"გაივლი ასობით კონკურსს.. მაგრამ გხვდება დიდი ბუა - გასაუბრება და ნეპოტიზმით დაავადებულ ქვეყანაში, დასაქმების არანაირი შანსი არ გაქვს" - კვირის პალიტრა

"გაივლი ასობით კონკურსს.. მაგრამ გხვდება დიდი ბუა - გასაუბრება და ნეპოტიზმით დაავადებულ ქვეყანაში, დასაქმების არანაირი შანსი არ გაქვს"

რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა პოეტმა ნიკა ჩერქეზიშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. მისი განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ის უსამართლოდ გაათავისუფლეს და ამის ფონზე, ახალგაზრდა პოეტმა კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო.

ნიკა ჩერქეზიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტიდან ექვსთვიანი გამოსაცდელი სამუშაო ვადის ამოწურვამდე გაათავისუფლეს. ჩერქეზიშვილი აცხადებს, რომ მისი დათხოვნის მიზეზად არაპროფესიონალიზმი და კონფლიქტური ხასიათი დასახელდა. მისი თქმით გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ "გარკვეული ადამიანის ჯგუფს დეპარტამენტის უფროსის დონეზე ჩაუვარდა ძალაუფლება და ეს გამოიყენეს ძალიან ბოროტად, ამ ადამიანის უპასუხისმგებლობას აყვა ზემდგომი პირებიც".

საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე ის იუსტიციის სამინსიტროს ამავე დეპარტამენტში მუშაობდა დაახლოებით 12 წლის განმავლობაში.

"გაივლი ასობით კონკურსს, სადაც თითქმის ყველგან გადალახავ ტესტირების საფეხურს, მაგრამ იქ გხვდება დიდი ბუა - გასაუბრება და ნეპოტიზმით დაავადებულ ქვეყანაში, დასაქმების არანაირი შანსი არ გაქვს. სადაც, უამრავი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნება, გააღწევ ერთ-ერთი კონკურსიდან, იმუშავებ ასე თორმეტი წლის განმავლობაში და ეტაპ-ეტაპ ახვალ გარკვეულ დონემდე, საიდანაც უკვე შეგიძლია ადამიანური პირობები შეუქმნა მოხუცებულ მშობლებს, მცირეწლოვან შვილს და უცებ, შესაძლოა გამოჩნდეს ოთხი-ხუთი კაცი, ვისაც საკუთარი მამისა თუ ბიძის კანტორა ჰგონია ადმინისტრაციული ორგანო, რომელთაც ვიღაცის დაუდევრობით ჩაუვარდათ ხელში ძალაუფლება, მას ბოროტად იყენებენ და უსამართლოდ გათავისუფლებენ სამსახურიდან", - ამბობს ნიკა ჩერქეზიშვილი.

ნიკა ჩერქეზიშვილმა მიმართა სასამართლოსაც, თუმცა მისივე თქმით, სამსახურში აღდგენის საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლომ უარყოფითი დასკვნა გამოიტანა. თუმცა, იგი სარჩელის შეტანას ამჯერად სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

"მოთხოვნა: დამიბრუნონ, რაც უკანონოდ წამართვეს - სამსახური, რადგან გუშინ არ ჩამოვფრენილვარ ციდან და დღეს არ ვითხოვ დასაქმებას. ეს არის ჩემი და მთლიანად ჩემი ოჯახის მრავალწლიანი წვალების შედეგი. სხვანაირად ვერ ვიპოვიდი საკუთარ თავში მორალურ უფლებას მომეთხოვა რამე, რადგან ქვეყანაში ჩემ გარდა ათასობით უმუშევარია და ნამდვილად არ მგონია, ვინმეზე რამით მეტი ვიყო.

თითქმის წელიწადნახევარია გავდივარ სხვადასხვა კონკურსებზე და მიუხედავად ნაჩვენები დადებითი შედეგებისა, ვერ ვიწყებ მუშაობას, იმის გამო, რომ გაფუჭებული და გაშავებული მაქვს პირადი საქმე. ამ მოცემულობით, ფაქტობრივად, შანსი არ მაქვს, რომ დავსაქმდე და ვაკეთო ის საქმე, რაც მიყვარს და რაც კარგად ვიცი.

მოკლედ, გავდივარ და ვდგები სახელმწიფო კანცელარიის წინ და ტრაქტორსაც რომ გამომაბან, ვერავინ დამძრავს იქიდან, ვიდრე ჩემი სამართლიანი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. გავდივარ შიშველი ხელებით, საკვების, კარვის, პლედისა და ყოველგვარი, სხვა ასეთ პირობებში აუცილებელი საჭიროებების გარეშე. მივალ და დავდგები უბრალოდ, როგორც ზევით უკვე აღვნიშნე, აბსოლუტურად მშვიდობიანი ფორმით!", - წერს ნიკა ჩერქეზიშვილი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 დეკემბერს გაავრცელა განცხადება. უწყებამ მზადყოფნა გამოთქვა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილთან შეხვედრის შესახებ.

"ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა 2015 წლის 1-ელი მაისიდან, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან.

დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის შესაბამისად, მოსამსახურე შეიძლება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სათანადოდ დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე. ასე მოხდა ბ-ნ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის შემთხვევაშიც, მისი განთავისუფლება მოხდა სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით. მოგეხსენებათ, რომ ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თითოეული თანამშრომელი. ბატონი ნიკას სამსახურში აყვანა, ისევე, როგორც მისი შემდგომი გათავისუფლება, მოხდა კანონის სრული დაცვით. 
 ჩვენ მოვუწოდებთ მას, შეწყვიტოს პროტესტის ეს ფორმა და გამოვთქვამთ მასთან შეხვედრის გამართვის მზადყოფნას", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკა ჩერქეზიშვილის საქმეს გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციაც.

საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, არაერთი შეხვედრა გამართეს ნიკოლოზ ჩერქეზიშვილთან, რომელიც, საჯარო სამსახურში დასაქმების მოთხოვნით მჯდომარე აქციას მართავს. პროტესტის პირველივე დღიდან, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს შენობაში შესვლა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან, მუდმივად მორიგეობს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს განემარტა, რომ საგარეო უწყებაში მისი საქმიანობის შეწყვეტა სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით განხორციელდა და ამაზე მოწმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლითაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ამასთან, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს მონაწილეობა მიღებული აქვს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის პირველი ეტაპიც გაიარა, თუმცა, არაერთი შეტყობინების მიუხედავად, მეორე ეტაპზე - ტესტირებაზე არ გამოცხადდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს, რომელსაც საჯარო სამსახურში დასაქმების სურვილი აქვს, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა შეხვედრებზე მკაფიოდ განუმარტეს, რომ ამის მიღწევის ერთადერთი გზა კონკურსში მონაწილეობაა. აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს, ამჟამად ვაკანსია საჯარო სამსახურის 213 პოზიციაზე აქვს გამოცხადებული, მათ შორის, შესყიდვების მიმართულებით. საჯარო სამსახურის ბიურო განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმების ერთადერთი, რეალური საშუალება სწორედ კონკურსში მონაწილეობაა. ამის მიუხედავად ჩერქეზიშვილის მოთხოვნად რჩება იუსტიციის სამინისტროში დასაქმება, რაც ვერ განხორციელდება შესაბამისი ვაკანსიის არსებობის და კონკურსის გავლის გარეშე”, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.