"შსს-ს მოვალეობაა დაიწყოს გამოძიება, როდესაც ჩნდება ვიდეო, სადაც ორი ჯეელი ბოდიშს ახდევინებს ადამიანს ფოტოს გამო" - კვირის პალიტრა

"შსს-ს მოვალეობაა დაიწყოს გამოძიება, როდესაც ჩნდება ვიდეო, სადაც ორი ჯეელი ბოდიშს ახდევინებს ადამიანს ფოტოს გამო"

"ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა თუ კანონს არ არღვევს და არავიზე არ ძალადობს, რანაირი ფოტოც უნდა ისეთი გადაიღოს საკუთარ საცხოვრებელში და საჯაროდ გამოფინოს. გინდ შიშველი პოზირებდეს, გინდ ტიტველი და გინდ წურბელებით კისერზე"

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს შიშველი ბიჭი სვანეთში, კოშკების ფონზე. სურათს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს კი იმით დასრულდა, რომ სვანებმა ბიჭი იპოვეს, "დაელაპარაკნენ" და ბოდიშიც საჯაროდ მოახდევინეს. (ვიდეო)

ამ ამბავზე მეტად საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა "ფეისბუკში" "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, დავით ზურაბიშვილმა.

"სვანეთში შიშველი კაცის ფოტოსა და ბოდიშის მოხდის ამბავზედ მოგახსენებთ.

ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა თუ კანონს არ არღვევს და არავიზე არ ძალადობს, რანაირი ფოტოც უნდა ისეთი გადაიღოს საკუთარ საცხოვრებელში და საჯაროდ გამოფინოს. გინდ შიშველი პოზირებდეს, გინდ ტიტველი და გინდ წურბელებით კისერზე.

ასევე ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა შეაფასოს ეს ფოტო: ან მოიწონოს, ან დაიწუნოს, ან დაიწუწუნოს, ან გაიცინოს ან სულაც აღშფოთდეს და შეშფოთდეს, გადაგვარების გზაზეა ქართველობაო. ფოტოს გამოფენა თუ იმის ნებაა, ჩვენი ნებაა მისი შეფასება.

მაგრამ სახელმწიფოს, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უფლება კი არა და მოვალეობაა დაუყონებლივ აღძრას საქმე და დაიწყოს გამოძიება, როდესაც ჩნდება ვიდეო, სადაც ორი ჯეელი ბოდიშს ახდევინებს ადამიანს მის მიერ გადაღებული ფოტოს პეიზაჟური ფონის გამო. აქაოდა სიწმინდეების შეურაცხყოფა აწი არავის ეპატიება და თუ ვინმე მსგავს უმსგავსობას გაიმეორებს, მას სხვანაირად დაველაპარაკებითო, რადგან წინაპართა ადათ-წესები კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა დგასო. ამ დროს საქმის აღძვრას არანაირი დაზარალებულის ჩივილი არ ჭირდება, მით უმეტეს როცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფოტოს გადამღები ახალგაზრდა დაშინებული და დაშანტაჟებულია.

და როცა სახელმწიფო ამას არ აკეთებს, არ აღძრავს საქმეს, არ იბარებს დაკითხვაზე იმ ხალხს და საერთოდ არანაირად არ რეაგირებს, ეს უბრალოდ უტვინობა კი არ არის (თუმცა, არც უმაგისობაა), არამედ ძალადობის პირდაპირი წახალისება. ამით სახელმწიფო ეუბნება მოძალადეებს, თუ ისე დააშინებთ ვინმეს, რომ ის არ იჩივლებს, რაც გინდათ ის გიქნიათო. მთავარია დაშინება ეროვნული სიწმინდის დაცვის ეგიდით მოხდეს.

სწორედ ესაა ამ ამბავში რეალურად შემაშფოთებელი, როდესაც სახელმწიფო უწყება კრიმინალის მხარდამჭერი ხდება და არა თავად იმ მარაზმატული ფოტოს გამო კიდევ უფრო მარაზმატული ვიდეომობოდიშება", - წერს "ფეისბუკში" დავით ზურაბიშვილი

წყარო