"ამას არ ველოდით" - ქართველ მხატვართა გამოფენა მოსკოვში, სადაც დამთვალიერებელთა რიგი არ წყდება - კვირის პალიტრა

"ამას არ ველოდით" - ქართველ მხატვართა გამოფენა მოსკოვში, სადაც დამთვალიერებელთა რიგი არ წყდება

"1998 წელს მნიშვნელოვანი სამუშაოს ჩატარება დამჭირდა, რომ ამერიკაში, იელის უნივერსიტეტის მუზეუმში, დავით კაკაბაძის სკულპტურის ქვეშ შეეცვალათ წარწერა და "რუსის" ნაცვლად "ქართველი" დაეწერათ"

მოსკოვში პუშკინის სახელობის მუზეუმში გამოფენა "ქართული ავანგარდი" გაიხსნა. იმისათვის, რომ გამოფენაზე მოხვდე, საჭიროა 40-წუთიან რიგში ჩადგე! "ფეისბუკგვერდზე" კი ქართული გამოფენის ამბავს 3 მილიონი მოწონება აქვს! როგორ ავხსნა ეს მოვლენა არ ვიცი!" - დაწერა "ფეისბუკის" პირად გვერდზე ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ ამ რამდენიმე დღის წინ.

მოსკოვში გამართული გრანდიოზული გამოფენის შესახებ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქეთევან კინწურაშვილი და კოლექციონერი, ივეტა მანაშეროვა გვესაუბრნენ.

ქეთევან კინწურაშვილი:

- მოსკოვის ცენტრში, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, 8 დეკემბერს გაიხსნა 1910-30-იანი წლების ქართული ავანგარდული ხელოვნების ძალიან მასშტაბური გამოფენა. შემიძლია ვთქვა, რომ ამ პერიოდის ქართული ხელოვნების ასეთი მასშტაბის გამოფენა არასოდეს მოწყობილა, მითუმეტეს, საზღვარგარეთ. გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული ავანგარდის წამყვანი ფიგურების ნამუშევრები რუსეთის მუზეუმებიდან და აგრეთვე, კერძო კოლექციებიდან. გამოფენა სამ სართულზეა განთავსებული. კურატორები არიან: ივეტა მანაშეროვა და ელენა კამენსკაია.

გამოფენის ოფიციალურ გახსნაზე მუზეუმის "იტალიურ ეზოში" ტევა არ იყო... ხალხის ნაკადი ახლაც არ წყდება. კატალოგებიც საოცარი სისწრაფით იყიდება... კურატორებმა და მთელმა ჯგუფმა, რომელიც გამოფენაზე და კატალოგზე მუშაობდა, საოცარი შრომა გასწიეს. ყველაფერი მაღალი პროფესიონალიზმით შესრულდა. ორნახევარი თვის განმავლობაში წარმოუდგენელი მოცულობის სამუშაო ჩაატარდა.

შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ასეთ მოკლე დროში ასეთი მასშტაბის გამოფენა და წიგნი მომზადდა... განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს გამოფენა მოსკოვში რომ მოეწყო. ხშირად გამოვთქვამთ აღშფოთებას იმის გამო, რომ ესა თუ ის ქართველი მხატვარი სხვადასხვა მუზეუმში ან გამოფენაზე წარმოდგენილია ხოლმე როგორც რუსი - რუსული ავანგარდის წარმომადგენელი. 1998 წელს მნიშვნელოვანი სამუშაოს ჩატარება დამჭირდა, რომ ამერიკაში, იელის უნივერსიტეტის მუზეუმში, დავით კაკაბაძის სკულპტურის ქვეშ შეეცვალათ წარწერა და "რუსის" ნაცვლად "ქართველი" დაეწერათ.

რამდენიმე თვის წინ, დიდი აჟიოტაჟი ატყდა იმის გამო, რომ ფიროსმანის ნამუშევარი აუქციონზე გაიტანეს, როგორც რუსი მხატვრის ტილო. გამოფენასა და კატალოგში, დასახელებით: "ქართული ავანგარდი, 1910-30 იანი წლები", გაერთიანებულია ისეთი სახელები, როგორებიცაა: ნიკო ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, კირილე ზდანევიჩი, ელენე ახვლედიანი და სხვ. მასში ყველას ბიოგრაფია, მხატვართა შემოქმედების და ზოგადად ქართული ავანგარდის სხვადასხვა ასპექტის კვლევა განხილულია მოვლენათა შესატყვისად და ფაქტების სიზუსტე დაცულია, რაც, დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ აღმოფხვრის და წერტილს დაუსვამს ზემოთხსენებულ გაუგებარ დამოკიდებულებას.

დიდი ზომის კატალოგი თითქმის ოთხას გვერდს შეიცავს. მასში შესულია ყველა ექსპონატის რეპროდუქცია, მხატვართა ბიოგრაფიები, ქრონოლოგია და ა.შ. რაც მთავარია, ეს არის კრებული სამეცნიერო ნაშრომების, რომელთა ავტორები არიან: ქეთევან კინწურაშვილი, ჟანინ ვარნო, ჯონ ბოულტი, ვერა ტერიოხინა, ლუიჯი მაგაროტო, ნანა შერვაშიძე, მარინე მეძმარიაშვილი, ნინა გეტაშვილი... ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცემაა.

ივეტა მანაშეროვა:

- სწორედ ახლა ბელგიის ავანგარდი იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს პროექტი ვერ განხორციელდა. ამიტომ ოქტომბერში პუშკინის მუზეუმის დირექტორმა დაგვირეკა და გვკითხა შევძლებდით თუ არა გამოფენის მოწყობას... დავთანხმდით, მიუხედავად იმისა რომ მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვრჩებოდა. ამ დროის განმავლობაში დღე და ღამე ვიშრომეთ და საბედნიეროდ ისეთი შედეგი გვაქვს, რაც ვერავის წარმოედგინა. გამოფენა სამ სართულზეა და ორასზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი. სამწუხაროდ ყველა კარგი მხატვარი ვერ არის წარმოდგენილი. მაგალითად, შალვა ქიქოძის ნამუშევრები მოსკოვში ვერც კერძო კოლექციებში მოვიპოვეთ და ვერც მუზეუმებიდან. მხოლოდ ერთი ნამუშევარია ელენე ახვლედიანის. ჩვენ ვგეგმავდით მოდერნიზმს რადგან ფიროსმანი არ წარმოადგენს ავანგარდს, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ავანგარდი უფრო საინტერესო იქნებოდა...

- თქვენ და თქვენს მეუღლეს მდიდარი კოლექცია გაქვთ. რა ნამუშევრებია წარმოდგენილი თქვენი კოლექციიდან?

- ჩვენი კოლექციიდან წარმოდგენილია ფიროსმანის, გუდიაშვილის, კაკაბაძის ნამუშევრები... დაახლოებით ხუთი წელია, მე და ჩემი მეუღლე კოლექციას ვაგროვებთ. 2009 წელს ტრეტიაკოვის გალერეაში ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა გვქონდა... ჩვენ უკვე 25 წელია მოსკოვში ვცხოვრობთ, მაგრამ გვსურს კარგი საქმეები გავაკეთოთ იმ ქვეყნისთვის, სადაც გავიზარდეთ. მე და ჩემი მეუღლე თბილისში გავიზარდეთ და განათლებაც თბილისში მივიღეთ, კომაროვში ვსწავლობდით, შემდეგ კი მათემატიკური ფაკულტეტი დავამთავრეთ.

- რითი აიხსნება მოსკოველთა ასეთი ინტერსი გამოფენისადმი?

- რა გითხრათ, ამდენ ხალხს ნამდვილად არ ველოდით. პირველ დღეს 1200 დამთვალიერებელი მოვიდა. უზარმაზარი რიგები იყო. არავინ ელოდა ასეთ ინტერესს. 40 ჟურნალისტი იყო რუსეთის სხვადასხვა ტელევიზიიდან... ამხელა ინტერესი მოწმობს, რომ რუს და ქართველ ხალხს ერთმანეთი უყვარს. ყველა ამბობდა, რომ კულტურა ის სფეროა, რომელსაც პოლიტიკა არ ეხება. სამწუხაროდ, რუსმა ახალგაზრდებმა ბევრი არაფერი იციან ქართველი მხატვრების შესახებ, რადგან დიდი ხანია ასეთი გამოფენები არ მოწყობილა. გამოფენა თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)