"მაგაზე მაშინ დამითანხმებ, მეზობლის ბავშვი მთვარეზე ფეხს რომ დაადგამსო" - ვის და რატომ უსურვა არმსტრონგმა წარმატება მთვარეზე ფეხის დადგმისთანავე?! - კვირის პალიტრა

"მაგაზე მაშინ დამითანხმებ, მეზობლის ბავშვი მთვარეზე ფეხს რომ დაადგამსო" - ვის და რატომ უსურვა არმსტრონგმა წარმატება მთვარეზე ფეხის დადგმისთანავე?!

"სამი ამბავი - დათო ტურაშვილისგან" - ამ სათაურით ჟურნალი "გზა" სამ სახალისო ამბავს აქვეყნებს, რომელთაგან ერთს გთავაზობთ:

ფელაციო

- ლეგენდარულმა ამერიკელმა ასტრონავტმა - ნილ არმსტრონგმა მთვარეზე ფეხის დადგმისას, მთელი სამყაროს გასაგონად თქვა ფრაზა, რომელიც ჯერ კიდევ ვაშინგტონში, მთვარეზე გაფრენამდე კარგა ხნით ადრე, სპეციალურად ამ მომენტისთვის, წინასწარ მოუმზადეს. თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად, ეთერში გაისმა დედამიწასთან შეუთანხმებელი ტექსტიც, რომლითაც არმსტრონგმა ვიღაც თანამოქალაქეს მიმართა: Good luck, mister Gorsky!..

მათ შორის, ვინც ქვემოდან გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს მთვარეზე მოვლენების განვითარებას, ვერავინ გაიგო, რას ნიშნავდა ასტრონავტის ბოლო სიტყვები, ვინ იყო მისტერ გორსკი და რატომ უსურვებდა მას არმსტრონგი წარმატებას.

დედამიწაზე დაბრუნებისთანავე, პირველ პრესკონფერენციაზე, ასტრონავტს სწორედ ამ მოულოდნელი ფრაზის ახსნა სთხოვეს, მაგრამ ნილ არმსტრონგმა ბოდიში მოიხადა, - მისტერ გორსკი ჯერ ცოცხალია და ვერაფერს გეტყვითო... რამდენიმე წლის შემდეგ, მისტერ გორსკი ცოცხალი რომ აღარ იყო, არმსტრონგმა მთვარეზე წარმოთქმული მოულოდნელი ფრაზის საიდუმლოს ფარდა ახადა: თურმე, გორსკები არმსტრონგების მეზობლები იყვნენ ბავშვობაში და ერთხელ თამაშისას, ბურთი რომ გორსკების ეზოში გადავარდა, პატარა არმსტრონგი ღობეზე გადაძვრა და ფარდაჩამოუფარებელი ფანჯრიდან ოთახში უცნაური სცენა დაინახა: მისტერ გორსკი ცოლს ორალურ სექსზე (ფელაციო) დათანხმებისაკენ უბიძგებდა (რომ გავიზარდე, მერე მივხვდიო, არმსტრონგმა) და ცოლი ღიმილით პასუხობდა, - მაგაზე მაშინ დამითანხმებ, მეზობლის ბავშვი მთვარეზე ფეხს რომ დაადგამსო (ამ გამოთქმას ჩვენშიც აქვს შესატყვისი - ვირი ხეზე ავაო).

პატარა არმსტრონგს იმდენად დაამახსოვრდა ბავშვობაში მოსმენილი ფრაზა, რომ მთვარეზე დადგა თუ არა ფეხი, მაშინვე გაახსენდა გაწამებული მეზობელი და წარმატებაც უსურვა: Good luck, mister Gorsky!..

პ.ს. გენიალური ასტრონავტი, სხვათა შორის, თბილისშიც არის ნამყოფი და თვითმხილველთა გადმოცემით, ძალიან მოეწონა ქართული ღვინო, მაგრამ რამდენიმე ჭიქის შემდეგ, სუფრიდან მაინც იპარებოდა ხოლმე და თურმე, ისევ მთვარეს უყურებდა ცრემლიანი თვალებით. (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 15 დეკემბრის ნომერში)

ნანული ზოტიკიშვილი