"სტალინთან საუბარი იმდენად მაინტერესებს, ლამისაა მისი სული გამოვიძახო" - ვინ რომელ ისტორიულ ფიგურას გაესაუბრებოდა?! - კვირის პალიტრა

"სტალინთან საუბარი იმდენად მაინტერესებს, ლამისაა მისი სული გამოვიძახო" - ვინ რომელ ისტორიულ ფიგურას გაესაუბრებოდა?!

ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში არსებულმა, პროფესიულმა ჟურნალისტურმა კავშირმა გამოკითხვა ჩაატარა, სადაც დასმული იყო მხოლოდ ერთი შეკითხვა: "რომელ ისტორიულ ფიგურასთან ისურვებდით ყველაზე მეტად საუბარს და რატომ?".

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტჯერ ადამიანები ისაუბრებდნენ ადამ და ევასთან, იესო ქრისტესთან, ნაპოლეონთან, ჟანა დარკთან და ა.შ.

გადავწყვიტეთ მსგავსი გამოკითხვა ჩვენც ჩაგვეტარებინა და კითხვით საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მივმართეთ.

კითხვაზე, რომელ ქართველ ისტორიულ ფიგურასთან ისაუბრებდით და რას კითხავდით, ასეთი პასუხები მივიღეთ:

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი:

"ჩემთვის ყველაზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურა ყველა დროის საქართველოში არის ილია ჭავჭავაძე. ალბათ ვკითხვდი იმას, თუ როგორ მოახერხა მან, მიუხედავად ამდენი სირთულისა, რომელიც მის ახალგაზრდობაშიც იყო და შემდეგშიც, ვგულისხმობ გაუთავებელ კრიტიკასა და ცილისწამებას, შეენარჩუნებინა სიმშვიდე, რომელიც საბოლოო ჯამში მას ამ დიდი საქმეების კეთებაში ეხმარებოდა".

ლალი მოროშკინა, ჟურნალისტი:

"სტალინთან ვისაუბრებდი. იმდენი შეკითხვა დამიგროვდა... რაც უფრო ასაკში შევდივარ და პერსპექტივაში ვაანალიზებ მოვლენებს, ვხვდები, რომ ძალიან ბევრ რამეში ეს ადამიანი მართალი ყოფილა. ძალიან ბევრ რამეს შევეკითხებოდი, განსაკუთრებით იმას,  როგორ მოახერხა, რომ სემინარიაც დაამთავრა, არაჩვეულებრივი ლექსები წერაც შეძლო, ჰქონდა ტირანიის მომენტებიც და ომიც მოიგო, რომელმაც მსოფლიო ფაშიზმისგან იხსნა?ვკითხავდი, თუ როგორ მოახერხა ამდენი წიგნის წაკითხვა, რადგან დადასტურებული ფაქტია, რომ ათასობით წიგნი ჰქონდა წაკითხული, ყველა წიგნის უკანა ყდაზე მინაწერი ჰქონდა გაკეთებული და თავისი აზრი დაფიქსირებული და ეს ყველაფერი 4 წლიდან დაიწყო. ადამიანი, რომელმაც ამხელა მსოფლიო ლიტერატურა ჩაყლაპა და ძალიან ბევრი რამე იცოდა რეალურად, მაინტერესებს, რითი ხელმძღვანელობდა, როცა გარკვეულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებეს იღებდა, იმდენად მაინტერესებს, რომ ლამისაა მისი სული გამოვიძახო".

გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი:

"დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი გიორგი ჭყონდიდელთან და ვკითხავდი, თუ როგორ შეძლო მან, შეექმნა ისეთი დიდი ადამიანი, დავით აღმაშენებელი, რომ მერე ჩვენ შეგვექმნა თანამედროვეობის დიდი ადამიანი, რომელიც ამ სახელმწიფოს ისევე ძლიერს გახდიდა, როგორც დავითის დროს იყო.

ლევან ბერძენიშვილი, პოლიტიკოსი:

"ილია ჭავჭავაძესთან ვისაუბრებდი და ვკითხავდი, რა აზრისაა ჩვენს ხალხზე, რას ფიქრობს დღევანდელებზე"?

დათო ტურაშვილი, მწერალი:

"რამდენიმე ისტორიულ პირს უკვე შევხვდი და შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მაგალითად, შევხვდი დავით აღმაშენებელს წიგნში "ტყეების მეფე", შევხვდი თამარ ბაგრატიონს "გურჯი-ხათუნში" და იმედია შევხვდები სიმონ პირველს "დელი-სიმონში"...

რაც შეეხება შეკითხვებს, ვისაც უკვე შევხვდი, მათ შესახებ, ყველაფერი გავარკვიე, რაც მაინტერესებდა და თუ სიმონ მეფესაც შევხვდები, მასთან დაკავშირებითაც იმის გარკვევას შევეცდები თუ როგორი ადამიანი იყო მიწიერ ცხოვრებაში, რადგან ნებისმიერ პიროვნებაში, ყველაზე მეტად, ადამიანი მაინტერესებს...

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)