"ვიმედოვნებთ, რომ ბრალდებულის ოჯახს არ დაეკისრება მისი დანაშაულის ტვირთი" - რას წერს საქართველოში მოკლული ამერიკელის ოჯახი? - კვირის პალიტრა

"ვიმედოვნებთ, რომ ბრალდებულის ოჯახს არ დაეკისრება მისი დანაშაულის ტვირთი" - რას წერს საქართველოში მოკლული ამერიკელის ოჯახი?

"ბოლო ორი კვირაა თბილისში ვარ. არ ვგეგმავდი საქართველოს დედაქალაქში ამდენ ხანს გაჩერებას, მაგრამ ძალიან მაცდური ქალაქია. კარგი ადგილია განსატვირთად და დასასვენებლად და ჩემი სხეულის განსაკურნებლად. მჯერა ისეთი ურთიერთობები დავამყარე, რომელიც მომავალში ნაყოფს გამოისხამს. ხვალიდან ისევ დავიწყებ სიარულს", - ეს ბოლო ჩანაწერია ამერიკელი მოგზაურის ფრიც მუსერის "ფეისბუკგვერდზე" და 2016 წლის 2 აგვისტოთი თარიღდება...

საქართველოში ჩამოსვლა საბედიწერო გამოდგა 41 წლის ფრიცისთვის. 12 აგვისტოს თუსეთისკენ მიმავალ გზაზე მისი მოგზაურობა სამუდამოდ დასრულდა.

გამოძიების ინფორმაციით, "თელავი-ფშაველი-თუშეთის საავტომობილო გზაზე მთა-თუშეთისკენ ფეხით მიმავალ ტურისტს, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფრიც ვოლფგანგ მუსერს დაემგზავრა მიხეილ ჭინჭარაშვილი. დაახლოებით 20:00 საათზე, გზის მე-18 კილომეტრზე, ჭინჭარაშვილსა და მუსსერს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც მიხეილ ჭინჭარაშვილმა ფრიც ვოლფგანგ მუსერს დანით სხეულის სხვადასხვა არეში 16 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის რამდენიმე გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ფრიც ვოლფგანგ მუსერი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა".

ბრალდებული სამართალდამცველებმა მეორე დღეს დააკავეს, მკვლელობიდან 4 თვის შემდეგ, 8 დეკემბერს თელავის რაიონულმა სასამართლომ აშშ-ს მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ფრიც მუსერი ივლისის შუა რიცხვებში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა საქართველოში და ქვეყნის სხვადასხვა ადგილების მონახულებას აპირებდა. მოხალისე ფერმერული საქმიანობით და ადგილობრივების კულტურის გაცნობით იყო დაინტერესებული.

მკვლელობის საქმის დახურვასთან დაკავშირებით ფრიც ვ. მუსერის ოჯახმა განცხადება გაავრცელა:

"გუშინ იყო სევდიანი, მაგრამ ამავე დროს იმედისმომცემი დღე მათთვის, ვისაც უყვარდა ფრიც ვ. მუსერი. სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც აღიარა ფრიცის სიცოცხლის ხელყოფა, ჩვენ დავასრულეთ დაუგეგმავი მოგზაურობის ერთი ეტაპი, რომელიც 12 აგვისტოს მოულოდნელად დაიწყო. მადლობელი ვართ პოლიციის და სასამართლოს ძალისხმევის, ასევე მათი, ვინც მხარი დაგვიჭირა მოგზაურობის ამ მონაკვეთში. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენს ოჯახში რჩება აუნაზღაურებელი დანაკარგი. წარმოუდგენელია, რომ ვეღარასდროს ვნახავთ ფრიცის სულელურ ღიმილს, ვერ დავტკბებით მისი ცოცხალი და გამჭრიახი დამოკიდებულებით ცხოვრებისადმი, ვეღარ მოვესწრებით მის გულწრფელ მზრუნველობას და თამაშს მოსიყვარულე დისშვილებთან. თავს ვინუგეშებთ იმ ფაქტით, რომ ფრიცი დაიღუპა 11 წლის წინ ჩაფიქრებული ოცნების ახდენისას - კავკასიის მთებზე კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე ლაშქრობისას.

როდესაც ფრიცი ლაშქრობის ამ მონაკვეთს ფიზიკური თანამგზავრის გარეშე გადიოდა, ის არ იყო მარტო. ფრიცი მუდამ იძენდა ახალ მეგობრებს და ინარჩუნებდა კავშირს ძველ მეგობრებთან, ისევე როგორც სხვა მოგზაურობების დროს 60-ზე მეტ ქვეყანაში, 5 სხვადასხვა კონტინენტზე. ფრიცისთვის დიდი სიხარული იყო სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებთან კავშირების დამყარება, მათგან სწავლა და ერთად ცხოვრების გამოცდა. ამ კავშირების სიძლიერე გამოჩნდა ფრიცის დაღუპვის შემდეგაც, ფრიცის სახსოვრად სანთლები დაინთო და ცრემლები დღემდე იღვრება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ფრიცს სწამდა ყოველი ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობის, ადამიანური ბუნების თანდაყოლილი სიკეთისა და თითეული ადამიანის პოტენციალის, შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ურთიერთგაგების ხიდების შექმნა, ფრიცის დატოვებული ხიდები კი იზრდება და ვითარდება მისი დაღუპვის შემდეგაც.

ფრიცი მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებსა და გონებაში. სანამ მისი დაღუპვის მძიმე გარემოებების იარებს ვიშუშებთ, გვსურს პატივი ვცეთ მის დამოკიდებულებას აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართ. ახლა როდესაც სასამართლო

ვერდიქტი დადგა და განაჩენი გამოტანილია, ჩვენი სურვილია დამნაშავეს ხელი მიუწვდებოდეს იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ფრიცი სხვებისთვის ქმნიდა: მხარდაჭერა ხანგრძლივი პირადი ცვლილებებისთვის, რომლებიც ინდივიდუალურ, ოჯახურ და გლობალურ ჭრილში აისახება. (გაგრძელება)