"აუფ, შენგან, ბაბუ, ქართველი არ გამოვა..." - როგორ აღმოჩნდა ნიაზ დიასამიძე ფილმში "ფესვები"? - კვირის პალიტრა

"აუფ, შენგან, ბაბუ, ქართველი არ გამოვა..." - როგორ აღმოჩნდა ნიაზ დიასამიძე ფილმში "ფესვები"?

"ამქვეყნად იმიტომ გავჩნდი, რომ "ფესვები" შემექმნა!" - ამბობდა გუგული მგელაძე... ფილმი 1987 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე და დღესაც ისევ ძველებურად აღელვებს მაყურებელს. ფილმში არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნეს მსახიობებმა, რომელთა შორის აღმოჩნდა 13 წლის ნიაზ დიასამიძეც.

"ყველა სადღეგრძელოს, ბაბუ, თავისი სიმღერა ახლავს. პირველად სამშობლოს სადღეგრძელოს სვამენ, მერე - მანდილოსნების. ქალებს საერთოდ ჩვენში დიდ პატივს სცემენ.

- კაცებს?

- კაცებსაც სცემენ პატივს, მაგრამ კაცმა ძალიან რომ გაგაბრაზოს, შეიძლება ხელიც გაარტყა. ქალს ხომ ვერ ჰკადრებ ამას?!

- რეიზა, ბაბუ?

- აუფ, შენგან, ბაბუ, ქართველი არ გამოვა..."

ბაბუა-შვილიშვილის ეს სენტიმენტალური დიალოგი ფილმიდან "ფესვები" ყველას კარგად ახსოვს. ის პატარა ბიჭი, რომელიც დოდო აბაშიძის მიერ განსახიერებული გმირის შვილიშვილია, დღეს უკვე ცნობილი მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე გახლავთ. ეს მისი ერთადერთი კინოროლია.

- გუგული მგელაძემ გადაწყვიტა, რომ ეს როლი მე მეთამაშა. მაშინ 13 წლის ვიყავი. გადაღებები პარიზში მიმდინარეობდა, მე კი ბებია იქ მყავდა. ფილმი რაღაც ასპექტში ჰგავს ჩემი ოჯახის ისტორიას (დედის მხრიდან). მათაც იწვნიეს ემიგრაცია. მე სერგი ჭილაიას შვილიშვილი გახლავართ, რომლის მამაც 1921 წელს გაემგზავრა ემიგრაციაში, სერგი იქ გაიზარდა და დოდო აბაშიძის პერსონაჟისგან განსხვავებით, უკან დაბრუნდა. სერგის მშობლები ვერ დაბრუნდნენ...

გადაღებები ძალიან კარგად მახსოვს - ზამთარი იყო, არდადეგები არ მქონდა და მიხაროდა, სკოლა რომ გავაცდინე. ბებიაც ვნახე, ბიძებიც და კარგი მოგზაურობაც გამომივიდა - თან კინოში, თან პარიზში.

დოდო იყო ძალიან მაგარი ადამიანი. ალბათ ისეთი, ერთხელაც რომ შეგხვდეს, მთელი ცხოვრება დაგამახსოვრებს თავს. მის გვერდით არ მოიწყენდი. მე ბავშვი ვიყავი, მაგრამ მაინც ვიმეგობრეთ. ფილმში ჩვენ რომ კრიმანჭულს ვმღერით, რეალურად "ჟუჟუნა წვიმას" ვმღეროდით ხმებში, მაგრამ რადგან ფილმში გურული თემა მუსირებდა, დაადეს სხვისი ხმა და გურული კრიმანჭულით ჩაანაცვლეს. საინტერესო იყო ფილმზე მუშაობა, თუმცა შემდგომში მსახიობობაზე არ მიფიქრია. მეუღლე კი შემხვდა მსახიობი.

იხილეთ სრულად