს, შედეგად ქვეყანა უნიჭიერეს მუსიკოსს დაკარგავს.

- ინტერნეტით გაავრცელეთ მიმართვა, რომელშიც გამოხატეთ თქვენი აღშფოთება. მიმართვას რამე რეაგირება მოჰყვა?

- დახმარების სურვილი გამოიჩინა რამდენიმე კერძო პირმა. სამწუხაროდ, სახელმწიფოსგან ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია!

- ევროპის ქვეყნებში როგორი ხელშეწყობა აქვს ასეთ სტუდენტებს?

- ყველანაირი! აქ სტიპენდია ისეთია, რომ შიმშილზე ლაპარაკი ზედმეტია. გარდა ამისა, ასეთ კარგ სტუდენტებს სახელმწიფო სხვადასხვა დახმარებას უნიშნავს, რათა სწავლის გაგრძელების საშუალება ჰქონდეთ და მუშაობა არ უწევდეთ. თუმცა ერთი პირობაა შესასრულებელი - სტუდენტი აუცილებლად ბეჯითი უნდა იყოს. ეს გოგონა სწორედ ასეთია.

საქართველოში სავალალო მდგომარეობაა ყველა სფეროში და დროა, მოქალაქეებმა დავიწყოთ ქვეყანაზე ზრუნვა! იმის შემხედვარე რაც ხდება, მე როგორც მოქალაქეს, არც ერთი პარტიის იმედი აღარ მაქვს.

რეზო კიკნაძე, კონსერვატორიის რექტორი:

- ეთო ცქიფურიშვილის ფორმალური წარმატებებიც (კონკურსებში გამარჯვება, აკადემიური მოსწრება) მოწმობს და პირადადაც მივიჩნევ, რომ ამ გოგონას მას მერე, რაც სტუდენტი გახდა, ძალიან დიდი წინსვლა აქვს.

კარგია, რომ კულტურის სამინისტრომ დააფინანასა მისი ამ კონკურსებში მონაწილეობა, მაგრამ ამ ფონზე, კიდევ უარესად ჩანს - ამის გამო მისთვის სოციალური სტატუსის შეცვლა და დახმარების მოხსნა. ეს გაუგონარი ბიუროკრატული იდიოტობაა, რომელზეც სასწრაფოდ უნდა დაფიქრდეს კანონმდებელიც და აღმასრულებელიც, თუ იმის პრეტენზია აქვს, რომ ნორმალური და ჰუმანური სახელმწიფოს კანონმდებელი და აღმასრულებელია!

ეთო ცქიფურიშვილი:

- პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი გულისტკივილი გულთან მიიტანა! მადლობას ვეტყვი სოციალური სააგენტოს წარმომადგენელ ტატა გამყრელიძეს. რაც ჩემს შესახებ პოსტი გამოქვეყნდა, მეორე დღესვე ძალიან შეწუხებულმა დამირეკა. მითხრა, რომ ადამიანურად ესმის ეს ყველაფერი, თუმცა იმ მაღალ ქულას, რომელიც დაფიქსირებულია, ვერ შეცვლის... ბოდიში მინდა მოვუხადო მას, რადგან ამ დღეების განმავლობაში, შესაძლოა, არასახარბიელო ეპითეტებითაც შეემკოთ... ეს არის სისტემური ხარვეზი, რაც უნდა აღმოიფხვრას და შეიცვალოს!

იტალიაში კონკურსში გავიმარჯვე, ჩემს ანგარიშზე გარკვეული თანხა დაირიცხა. ძალიან გამიკვირდა ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალური სტატუსის არ მოცემის მიზეზად ეგ რომ დამისახელა...

- წარმატებული ხართ... როგორ პირობებში გიწევთ სწავლა?

- იმის გარდა, რომ მარტო ვცხოვრობ და ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, ელემენტარული საარსებო პირობებიც კი არ მაქვს... თუმცა ეს არასდროს არავისთვის მომიყოლია და არავინ შემიწუხებია ჩემი გასაჭირით და წუწუნით! ჩემი საქმე მიყვარს, ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი წარმატებისთვის რომ მიმეღწია. არ ვაქცევდი ყურადღებას უპირობობას და თავს არ ვუხრიდი პრობლემებს. ყოველთვის მჯეროდა, რომ დიდი შრომის და მონდომების შედეგად ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია. არასოდეს დავნებებულვარ და მინდა, ჩემი ამბავი დასაწყისიც და ბოლოც იყოს იმ უსამართლო სისტემის აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს! ვფიქრობ, ამ საქმეში მარტო არ ვარ და ძალიან ბევრი ადამიანი გაერთიანდება ამ პრობლემის გარშემო! ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!

ვითარების გასარკვევად შევეხმიანეთ სოციალური მომსახურების სააგენტოსაც.

ტატა გამყრელიძე, მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი:

- ეს გოგონა, როდესაც დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობდა, იქ იყო საარსებო შემწეობის მიმღები. თბილისში რომ გადმოვიდა საცხოვრებლად, ძველი და ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, ორივეჯერ მაღალი ქულები მიიღო... სახლის ფართი დიდი არ არის, მაგრამ ნორმალურია, უბანიც კარგია, ადამიანი არის ზრდასრული, ჯანმრთელი, ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული. პროგრამა ისე ხედავს, რომ მას შეუძლია ელემენტარული პირობების შექმნა თავის სარჩენად... ამ დახმარებას ჰქვია საარსებო შემწეობა, სწორად გამიგეთ და არ არის ნიჭიერი ადამიანების დახმარება. მე ვთლი რომ კარგი იქნებოდა სასწავლებელს, ან რომელიმე უწყებას ჰქონდეს ფონდი ასეთი განსაკუთრებული სტუდენტებისთვის! საარსებო შემწეობა კიდევაც რომ დაენიშნოს, იქნება -30, 50 ან მაქსიმუმი 60 ლარი.

- იგეგემება თუ არა ამ სისტემის შეცვლა?

- სისტემის შეცვლა ჯერჯერობით არ იგეგმება, უკვე შეიცვალა 2015 წლის მაისში, რასაც წინ დიდი კვლევები უძღოდა...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)