"საქართველოში ნახევარი მილიონი ადამიანი ეწევა - მუშა, გლეხი, მთავრობაში, პარლამენტში, ყველგან" - კვირის პალიტრა

"საქართველოში ნახევარი მილიონი ადამიანი ეწევა - მუშა, გლეხი, მთავრობაში, პარლამენტში, ყველგან"

10 დეკემბერს "თეთრი ხმაურის" მოძრაობამ ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართა.

აქციაში დაახლოებით 50-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა. აქციის მიზანია, მოუწოდოს პარლამენტს და მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს, დაიწყონ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით.

აქცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმარა და მისი სახელწოდებაა "დეკრიმინალიზაცია 2016".

მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს თარიღი უნდა იქცეს 10-წლიანი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სიმბოლური დასასრულის დღედ.

აქციაზე იმყოფებოდა ყოფილი პარლამენტარი გოგა ხაჩიძე.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს და საქართველოს შეუძლია რეგიონული ლიდერის პოზიციაში აღმოჩნდეს ნარკოტიკებისადმი ლიბერალური მიდგომის თვალსაზრისით.

"აქ მოვედი იმიტომ, რომ ამის მორალური უფლებაც მაქვს. აღარ მიცავს სადეპუტატო იმუნიტეტი, მოვედი იმიტომ, რომ რაც ქვეყანაში ხდებოდა და ხდება, მარაზმია და შესაცვლელია. მოვედი იმიტომ, რომ ხმა მივაწვდინო ჩვენს მთავრობას, ის ნარკოპოლიტიკა, რომელიც ქვეყანაშია, არქაული, რეპრესიული და შესაცვლელია. საქართველოში გაერო-ს მონაცემებით ნახევარი მილიონი ადამიანი ეწევა. ეს ადამიანები ვართ ყველგან. ეწევა მუშა, გლეხიც, მთავრობაში, პარლამენტში, ყველგან. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, შეუძლებელია ასეთ ფარისევლობაში ვიცხოვროთ, რომ ამდენი ადამიანი მომხმარებელი იყოს, იმალებოდეს და მთავრობა ატარებდეს რეპრესიულ პოლიტიკას. ეს შეიცვლება, უბრალოდ, საკითხია იმაში, რაც შეიძლება მალე შევცვალოთ და რეგიონული ლიდერის პოზიციაში აღმოვჩნდეთ ნარკოტიკებისადმი ლიბერალური მიდგომის თვალსაზრისით".

აქცია ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. საპატრულო პოლიცია ცდილობდა აქციის მონაწილეების რუსთაველის გამზირიდან გაყვანას.

პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე ავტომანქანაში ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა. აქტივისტები კი ცდილობდნენ მოძრაობის შეფერხებას და გზის გადაკეტვას.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით