"მთვარისასთან შედარებით მე მაინც სოფლელად დავრჩი" - ლუნა მაზიაშვილის ეკრანული ქმარი, მისი ბიძაშვილი ყოფილა - კვირის პალიტრა

"მთვარისასთან შედარებით მე მაინც სოფლელად დავრჩი" - ლუნა მაზიაშვილის ეკრანული ქმარი, მისი ბიძაშვილი ყოფილა

"ტაქსისტადაც" ვმუშაობ - არ მეთაკილება"

სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ვახტანგ ოქრუაშვილი ემოციური და ეჭვიანი ქართლელი კაცის, ნუგოს როლს ასრულებს. ბიზნესმენი ცოლის - ლუნად ქცეული მთვარისასგან განსხვავებით, კასპიდან თბილისში ჩამოსული ნუგო დახვეწილობის კურსებზე არ დადის და ლუნა-მთვარისას "ბიზნესფლირტსაც" რთულად ეგუება...

- ლუნას როლის შემსრულებელი, ქეთი ხუციშვილი ჩემი ბიძაშვილია. კასტინგზე მისი მისვლიდან მესამე დღეს დამიბარეს. ყველაფერი უცებ მოხდა. ტელეფონის კამერით პატარა სკეტჩივით ვიდეო გვქონდა გადაღებული. ის ვიდეო სერიალის სცენარისტს - ქეთი დევდარიანს უნახავს. ლუნასა და ნუგოს როლის შესასრულებლად, ზუსტად ჩვენნაირი ტიპაჟები სჭირდებოდა. ქართლური კილო უნდოდათ. მოკლედ, ნუგოს როლზე დამამტკიცეს.

- გადაღების პირველი დღე გაიხსენეთ...

- ეს შარშან, დეკემბერში იყო. ალბათ გახსოვთ, მიშკა და ჩაქუჩა სოფელში გოჭების საყიდლად იყვნენ ჩამოსულები, ჩემი და ქეთის გმირები კი გოჭებს ჰყიდდნენ. შემდეგ, გარკვეული პერიოდით, ჩვენი პერსონაჟების ხაზის განვითარება შეწყდა. სექტემბრიდან, როცა თენგო უკვე ბიზნესმენი გახდა, ჩემი და ქეთის პერსონაჟების კასპში დატოვება აღარ გამოდიოდა და თბილისში "ჩამოგვიყვანეს".

- ნუგოს როგორ დაახასიათებთ?

- სოფლელი კაცია, რომელიც ახლა თბილისში ჩამოვიდა. მისი მეუღლე - მთვარისა დახვეწილობის კურსებზე დადის და ცოტათი "გამოვიდა", მაგრამ "მე", მასთან შედარებით, მაინც სოფლელად დავრჩი. ამიტომ, სუფრასთანაც ისევ ქართლური კილოთი ვსაუბრობ.

- მთვარისას საქციელს როგორ შეაფასებთ?

- (იცინის) პრინციპში, მთვარისამ იცის, ბიზნესს ასე სჭირდება და ყოველთვის ამას "მეჩიჩინება". როგორც ქართლელი და მოუთმენელი ტიპი, ჩემი გმირი ამას ვერ ეგუება. შედეგად, ცოლ-ქმარი ყოველთვის ჩხუბობს. ლუნა უკვე კარლსრუეშიც იყო. მაინც "მეჩხუბება", მაგრამ თავდაცვას "ვცდილობ". 2 ადამიანს - თენგოს და მთვარისას "ვეწინააღმდეგები".

...

- სერიალში მონაწილეობის გარდა, რას საქმიანობთ?

- საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1996 წელს დავამთავრე. მას შემდეგ ვმუშაობ: სავაჭრო აგენტად, ვაიზერად... მუშაობის 19-წლიანი სტაჟი მაქვს. ახლა პატარა სადისტრიბუციო კომპანიაში ვარ დასაქმებული. კვირაში რამდენიმე დღე თავისუფალი მაქვს და ხანდახან, ტაქსის მძღოლობას ვითავსებ - საკუთარი მანქანა მყავს.

- ოჯახის წევრებზეც გვიამბეთ...

- მყავს მეუღლე - ნინო რუსიშვილი (ისტორიის პედაგოგი გახლავთ), 16 წლის ქალიშვილი - თიკო, 23 წლის ვაჟი - საბა და 2 წლის შვილიშვილი - ვატო (ვაჟისგან).

- როგორც მივხვდი, დიდი ხანია, თბილისში ცხოვრობთ. ქართლური კილოთი როგორ საუბრობთ?

- თბილისში დავიბადე, გავიზარდე... მეც და ქეთიც წარმოშობით ქართლიდან, დიდი ივანე ჯავახიშვილის სოფელ ხოვლედან ვართ. ბავშვობაში, სოფელში 1-2 თვით ჩავდიოდით ხოლმე, ახლა ამისთვის ვერ ვიცლით... მეზობლისგან, ნათესავისგან გაგონილი რამდენიმე სიტყვა გამახსოვრდება ადამიანს. ჰოდა, ამდენი წლის მერე, ასეთი რაღაც "დავდეთ" სერიალში (იცინის). (ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 22 დეკემბრის ნომერში)

ეთო ყორღანაშვილი