"ე.წ. რუხი კარდინალი და ჩრდილოვანი მმართველობა ეკლესიაში, სამწუხაროდ, არსებობს" - მეუფეთა მწვავე განცხადებები სინოდის სხდომის დაწყებამდე - კვირის პალიტრა

"ე.წ. რუხი კარდინალი და ჩრდილოვანი მმართველობა ეკლესიაში, სამწუხაროდ, არსებობს" - მეუფეთა მწვავე განცხადებები სინოდის სხდომის დაწყებამდე

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ეკლესიის შიგნით არსებულ დაპირისპირებასაც განიხილავენ, რომლის თაობაზეც ბოლო დღეებია ლაპარაკი არ წყდება.

რამდენიმე მეუფემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განუსაზღვრელ ძალაუფლებაზე ისაუბრა:

"მთავარი სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გავარჩიოთ პირველხარისხოვანი პრობლემა მეორეხარისხოვნისგან. მე რასაც თვალყურს ვადევნებ, მეორე, მესამე, მეათეხარისხოვან პრობლემებზეა ყურადღება გადატანილი. მთავარი პრობლემა საქართველოს საპატრიარქოში დღეს არის განუსაზღვრელი ძალაუფლება, პატრიარქის მდივან-რეფერენტის ქალბატონის ხელში არსებული, რასაც უკავშირდება აბსურდული პრობლემების შექმნა, უწესრიგო მდგომარეობა, მთავარ პრობლემას უნდა შევეხოთ. დანარჩენი ადვილად მოგვარებადია, როდესაც აღდგება სამართლიანობა, ყველა მღვდელმთავარი და წმინდა სინოდი თავის მოვალეობებს შეასრულებს, აუცილებლად უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო და ეს პრობლემები ძალიან ადვილად მოგვარდება ღვთის წყალობით", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა შორენა თეთრუაშვილის ხელი არსებულ დაპირისპირებაში, მეუფე პეტრემ უპასუხა, რომ მის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლება აუცილებლად არის თავი ამ ყველა პრობლემისა.

"ე.წ.რუხი კარდინალის მდგომარეობა და ე.წ. ჩრდილოვანი მმართველობა ეკლესიაში სამწუხაროდ, არსებობს", - ბრძანა მეუფე პატრემ

"თუ სინოდს არ შესწევს ამის ძალა, მაშინ აუცილებლად უნდა მომზადდეს ე.წ. დიდი საეკლესიო კრება, რომელშიც ჩართულები იქნებიან როგორც სასულიერო პირები, ისე ერისკაცები, რაღაც რუის-ურბნისის მსგავსი, სადაც ყველა საკითხი ღვთის წყალობით მოგვარდება და საქართველოს შესწევს ამის ძალა", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისივე თქმით, პატრიარქს დაცვის სამსახური აუცილებლად სჭირდება. თუ არსებობს მცირეოდენი გადაცდომები ამ სამსახურის მხრიდან, ესეც ადვილად მოგვარებადია, როდესაც ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, ბოდბელი ეპისკოპოსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ პატრიარქის დაცვის უფროსს სოსო ოხანაშვილს სამსახურიდან აუცილებლად გაუშვებს.

როგორც მეუფემ ჟურნალისტებს საპატრიარქოში შესვლამდე, სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, დაცვა ის ფიგურა არ არის, რომ მასზე ილაპარაკოს.

მანამდე პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი კონკრეტული გამოცემისთვის სტატიების დაკვეთაში დაადანაშაულა, რაც მან კატეგორიულად უარყო.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით