ქალი, რომელიც სხვათა დასახმარებლად არც უამინდობას, არც სიბნელეს და არც უგზოობას არ უშინდება - კვირის პალიტრა

ქალი, რომელიც სხვათა დასახმარებლად არც უამინდობას, არც სიბნელეს და არც უგზოობას არ უშინდება

"ვიღაც ხომ მაინც უნდა დარჩეს სოფლად და მიხედოს აქაურობას"

"ზამთარში, დიდი თოვლის გამო ცხენი ვერ დადის, ამიტომაც თხილამურებით მიწევს პაციენტებთან სიარული"

პროფესიით ექთანმა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მშობლიურ სოფელს მიაშურა და დღემდე ზამთარსა და ზაფხულში, განურჩევლად დღისა და ღამისა, თანასოფლელებს უანგაროდ ეხმარება... ქეთინო სოროზანიშვილი 35 წელია ჩოხატაურის რაიონის მაღლამთიან სოფელ ზემო სურების მაცხოვრებლებს პირველად დახმარებას უწევს და ხშირად ექიმის ფუნქციებსაც ითავსებს. თანასოფლელები სასწრაფოს ნაცვლად ქეთინო ექთანს უკავშირდებიან და მის გამოჩენას მოუთმენლად ელიან. სოფელს ექიმი არ ჰყავს, ზამთარში დიდთოვლობის და წელიწადის სხვა დროს უგზოობის გამო სასწრაფო ბრიგადას ამოსასვლელად რამდენიმე საათი სჭირდება. ქეთინო ექთანს ადგილობრივები ზემო სურების ერთადერთ იმედს უწოდებენ...

- სკოლა ამ სოფელში დავამთავრე. ჩავაბარე ოზურგეთის სამედიცინო სასწავლებელში, პროფესიით, ოჯახის ექთანი ვარ. ზემო სურებში მუშაობა 1981 წლიდან დავიწყე. მას მერე 35 წელი გავიდა... მაშინ სოფელში ამბულატორია კი იყო, მაგრამ ექიმისა და ექთნის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ექიმობაზე ვოცნებობდი, სწავლა ვეღარ გავაგრძელე. თავიდან ვდარდობდი, მაგრამ დღეს გული უკვე აღარ მწყდება იმიტომ, რომ ადამიანების დახმარებას მაინც ვახერხებ, რის გამოც, ღმერთის მადლობელი ვარ.

- პაციენტებთან მართლა ცხენით დადიხართ?

- დიახ, ჩემი ტრანსპორტი ცხენია, თუმცა ზამთარში, დიდი თოვლის გამო ცხენი ვერ დადის და ამიტომაც თხილამურებით მიწევს პაციენტებთან სიარული. დასახმარებლად ტელეფონზე მირეკავენ და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სადაც არ უნდა ვიყო, ყველაფერს თავს ვანებებ და სასწრაფოდ მივდივარ. ბევრჯელ ყოფილა პაციენტთან დილით წასული, შინ საღამოს დავბრუნებულვარ. როცა გვიან მიწევს გასვლა, მეზობელს ან ოჯახის წევრს გავიყოლებ ხოლმე, რადგან ზამთარში ნადირი ბევრია, მაგრამ დასახმარებლად აუცილებლად უნდა წავიდე, შუაღამე რომც იყოს. ასეთ პირობებში მუშაობა ძნელია, მაგრამ მიყვარს ჩემი საქმე და თანასოფლელებსაც უანგაროდ ვეხმარები. ჩოხატაურიდან ზემო სურები 30 კილომეტრითაა დაშორებული, ცუდი გზის და თოვლის გამო სასწრაფოს მოსვლას რამდენიმე საათი სჭირდება, ამიტომაც სასწრაფოს გამოძახებას ხშირ შემთხვევაში  აზრი არ აქვს.

კარგ ამინდში კვირაში რამდენჯერმე ჩოხატაურიდან ამოდის ექიმი, თუმცა ზამთარში იქიდან ამოსვლა ძალიან ჭირს.

- ვთქვათ პაციენტის გადაყვანა სასწრაფოდ გახდა საჭირო, ამ დროს რა ხდება?

- პირველ დახმარებას მე ვუწევ, მერე კი ველოდებით სასწრაფოს. დაგვიანებით კი მოდის, მაგრამ სხვა გზა არ არის... ყოფილა ასეთი შემთხვევაც მშობიარე ქალი მიმიღია და მიმშობიარებია. მახსოვს, ერთ ზამთარს მძიმე პაციენტი მყავდა, ჩემ ხელთ არსებული პირობებით ვერ გავუწევდი დახმარებას, სასწრაფო გამოვიძახეთ. საკაცით წავიყვანეთ ლამის ერთ მეტრ თოვლში იმ ადგილამდე, სადაც სასწრაფოს ბრიგადამ მოახერხა მოსვლა...

- რანდენი მაცხოვრებელია სოფელში?

- სოფელში სულ 110 კომლია. ზამთრობით ბევრი ოჯახი მიდის აქედან. ზამთარი ხანგრძლივი იცის, ვისაც სოფელი უყვარს და რთულ პირობებს ეგუება, ისინი რჩებიან. აქ ცხოვრება რთულია, მაგრამ რას ვიზამთ, ვიღაც ხომ მაინც უნდა დარჩეს სოფლად და მიხედოს აქაურობას. მუდმივად ვინც აქ ვრჩებით, მიჩვეული ვართ რთულ პირობებს. ზამთრისთვის ვიმარაგებთ საჭირო პროდუქტს, მედიკამენტებს და გაგვყავს ზამთარიც. მიყვარს ჩემი სოფელი და ასეთი სირთულეების მიუხედავად, ვერასოდეს ვიცხოვრებ სხვაგან.

- გარდა თანასოფლელების დახმარებისა, სხვას რას საქმიანობთ?

- ორი შვილი მყავს. ერთი მაგისტრატურას ამთავრებს წელს, მეორე აბიტურიენტია. ქმარი 13 წლის წინ დამეღუპა. მაქვს ოჯახური მეურნეობა. მყავს საქონელი, ფრინველი, ფუტკარი. ვცხოვრობ ისე, როგორც სოფლის მაცხოვრებელს შეეფერება და ასე საყვარელი საქმის კეთებაში, რასაც სხვისთვის დახმარების გაწევა ჰქვია, გავიდა ცხოვრების ნახევარი.

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)