"რად მინდა ღირსების ორდენი, როცა ღირსად არ მთვლიან, საქართველოში ვიმუშაო?!" - კვირის პალიტრა

"რად მინდა ღირსების ორდენი, როცა ღირსად არ მთვლიან, საქართველოში ვიმუშაო?!"

"ინგლისში სცენაზე ავიდნენ დედოფალი და პრინცი ჩარლზი და დათოს პირადად მიულოცეს წარმატება. რამდენჯერმე ბუკინგემის სასახლეშიც მიიწვიეს"

"ამერიკაში საბალეტო სკოლას ვხელმძღვანელობ, ბევრი ხელოვანი აღვზარდე, ჯილდოც ბევრი მივიღე...

"დღესაც არიან საქართველოში მოკომუნისტო სახეები, მხოლოდ მათ აქვთ გასაქანი! უამრავი ნიჭიერი ადამიანი გვყავს, მაგრამ შური და გაუტანლობაა! ქართველებს ერთმანეთის ქიშპობას არაფერი გვირჩევნია..." - ქართველი ხელოვანი-ნუგზარ მახათელი ამერიკიდან გვესაუბრა:

- 1966 წელს თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი წითელ დიპლომზე დავამთავრე. ჩემი პედაგოგი ვახტანგ ჭაბუკიანი ჩემზე დიდ იმედს ამყარებდა. დავიწყე ოპერის თეატრში მუშაობა. შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისოროზე ჩავაბარე, დიმიტრი ალექსიძის ჯგუფში. ძალიან დატვირთული ვიყავი, მაგრამ სასწავლებელიც და სამსახურიც რუსთაველზე გვერდიგვერდ იყო და ეს მშველოდა. შემდეგ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მთავარ ბალეტმაისტერად დავინიშნე...

- თქვენ იყავით იმ სპექტაკლის მთავარი ბალეტმაისტერი, სადაც პირველად იმღერა პაატა ბურჭულაძემ.

- ცისკარი ბალანჩივაძემ შემომთავაზა, მის ძმასთან, ჯარჯი ბალანჩივაძესთან ერთად შუბერტის მუსიკაზე ქორეოგრაფიული ნაწარმოებები შეგვექმნა... კონცერტს დიდი წარმატება ხვდა წილად. ასე შეიქმნა კამერული საბალეტო დასი. "ფაუსტი", რომელშიც პაატა ბურჭულაძე მეფისტოფელის პარტიას მღეროდა, გივი გაჩეჩილაძემ დადგა, მე კი ბალეტმაისტერი ვიყავი. შემდგომ შევქმენით ოპერა "ორფეოსი და ევრიდიკე". ევრიდიკეს პარტიას 16 წლის თამარ გვერდწითელი მღეროდა. მე და ჯარჯი ბევრ რამეს ვქმნიდით, მაგრამ დიდად არავის აინტერესებდა. დღესაც არიან საქართველოში მოკომუნისტო სახეები, მხოლოდ მათ აქვთ გასაქანი! უამრავი ნიჭიერი ადამიანი გვყავს, მაგრამ შური და გაუტანლობაა!

- ამიტომაც გიხდებოდათ ხშირად საზღვარგარეთ მუშაობა?

- 1980 წელს კულტურის სამინისტრომ სენეგალში გამგზავნა მოდერნსკოლაში "მუდრა აფრიკი"... ხელმძღვანელი ჟერმენ აკუნი გახლდათ. სენეგალი საფრანგეთის კოლონია იყო და სწავლა ფრანგულ ენაზე მიმდინარეობდა. ჟერმენ აკუნს არ უნდოდა საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებთან მუშაობა, მაგრამ როდესაც გამიცნო, მშვენიერი ტანდემი გამოგვივიდა. იქ სამი წელიწადი გავატარე და მუდმივად ვგრძნობდი კა-გე-ბეს ყურადღებას. ამიტომაც თბილისში ჩამოვედი და ოპერაში გავაგრძელე მუშაობა.

1987 წელს სსრკ-ის კულტურის სამინისტრომ ნიკარაგუაში სამუშაოდ წასვლა შემომთავაზა... პრეზიდენტ დანიელ ორტეგას მეუღლე კულტურის მინისტრი გახლდათ. მე მის მრჩევლად დამნიშნეს ქორეოგრაფიაში და მათ რეზიდენციაში ვცხოვრობდი. ორტეგას სძულდა საბჭოთა კავშირი, მაგრამ ვინაიდან ამერიკასთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, იძულებული იყო, რუსეთთან ეთანამშრომლა.

9 აპრილის ტრაგედია რომ მოხდა, მანაგუაში ვიყავი... საქართველოში რომ ჩამოვედი, ჭაბუკიანის რეკომენდაციით ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორად დამნიშნეს, ბატონი ვახტანგი კი სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.

- იმ პერიოდში საქართველოში ხელოვნებისთვის უმძიმესი წლები იდგა.

- ძალიან ცუდი დრო იყო... ვიღაცებს ჩემი თანამდებობა სურდათ და ჭაბუკიანისა და ჩემს დაპირისპირებას ცდილობდნენ. სკოლა სკოლას კი არა, პოლიტიკურ ბუდეს ჰგავდა. კულტურის მინისტრმა ნოდარ წულეისკირმა გამაფრთხილა, თანამშრომლები არ დაგვეთხოვა პოლიტიკური ნიშნით. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ სამსახური ყველასთვის შემენარჩუნებინა... შემდეგ "ზევიდან" პირდაპირი მითითება გასცეს, ზვიად გამსახურდიას დროს ვინც თანამდებობაზე იყო, ყველა უნდა გათავისუფლებულიყო. ქართველებსაც ერთმანეთის ქიშპობას არაფერი გვირჩევნია... 1992 წელს გამათავისუფლეს და 9 თვე უმუშევარი ვიყავი... შემდეგ, როგოც იქნა, გამომინახეს მუსიკისა და დრამის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერის თანამდებობა. უკვე ის დრო იყო, პური ნახევარი მილიონი კუპონი გახდა. ორი წელი გაყინულ ხელფასებზე ვმუშაობდი, დღესაც არა მაქვს აღებული. შემდეგ ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ შექმნა ხელოვნების ინსტიტუტი, სადაც კათედრის გამგე ვიყავი... ერთ დღეს ჩემმა-შვილმა, დათომ მითხრა (იმ დროს უკვე ჰიუსტონის საბალეტო დასის წამყვანი მსახიობი იყო), დროა, საზღვარგარეთ წახვიდეო... 2001 წელს მთელი ოჯახით აშშ-ში გავემგზავრეთ. აქ ძალიან ბევრი რამ გავაკეთე: საბალეტო სკოლას ვხელმძღვანელობ, ბევრი ხელოვანი აღვზარდე, ჯილდოც ბევრი მივიღე...

- თქვენი მეუღლე ბალერინაა?

- მარინა ჩემი მარჯვენა ხელია... ერთად არასოდეს გვიცეკვია, ის კორდებალეტში იყო, მაგრამ ჭაბუკიანი მუდამ სთავაზობდა წამყვან პარტიებს... სოლო უნდა ეცეკვა ზურაბ კიკალეიშვილის "ორფეოსი და ევრიდიკეში" და მაშინ დაიწვა ოპერის თეატრი. მარინამ ერთი კარგი სიტყვა თქვა და შეასრულა: არ მსურს ჩემი მეუღლის გვერდით ვიცეკვო და შევრცხვე როგორც ბალერინა, მირჩევნია, განთქმული შვილების დედა ვიყო, ვიდრე ცუდი მსახიობიო... 1975 წელს ვაჟი შეგვეძინა. მე იმ პერიოდში სადიპლომოს ვიცავდი. თეატრმა ოროთახიანი ბინა მომცა... ღირსების ორდენიც მივიღე, მაგრამ რად მინდა, როცა ღირსად არ მთვლიან, საქართველოში ვიმუშაო?! დაიბრუნონ ეს ღირსების ორდენი!

- თქვენი ვაჟის, დავით მახათელის მსოფლიო წარმატებებზე გვიამბეთ.

- მან ლოზანაში პირველი ადგილი აიღო, შემდეგ მოსკოვში, ხოლო პარიზში - მესამე ადგილი. მიღებული აქვს საბალეტო "ოსკარი" ნიუ-იორკში... მისი სახელი ინგლისში ერთ-ერთ ყვავილს უწოდეს. დათოს მეუღლეც ბალერინაა.

დათო 7 წელი იყო ჰიუსტონის თეატრის წამყვანი მსახიობი, შემდეგ - "როიალ ბალეტის". ინგლისში სცენაზე ავიდნენ დედოფალი და პრინცი ჩარლზი და პირადად მიულოცეს წარმატება. რამდენჯერმე ბუკინგემის სასახლეშიც მიიწვიეს. დღეს დავით მახათელი კომპანია "ცეკვა და მოცეკვავეებს" ხელმძღვანელობს, არის ჟიურის წევრი კონკურსებში, ატარებს გაკვეთილებს... ნინო ანანიაშვილმა ორჯერ მიიწვია საქართველოში და ერთად იცეკვეს სპექტაკლში.

- თქვენს ქალიშვილზეც გვიამბეთ...

- მაია ორი წლის უკვე დედამისის პუანტებით დარბოდა. 16 წლისა კოლორადოს თეატრის დასში მიიღეს. 18 წლის უკვე წამყვანი მსახიობი იყო ამერიკაში... 2005 წელს იაპონიაში მსოფლიო ვარსკვლავების გალა-კონცერტი ჩატარდა, სადაც დათო მიიწვიეს და პარტნიორად მაია წაიყვანა. ვარსკვლავებს შორის "ბრწყინვალე დუეტის" წოდება პრესამ დათოს და მაიას მიანიჭა... აქვს უამრავი ჯილდო და წოდება, მათ შორის ბალანჩინის რეპერტუარის საუკეთესო მოცეკვავის. მაიას მეუღლე და სცენური პარტნიორი რუსია, არტურ შესტერიკოვი, მშვენიერი ადამიანი და მრავალი ჯილდოს მფლობელი.

მანანა გაბრიჭიძე