აჭარაში საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტები „მაგნოლია 2016“-ზე დაჯილდოვდება - კვირის პალიტრა

აჭარაში საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტები „მაგნოლია 2016“-ზე დაჯილდოვდება

აჭარაში ტურიზმის ინდუსტრია ბოლო წლებია აქტიურად ვითარდება. სასიხარულოა, რომ რეგიონს ყოველწლიურად ემატება სხვადასხვა ტიპის ტურისტული ობიექტები, ეს იქნება რესტორნები, სასტუმროები თუ გასართობი ობიექტები, თუმცა აჭარაში როგორც მთლიანად საქართველოში მთავარ გამოწვევად ისევ მომსახურების ხარისხი დგას. ხარისხის დადგენის საუკეთესო საშუალება კი კვლევებია. ანალიტიკისა და ინდუსტრიაში არსებული სიტუაციის გაანალიზების გარეშე შეუძლებელია პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების გზების დადგენა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტი „იდუმალი სტუმარი“ სწორედ სერვისის ხარისხის კვლევისა და შედეგების გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. დეპარტამენტი მომსახურების დონეს რეგიონში არსებულ ტურისტულ ობიექტებში 2014 წლიდან იკვლევს.

„ჩვენ სექტორს მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას სრულიად უფასოდ ვთავაზობთ. პროექტში ჩართულ სასტურმროსა თუ რესტორანს არ სჭირდება დამატებითი ფინანსებისა და თუ რესურსის გამოყოფა, იმის დასადგენად თუ რა გამოწვევების წინაშე დგას, რა ხარვეზები აქვს ან როგორ აფასებს მის მომსახურებას მომხმარებელი. ამ ყველაფერს ჩვენ ვიკვლევთ, შედეგებსა და რეკომენდაციებს კი თითოეული ობიექტის მეპატრონეს ინდივიდუალურად ვაწვდით. მარტივია ხარვეზების გამოსწორება, როცა იცი რომელ რგოლში გაქვს პრობლემა,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშილი იდუმალი სტუმრის კვლევის მნიშვნელობაზე საუბრისას.

მიმდინარე წელს, დეპარტამენტმა „იდუმალი სტუმრი“-ს გარდა, საპილოტე რეჟიმში ჩაუშვა მომხმარებლის კმაყოფილების დონის კვლევა. კვლევა ონლაინ რეჯიმში მესამე თვეა მიმდინარეობს, სადაც ტურისტები და უბრალო მომხმარებლები მომსახურების ხარისხს აფასებენ. ტურისტების გამოკითხვა ასევე მიმდინარეობს რეგიონში არსებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებსა და ტურისტულ ადგილებში.

„ტურისტის მიერ შეფასებული ცალკეული ტურისტული ობიექტის სერვისი მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მომხმარებლის აზრია გასათვალისწინებელი, როცა ტურისტული ბიზნესის განვითარებასა და სერვისის გაუმჯობესებაზეა საუბარი. ამ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი მიზანია ტურისტმა და უბრალო მომხმარებელმა გამოავლინოს აჭარაში საუკეთესო სერვისის მქონე ობიექტები. რა თქმა უნდა ამას ემატება ტურიზმის სექტორის გამოკითხვაც, მაგრამ მნიშვნელოვანი წილი მაინც ტურისტებზე მოდის,“ ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსი თამარ კაიკაციშვილი.

კვლევისას გამოვლენილ საუკეთესო პრაქტიკისა და სერვისის მქონე ტურისტულ ობიექტებს, რომლებსაც ასევე ექნება სექტორის დადებითი შეფასებები დეპარტამენტი ტურიზმის რეგიონულ ფორუმზე „მაგნოლი 2016“ დააჯილდოვებს. დაჯილდოვების ცერემონია აჭარაში მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს გაიმართება. ფორუმზე გამოვლინდება თუ რომელ განთავსების ობიექტს, კვების ობიექტს, ტურისტულ ატრაქცია/მუზეუმს, გიდს, ტურისტულ სააგენტოსა და ტურისტული მარშრუტს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება.