"ოჯახში უმეტესობა ქართველები ვართ და ვერავინ გადაგვარჯულებს, რომც მოინდომოს" - კვირის პალიტრა

"ოჯახში უმეტესობა ქართველები ვართ და ვერავინ გადაგვარჯულებს, რომც მოინდომოს"

"ყველა თავად განკარგავს საკუთა ცხოვრებას, არ ვაპირებ სხვის სულში ხელის ფათურს, მაგრამ მსურს, პაატა კვლავაც ოპერის სცენას ამშვენებდეს"

"ქართულ-რუსული ურთიერთობები დაძაბული ზედა ეშელონებში რჩება, უბრალო ხალხი თბილად და კარგად ვართ ერთმანეთთან"

"თბილისელი მაყურებელი რომ მიყვარს და მათაც ვუყვარვარ, ამას ლაპარაკი არ უნდა. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ქართულ სცენებზე გამოსვლა და შეხვედრა ჩემს საყვარელ მსმენელთან", - გვითხრა აღიარებულმა ქართველმა საოპერო მომღერალმა ზურაბ სოტკილავამ, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევის შემდეგ, კვლავაც აგრძელებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. მას სასაუბროდ მოსკოვში დავუკავშირდით...

- ჯერჯერობით საქართველოში ვერ ვახერხებ ჩამოვლას. ღვთის წყალობით, თუ ყველაფერი კარგად იქნა, ვფიქრობ, გაზაფხულზე - მარტში ან აპრილში ჩამოვიდე... საქველმოქმედო კონცერთან დაკავშირებით გეგმები მაქვს, ვნახოთ რამდენად შევძლებ განვახორციელო. მე და ვახტანგ კახიძეს გვაქვს გარკვეული პროგრამა, მაგრამ ამაზე მეტს ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით.... ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები ჩემს მონატრებულ ქართველ მსმენელს.

- ახლოვდება ახალი წელი... სად და როგორ შეხვდებით დღესასწაულს?

- სამი კვირით ესპანეთში, ჩემს შვილიშვილებთან მივდივარ. ახალ წელს მათთან ერთად შევხვდები. რა თქმა უნდა, დღესასწაულს ქართული ტრადიციით აღვნიშნავთ, ოჯახში უმეტესობა ქართველები ვართ და ვერავინ გადაგვარჯულებს, რომც მოინდომოს (იცინის)... ეგ კი არა,  ესპანელი სიძეც გავაქართველეთ. იქ ბევრი ესპანელი მეგობარი მყავს, რომლებსაც საქართველო, ქართველი ხალხი და ქართული მუსიკა ძალიან უყვართ.

- თქვენს მოგონებებში ალბათ განსაკუთრებული ადგილი აფხაზეთს უჭირავს...

- აფხაზეთში დავიბადე და გავიზარდე, იქაური ვარ და რომ მიყვარს, რა გასაკვირია! სულ მახსოვს ჩემი ქალაქი, ჩემი ხალხი. მეგონა, რომ არსად არსებობდა ასეთი საოცარი ადგილი, ხალხი, ასეთი სითბო და სიყვარული, რაც სოხუმში ტრიალებდა, მაგრამ... ხალხს ერთმანეთში დიდი სიყვარული და მეგობრობა გვქონდა... განსაკუთებულად მახსოვს თოვლიანი სოხუმი და მენატრება... მახსოვს, 1949 წელს იყო ყველაზე დიდი თოვლი. თეთრი თოვლში მწვანე პალმები და ცისფერი ზღვა საოცარი სანახავი იყო. ძალიან მენატრება...

- მოსკოვში ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდით ქართველ სტუდნტებს, ამჯერად გყავთ ქართველი მოწაფეები?

- დიახ! ორი ძალიან კარგი სტუდენტი მყავს - ელენა და გოჩა. ჯერ არ მინდა მათი გვარების დასახელება, იმდენად კარგები არიან, მალე მათ გვარ-სახელებს ჩემ გარეშეც ყველა გაიგებს.

- ქართული-რუსული ურთიერთობები კვლავაც დაძაბულია...

- ქართულ-რუსული ურთიერთობები დაძაბული ზედა ეშელონებში რჩება, უბრალო ხალხი ერთმანეთთან თბილად და კარგად ვართ - იქნება ეს კონსერვატორიის პროფესორები, მომღერლები თუ სხვა.. უამრავი ხალხი იყო წელს საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული და უკან აღტაცებული დაბრუნდა, ყველაფერი იმით, რაც ჩვენს ქვეყანაში ნახეს.

- თქვენი ქართველი კოლეგებიდან ვისთან ურთიერთობთ ყველაზე მეტად?

- სამწუხაროდ, ჩემი თაობიდან ძალიან ბევრი ქართველი კოლეგა გამოგვაკლდა. უფრო ახალგაზრდებთან ვმეგობრობ. ძალიან ახლოს ვარ მაყვალა ქასრაშვილთან - მეგობარი კი არა, ფაქტობრივად, ჩემი დაა. განსაკუთრებულად ახლოს ვარ ასევე ბადრი მაისურაძესთან. მოგეხსენებათ, ბადრი ახლახან თბილისის ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. მე მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ და რაც შემეძლება, ყოველთვის გვერდით დავუდგები. საერთოდ დღეს ძალიან რთული მდგომარეობაა კლასიკურ მუსიკაში. ჩემს დროს ძალიან დიდი პროპაგანდა იყო ამ ჟანრის. პოპულარიზაციას განსაკუთრებულად ხელს უწყობდა ტელევიზია, რაც დღეს აღარ ხდება. მესმის ახალგაზრდების, რომელთაც მსუბუქი მუსიკა უყვართ, მაგრამ ას გადაცემაში ერთხელ მაინც ხომ სადღაც უნდა ჟღერდეს სერიოზული მუსიკა?!

კლასიკური მუსიკის მსახურება დიდ ენერგიას მოითხოვს. პატიოსნად უნდა ემსახურო ამ საქმეს და გულით გიყვარდეს ნაწარმოები, რომელსაც ასრულებ. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ხალხის ნდობა და სიყვარული. ცხოვრებაშიც აუცილებლად სუფთა უნდა იყო!

- ძალიან გტკიოდათ გული, როდესაც პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა.. ამბობდით, ბანის კარიერისთვის ჯერ ახალგაზრდაა და კიდევ დიდ ხანს უნდა ამშვენებდეს სცენასო...

- დღესაც იგივეს ვფქირობ! ეს ბუმბერაზი ბუნების პატრონი, ვფიქრობ, ისევ სცენას უნდა დაუბრუნდეს! ყველა თავად განკარგავს საკუთარ ცხოვრებას და არ ვაპირებ ვინმეს სულში ხელის ფათურს, მაგრამ მსურს, რომ ის კვლავაც ოპერის სცენას ამშვენებდეს! მჯერა, რომ უარს იტყვის პოლიტიკაზე და მისი ხელოვნების მილიონობით თაყვანისმცემელს კვლავ გაახარებს! კარგა ხანია პირადად არ შევხვედრივარ, ცოტა ხნის წინ დამირეკა, მაგრამ ამ საკითხზე არ გვისაუბრია.

- საუბრის დასასრულს ისევ საახალწლო განწყობას რომ დავუბრუნდეთ...

- ჯანმრთელობიდან მდგომარეობის გამო განსაკუთრებული რეჟიმი მაქვს... წელს ღვინოს ვერც გავსინჯავ, თუმცა სულით და გულით გილოცავთ დამდეგ შობა ახალ-წელს და გლოცავთ! გაიხარეთ!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)