"მადლიერი ვარ უფლისა განსაცდელისთვისაც და ნუგეშისცემისთვისაც" - ინტერვიუ მოძღვართან, რომელიც გუშინ დაჭრეს (არქივიდან) - კვირის პალიტრა

"მადლიერი ვარ უფლისა განსაცდელისთვისაც და ნუგეშისცემისთვისაც" - ინტერვიუ მოძღვართან, რომელიც გუშინ დაჭრეს (არქივიდან)

"ერთხელ ძალიან მძიმე ტრავმა მივიღე. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომათავსეს. მაშინ მოხდა ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სასწაული, თუმცა მანამდეც მქონდა შეგრძნება, რომ ჩემს ირგვლივ ხდებოდა რაღაც ისეთი, რასაც ვერ ვაცნობიერებდი"

24 დეკემბერს, ვაკეში, წყნეთის ქუჩაზე მამა გიორგი ცნობილაძე მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან დაჭრეს. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ქვედა კიდურების ჭრლიობებით გადაიყვანეს. ბოლო ინფრმაციით მისი მდგომარეობა სტაბილურია. "პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად განაგრძობს მკურნალობას მულტიპროფილურ განყოფილებაში" - განაცხადეს "რესპუბლიკური საავადმყოფოს" პრესსამსახურში. ჟურნალ "კარიბჭის" არქივში იძებნება ინტერვიუ მამა გიორგისთან, რომელშიც საკუთარ ცხოვერბაზე ყვება, გთავაზობთ ინტერვიუს:

"მადლიერი ვარ უფლისა განსაცდელისთვისაც და ნუგეშისცემისთვისაც, რაც მისი ხელიდან მიმიღია"

"ადამიანის სულთან მიახლება საფრთხილოა - შეიძლება, არასწორი დარიგება მისცე და ნაცვლად იმისა, მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანო და ღვთის ხელში დააბრუნო, სულმთლად დააშორო ეკლესიას და დაღუპო. ყოველი კაცი ინდივიდუალურია თავისი სულიერი მდგომარეობით, სულიერი ყოფიერებით. ერთადერთი, რაც სულიერად გვაერთიანებს, არის უფალი - სამყაროს ცენტრი. მისგან დაშორებული ადამიანებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ბოროტი ძალა ყველას სხვადასხვაგვარად უტევს, ამიტომ ყოველ მათგანს სხვადასხვაგვარად უნდა მიუდგე. საკუთარი შვილების პრობლემებზე არ მიფიქრია იმდენი, რამდენიც სულიერი შვილებისაზე. სულ ის არის ჩემი საზრუნავი, როგორ გამოვიყვანო ადამიანი რთული მდგომარეობიდან, ეკლესიაში ახალმოსულს როგორ მივაწოდო სარწმუნოება, როგორ დავანახვო ჭეშმარიტება და მის აუცილებლობაში დავარწმუნო", - გვეუბნება ვერის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი ცნობილაძე.

მამა გიორგის 20 წელზე მეტი ხნის სამღვდელო მოღვაწეობის გამოცდილება აქვს. მისი აზრით, ჭეშმარიტი მორწმუნეობა და მღვდელმსახურება განუყოფელია ჭეშმარიტი მამულიშვილობისგან. ამის მაგალითს მამა გიორგი, პირველ რიგში, თვითონ იძლევა. მას ღრმად აქვს გათავისებული ჩვენი ერის, ჩვენი საზოგადოების ყველა სატკივარი; მიაჩნია, რომ სულიერი მოძღვარი საკუთარ თავს არ უნდა ეკუთვნოდეს, არამედ ღვთისა და ხალხის სამსახურისთვის უნდა გადადოს თავი.

- მამაო, როგორი იყო გარემო, რომელშიც პიროვნებად ყალიბდებოდით? რამ მოახდინა გავლენა თქვენს არჩევანზე?

- ძველ უბანში ვარ დაბადებული და გაზრდილი. ჯერ კიდევ ბავშვობაში, რუსთაველის გამზირზე რომ ვსეირნობდით 13-14 წლის ბიჭები, ქაშვეთის ტაძარშიც შევივლიდით ხოლმე. მაშინ კომკავშირული რეიდები იყო. ათეისტები ბავშვებს უკრძალავდნენ ეკლესიაში სიარულს, აშინებდნენ, აქ აღარ დაგინახოთ, თორემ თქვენს მშობლებს ვეტყვითო. ამის გამო ეკლესიის მიმართ ინტერესი უფრო მიღვივდებოდა - ხომ საინტერესო იყო, რატომ გვიკრძალავდნენ მაინცდამაინც ეკლესიაში სიარულს... იყვნენ აგრეთვე "პროგრესულად მოაზროვნე" საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ჩამორჩენილებად მიიჩნევდნენ მათ, ვინც ეკლესიაში დადიოდა, თუმცა ჩემთვის მსგავსი რამ არავის გაუბედავს. ეკლესიურად არ ვცხოვრობდი, თუმცა ეკლესიაში დავდიოდი, რიდი და მოწიწება სარწმუნოებისა და ეკლესიის მიმართ ყოველთვის მქონდა. ცხონებული დედაჩემი ღამით დასაძინებლად რომ დამაწვენდა, თავისთვის ბუტბუტებდა ლოცვას, მაგრამ არ მიმხელდა, რომ ლოცულობდა - ფრთხილობდა, ამით რაიმე უსიამოვნება არ შემთხვეოდა ჩვენს ოჯახს.

ეკლესიაში სისტემატურად სიარული უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ დავიწყე. მისი ქადაგებები მიზიდავდა. სიონში დავდიოდი, მოკრძალებულ ადგილას ვდგებოდი და ვისმენდი წირვა-ლოცვას.

ერისკაცობაში ინჟინრად ვმუშაობდი თბილგაზში (სპეციალობით მექანიკოსი გახლავართ). ერთხელ ძალიან მძიმე ტრავმა მივიღე. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომათავსეს. მაშინ მოხდა ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სასწაული, თუმცა მანამდეც მქონდა შეგრძნება, რომ ჩემს ირგვლივ ხდებოდა რაღაც ისეთი, რასაც ვერ ვაცნობიერებდი. ყველგან და ყოველთვის ვგრძნობდი იდუმალი და უხილავი ძალის მფარველობას (განსაკუთრებით - განსაცდელის ჟამს). ვფიქრობდი, ალბათ, დედაჩემის ლოცვა მშველის-მეთქი. მერე, ცოტა გვიან, გავაცნობიერე და მივხვდი, რომ ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ ვიყავი...

იმას მოგახსენებდით, საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში მიმიყვანეს. ყურის აპკი მქონდა გახეთქილი, კიდურები - პარალიზებული. თურმე გაჟონვაც მქონია. მახსოვს, როგორ მოვიდა ახალგაზრდა კაცი, ექიმი, თავზე მომკიდა ხელი, ფუძე შემიმოწმა. თავი საშინლად მტკიოდა. ამას ფუძე აქვს მოწყვეტილი და ვერ გადარჩებაო, - თქვა. ეს რომ გავიგონე, გონება დავკარგე. გონს რომ მოვედი, დავიგმინე, ვიგრძენი, შუქი გამორთეს. საკაცით მიმაგორებდნენ სადღაც. ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ: ცოცხალია და უკან დავაბრუნოთო. მერე ექიმმა თქვა ჩემზე: გადარჩაო. უცებ ჩემმა სხეულმა თითქოს კანის შიგნით თრთოლა დაიწყო. უცნაური შეგრძნება მქონდა: თითქოს ზემოდან დავყურებდი საკუთარ სხეულს. მახსოვს, ახალგაზრდა ექთანმა გოგონამ დაიყვირა: ჩქარა, გონებას კარგავსო. მომცვივდნენ და გულზე მასირება დამიწყეს. ექთანს ვთხოვე: იქნებ როგორმე ჩემს სახლში დარეკოთ, ბავშვების ნახვა მინდა-მეთქი.

უცებ თავის ტკივილი გამიქრა. ენით გამოუთქმელი სიმსუბუქის, სითბოსა და სიყვარულის შეგრძნება დამეუფლა. მერე ტკივილი ისევ განმეორდა და ვიგრძენი, რომ ისევ სხეულში ვიყავი. ამასობაში ჩემებიც მოვიდნენ. პალატაში ამიყვანეს და ხერხემალში ნემსი გამიკეთეს. ტკივილი გამიყუჩდა. სხეულმა ისევ თრთოლა დამიწყო. შემეშინდა. საღამო იყო. თავთან მეუღლე მეჯდა. ჩემთან ერთად პალატაში სხვა ავადმყოფებიც იწვნენ. უცებ ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. ჩემს მეუღლესაც ჩასძინებოდა. მე კიდურებს ვერ ვამოძრავებდი, ხმასაც ვერ ვიღებდი. ჰაერი თითქოს ოქროსფერი გახდა. კედელი გაქრა და ვხედავ სიონის ტაძრის კანკელს. მე ტაძრის შუაში ვდგავარ და ვკანკალებ, დაძაბული ვარ. ამ დროს აღსავლის კარი იღება და იქიდან სამი მოძღვარი გამოდის. შუაში მდგომი, რომელსაც შედარებით უფრო მკაცრი გამომეტყველება აქვს, მეუბნება: რისა გეშინია, მე წამომყევიო. მეც უკან გავყევი. დანარჩენი ორი მოძღვარი გვერდით მომყვება. გონებით ვეუბნები: წაქცევაზე ვარ, იქნებ ხელები შემაშველოთ-მეთქი, მაგრამ ისინი ხმას არ იღებენ. მივუახლოვდით ხატებს, ადრე სანთლებს რომ ვანთებდი ხოლმე. მაცხოვრის ხატთან რომ მივედით, შუაში მდგომმა მოძღვარმა მითხრა: ახლა წადი და დაფიქრდიო. შემდეგ სამივე ერთად აღსავლის კარში შევიდა. (გაგრძელება)