"რაღაც ფორმალობებს ავსებენ, ამასობაში ბავშვი ხელიდან მეცლება" - დედა 2 წლის ანასტასიას გადასარჩენად იბრძვის - კვირის პალიტრა

"რაღაც ფორმალობებს ავსებენ, ამასობაში ბავშვი ხელიდან მეცლება" - დედა 2 წლის ანასტასიას გადასარჩენად იბრძვის

ორი თვის წინ, 2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილს მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.

იაშვილის სახელობის კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის დროს, მისი მდებარეობის გამო სიმსივნის ბოლომდე ამოკვეთა ვერ მოხერხდა, ამიტომ ბავშვის გადარჩენის ერთადერთი იმედი საზღვარგარეთ მკურნალობაა. ზაალიშვილების ოჯახი უსახსრობის გამო ბავშვის სამკურნალოდ წაყვანას ვერ ახერხებს და დახმარებას ითხოვს. ანასტასიას მდგომარეობა დღითი-დღე უარესდება, სიმსივნე სწრაფად მზარდია და პატარას ბედს დღეები წყვეტს.

ქეთი ქემოკლიძე, ანასტასიას დედა:

- 2 თვის წინ სრულიად ჯანმრთელ ბავშვს თავის ტკივილები და გულისრევები დაეწყო. წაყვანილი გვყავდა თურქეთში, სადაც თავზე კომპიუტერული ტომოგრაფია გადავუღეთ და ბავშვს 3 სამსანტიმეტრიანი სიმსივნური წარმონაქმნი აღმოაჩნდა. გადმოვფრინდით საქართველოში და 30 ნოემბერს ანასტასიას თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გაუკეთეს ოპერაცია (რაც თანხის უქონლობის გამო თურქეთში ვერ მოვახერხეთ). როგორც გვითხრეს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა სიმსივნის მისი მდებარეობის გამო ბოლომდე ამოკვეთა ვერ მოხერხდა.

დათესვის შედეგად მედულოპლასტომა - მე-4 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე დადგინდა. ოპერაციის შემდეგ ჩემი შვილი უკეთ იყო, გადარჩენის იმედი მოგვეცა, ახლა კი, რაც დრო გადის, უარესად ხდება, მდგომარეობა კრიტიკულია. ამასთანაევ, ბავშვს პოსტოპერაციის შემდგომი მენინგიტი დაემართა, ტკივილები მოუხშირდა. მისი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

როდესაც აქაურმა ექიმებმა გარანტია არ მოგვცეს, გერმანიასთან ვაწარმოეთ მოლაპარაკება, მოვნახეთ ორი კლინიკა, სადაც მსგავს დაავადებას მკურნალობენ. მათგან ერთ-ერთმა ადგილების უქონლობის გამო მიღებაზე უარი გვითხრა, მეორემ კი გარანტია მოგვცა, რომ ბავშვის გადარჩენის მაღალი შანსი არსებობს და გვპირდებიან, რომ ანასტასიას 9 თვეში ფეხზე დააყენებენ. კლინიკიდან კალკულაციაც გამოგვიგზავნეს - კოლოსალური თანხა მოგვივიდა - 90 ათასი ევრო, მაგრამ ეს ანასტასიას გადარჩენის ერთადერთი შანსია.

"სოლიდარობის ფონდის" წარმომადგენლები გვპირდებოდნენ, ოპერაციას აუცილებლად დავაფინანსებთო, მაგრამ როდესაც კალკულაცია ვუჩვენეთ, გვითხრეს, იაფფასიანი კლინიკა მოძებნეთ, ამხელა თანხას ვერ გავწვდებითო. ახლა ვიხვეწებით, რითაც შეუძლიათ, იმით მაინც დაგვეხმარონ. კლინიკიდან დასკვნას ვითხოვდით უცხოეთში გასაყვანად, მაგრამ არ ვიცი რატომ, დაგვიგვიანეს. რაღაც ფორმალობებს ავსებენ და ამასობაში ბავშვი ხელიდან მეცლება, დღეები წყვეტს ყველაფერს. ოღონდ ბავშვი გადავარჩინო, ყველაფერზე წამსვლელი ვარ. რაც სჭირს, თითქოს ის საკმარისი არ იყოს, ანასტასიას ახლა ჰიდროცეფალია განუვითარდა. აღარ ვიცი, რა ვიღონო. ჩვენს ამბავს ვინც გულთან მიიტანს, ყველას ვთხოვ, დამეხმაროს და გადამირჩინოს შვილი.

ნანა ფიცხელაური

პ.ს. "კვირის პალიტრის" მკითხველმა არაერთი ადამიანის გადარჩენაში შეიტანა წვლილი, დარწმუნებული ვართ, ახლაც გამოიჩენთ გულისხმიერებას. ანასტასია ზაალიშვილის სახელზე გახსნილია საბანკო ანგარიში, რომელზეც დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ.

პირადი ნომერი: 01003016433

დაბადების თარიღი: 05.08.1986

მიმღები: დედების ფონდი

საბანკო რეკვიზიტები:

"საქართველოს ბანკი"

GE46BG0000000689979800

"ლიბერთი ბანკი"

GE56LB0711123539166000

თი-ბი-სი ბანკი

GE17TB7174136080100007

"ხალიკ ბანკი"

GE08HB0000000000473608 ლარი

GE55HB0000000000923618 დოლარი

GE06HB0000000000933618 ევრო

Emoney-ს ანგარიში 388484218

0901700483 - ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან, ზარის ღირებულენა 1 ლარი