"ნინო კასრაძესა და მერაბ ნინიძესთან თამაში ძალიან საინტერესოა" - გოგონა სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" - კვირის პალიტრა

"ნინო კასრაძესა და მერაბ ნინიძესთან თამაში ძალიან საინტერესოა" - გოგონა სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"

"ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, სულ რეპეტიციებსა და გადაღებებზე ვარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო მაქვს, როგორც სცენაზე, ასევე კამერის წინ", - ამბობს მსახიობი ნატალია ყულოშვილი ჟურნალ "გზასთან". ახლახან ის რუსთაველის თეატრში სტაჟიორად მიიღეს, ფართო საზოგადოებამ კი ის სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო. ის ერთ-ერთი მთავარი გმირის მაკას, რომელსაც მსახიობი ნინო კასრაძე თამაშობს, ქალიშვილს თამაშობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" შენი პერსონაჟი ისევ გააქტიურდა. გიმართლებს, თამაში "ვარსკვლავებთან" გიწევს.

- ნინო კასრაძესა და მერაბ ნინიძესთან თამაში ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. ჩვენ ერთმანეთთან ვმეგობრობთ. მათზე რომ დავიწყო ლაპარაკი, არ ვიცი, როდის დავასრულებ. იმდენად ბევრია სალაპარაკო, ვერც ვიგებ, საიდან დავიწყო. ბედნიერი ვარ, რომ მათთან მიწევს ურთიერთობა, მეგობრობა, განხილვები...

ნინო კასრაძე ამ სერიალზე მუშაობის დროს გავიცანი. მანამდე ჩემი მეგობარი რეჟისორი იცნობდა და მასზე არაერთხელ გვისაუბრია. სულ მეუბნებოდა, გაგაცნობო, მაგრამ ერთ დღეს თავად დავურეკე და ვუთხარი, - ნინო კასრაძის შვილი ვხდები-მეთქი. - ვაა!!! გიმართლებსო. მნიშვნელოვანია, მისი თამაშის პროცესს თვალი ადევნო, როგორ უდგება თითოეულ საკითხს, როგორ ირგებს როლს, რაოდენ დიდია მისი პასუხისმგებლობა თითოეული დეტალის მიმართ. სუნთქვას როგორ "იღებს". ეს ჩვეულებრივი მასტერკლასია.

მერაბ ნინიძეს მანამდე ვიცნობდი, სანამ სერიალში შევხვდებოდით. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ რეზო გიგინეიშვილის ფილმზე, რომელიც "თვითმფრინავის ბიჭებს" ეძღვნება. ამ ფილმში ჩემს როლზე ვერაფერს ვიტყვი. როგორც ვიცი, ფილმი მომავალ წელს უნდა გამოვიდეს. სერიალში ჩემი პარტნიორია გიორგი შარვაშიძე, ძალიან ნიჭიერი მსახიობი. დადებითი ადამიანია. მიხარია, თამაში ერთად რომ გვიწევს.

- შენი პერსონაჟი - ნინი როგორ შექმენი? მისი მსგავსი ბევრი გოგო დადის ამ ქალაქში.

- შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანებით შეიკრა ეს ტიპაჟი. თან, ვიხსენებ გარდატეხის წლებს. ეს ხომ ის პერიოდია, როცა ხარ მეამბოხე, არღვევ დოგმებს, გაღიზიანებს უაზრო წესები და სტერეოტიპები, რომელსაც თავს გახვევენ. ჩემგან განსხვავებით, ნინი გაცილებით გაბედული და უშიშარია.

- შენ ფრთხილი ხარ?

- შეიძლება, ასეც ითქვას. შიშები არ მაბრკოლებს, პირიქით - მიყვარს იმის კეთება, რისიც მეშინია. ვცდილობ, ხასიათი გამოვისწორო, თორემ ყველა შიშს თუ დავყევი, ვერაფერს გავაკეთებ. იცი, ამ პერსონაჟში კიდევ რა მიყვარს? ცხოვრებაში არის რაღაცები, რაც არ გამიკეთებია, მაგრამ ვაკეთებ, როგორც ნინი.

- რით განსხვავდები შენი პერსონაჟისგან - ეს უკვე თქვი და რით ჰგავხარ?

- ნინის ხასიათიდან ძალიან ბევრი თვისება მეც მაქვს, მაგრამ სიმძაფრეშია სხვაობა. მასში ყველაფერი ბევრია; ეგოიზმი, იმპულსურობა, რადიკალიზმი... პატარა რომ ვიყავი, მეც რადიკალური გახლდით ყველაფერში, მაგრამ გავიზარდე და მივხვდი, რომ მხოლოდ შავი და თეთრი ფერები არ არსებობს, ბუნებაში გარდამავალი ფერებიც არის.

ჩემი და გიორგის ხაზი კი იმით მომწონს, რომ სიურპრიზებითაა დახუნძლული. არასდროს ვიცით, სცენარისტი როგორ განვითარებას მისცემს ჩვენს ამბავს. ზოგჯერ სრულიად განსხვავებულ მიმართულებას "გვაჯახებს" ხოლმე.

იხილეთ ფოტოგალერეა: მერაბ ნინიძის წარმატებული კარიერა

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 1-ლი დეკემბრის ნომერში

თამუნა კვინიკაძე