2 წლის ანასტასია ზაალიშვილს, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა, ოპერაციას თურქეთში გაუკეთებენ - კვირის პალიტრა

2 წლის ანასტასია ზაალიშვილს, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა, ოპერაციას თურქეთში გაუკეთებენ

ცოტა ხნის წინ, kvirispalitra.ge წერდა, რომ ორი თვის წინ, 2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილს მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.

იაშვილის სახელობის კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის დროს, მისი მდებარეობის გამო სიმსივნის ბოლომდე ამოკვეთა ვერ მოხერხდა, ამიტომ ბავშვის გადარჩენის ერთადერთი იმედი საზღვარგარეთ მკურნალობაა. ზაალიშვილების ოჯახი უსახსრობის გამო ბავშვის სამკურნალოდ წაყვანას ვერ ახერხებს და დახმარებას ითხოვს. (იხილეთ: "რაღაც ფორმალობებს ავსებენ, ამასობაში ბავშვი ხელიდან მეცლება" - დედა 2 წლის ანასტასიას გადასარჩენად იბრძვის)

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, ნინო კობახიძის ინფორმაციით, ანასტასია ზაალიშვილის ოპერაცია დაფინანსდება და პატარას თურქეთში გაუკეთებენ ოპერაციას.

„ინტერესიდან გამომდინარე ვწერ დღევანდელ ინფორმაციას ანასტასია ზაალიშვილთან დაკავშირებით. თურქეთში კლინიკა „მედიკალ პარკი“ მზად არის ბავშვი მიიღოს და მოგვარებულია რეანომობილის საკითხიც. კლინიკა ესაუბრება იაშვილის კლინიკას. ბავშვის მდგომარეობა თუ მოგვცემს საშუალებას ( და ამას მხოლოდ ექიმები საზღვრავენ და მათ საბოლოო დასკვნას ელოდებიან) ბავშვის ტრანსპორტირება მოხდება დღესვე. იმ შემთხვევაში თუ 1%-იანი რისკიც ახლავს ფრენას დაელოდებიან მდგომარეობის გაუმჯობესებას. ვაკონკრეტებ ყველა ხარჯს ფარავს სოლიდარობის ფონდი და ჯანდაცვის სამინისტრო“, - წერს ნინო კობახიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.