რა სიმპტომები აქვს "ტკბილ სიკვდილს"? - ვინ აგებს პასუხს არასწორად დამონტაჟებულ გამათბობელზე?! - კვირის პალიტრა

რა სიმპტომები აქვს "ტკბილ სიკვდილს"? - ვინ აგებს პასუხს არასწორად დამონტაჟებულ გამათბობელზე?!

შარშან ნაძალადევში, ნაქირავებ ბინაში, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა. ქალი 7 თვის ფეხმძიმე იყო, როცა ახალგაზრდები აღარ გამოჩნდნენ, მეზობლებმა მოიკითხეს. ბინა მაშველებმა შეანგრიეს და... იმავე დღეებში დიდუბეში ძმებს, რომელთაგან უმცროსი 17 წლის იყო, მთელი დღე ჰქონდათ ჩართული ისეთი გამათბობელი, რომელიც ჟანგბადს ოთახიდან იწოვს. საღამოს შინ მისულ მამას ბიჭები დახოცილი დახვდა, დედა უცხოეთში იყო წასული სამუშაოდ...

ამ დროს აზრად არავის მოსდის, პასუხი აგებინოს მემონტაჟეს, რომელმაც საფრთხის შესახებ იცოდა და დამონტაჟებაზე მაინც არ თქვა უარი. სამართლებრივი სახელმწიფო რომ გვქონდეს, მსგავსი ქმედება კანონით უნდა ისჯებოდეს...

ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაცვალებამ (ე.წ. ტკბილმა სიკვდილმა) ჩვენს ქვეყანაში კატასტროფულად იმატა. ბუნებრივი აირით მოწამვლისას ადამიანი სიკვდილის საფრთხეს ვერ გრძნობს, სხეული ტკბილ ძილს ითხოვს და "იძინებს" კიდეც. ჩაძინებულები გონს მოუსვლელად იღუპებიან. მოსახლეობა კი სიცოცხლისთვის საშიში გამათბობლების გამოყენებას განაგრძობს - ასეთი მოწყობილობები აქტიურად იყიდება, რადგან არალიცენზირებული ლიცენზირებულზე იაფია. (იხილეთ: ფრთხილად! საშიში გამათბობლები!)

მართალია, ადამიანების ამგვარად გაგუდვის და დაღუპვის ფაქტები ბოლო პერიოდში თბილისში აღარავის უკვირს, მაგრამ დღევანდელი სიტუაციის და ცივი ზამთრის ფონზე აქტუალური გახდა კითხვა: რა შემთხვევაში და როგორ იწვევს სიკვდილს CO2?

ის უსუნო, მძიმე მხუთავი გაზია, რომელიც დახურული სივრცის, მაგალითად, ბინის ქვედა შრეებში გროვდება ,- ასე ახასიათებენ ქიმიკოსები ბუნებრივი აირის არასრული წვის შედეგად წარმოქმნილ ნახშიროჟანგს - CO2-ს, რომელმაც ბოლო პერიოდში თბილისში არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

უკანასკნელი სტატისტიკით, ბოლო სამ თვეში, გაზით ინტოკსიკაცია 122-მა ადამიანმა მიიღო, აქედან 8 შემთხვევა ფატალურად დამთავრდა.

როგორც მედიკოსები ამბობენ, სასიკვდილო შედეგი დახურულ სივრცეში CO2-ს შემცველობაზე, ანუ შესუნთქული გაზის დოზაზეა დამოკიდებული, "ჟანგბადის ტრანსპორტირება სისხლში აღარ ხდება და ავადმყოფი იღუპება ჰიპოქსიით - ჟანგბადის შიმშილით."

ჩნდება კითხვა, გრძნობენ თუ არა ადამიანები საფრთხის მოახლოებას და რა სიმპტომები ახასიათებს ნახშიროჟანგით მოწამვლას?

სამწუხაროდ, ადამიანი პრაქტიკულად ვერ გრძნობს როგორ იწამლება. შეიძლება იყოს მსუბუქი თავბრუსხვევა, მაგრამ ამას ხშირად მიაწერენ გადაღლილობას, რეალურად კი, ადამიანი ძილი ერევა, გადადის ძილის მდგომარეობაში, შემდგომ კი, სამწუხაროდ იღუპება.

მოკლედ, ყველაფერი შეუმჩნევლად ხდება და დამოკიდებულია იმაზე, მიუსწრებენ თუ არა გონება დაკარგულს დაღუპვამდე. გაგრძელება