რომელ ქართულ კერძს რომელი ღვინო შეესაბამება - გაითვალისწინეთ სომელიეს რჩევები საახალწლოდ - კვირის პალიტრა

რომელ ქართულ კერძს რომელი ღვინო შეესაბამება - გაითვალისწინეთ სომელიეს რჩევები საახალწლოდ

"არსად ისე ბლომად და ისეთ სურნელოვან ღვინოს არ სვამენ, როგორც საქართველოში" - ჟან შარდენი

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, თუ როგორ გავაწყოთ და გავალამაზოთ სუფრა. ყველა ფუსფუსებს, ამზადებს საახალწლოდ ტრადიცულ კერძებსა და ტკბილეულს. ასევე, საგანგებოდ გადანახულ ღვინის ბოცებს თავებს ხდიან და დიდი დღესასწაულისთვის ემზადებიან. ამავე დროს, მნიშვნელოვანია და ალბათ ყველას აინტერესებს თუ რომელ ქართული კერძს რომელი ღვინო მიესადაგება. ამასთან დაკავშრებით kvirispalitra.ge სომელიეს, ანა ხითარიშვილს (პროფესიით მევენახე/ენოლოგი) ესაუბრა, რომელიც მკითხველს მრავალ საინტერესო და სასარგებლო რჩევას აძლევს.

რა თქმა უნდა, განხილვა ქართული საახალწლო სუფრის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტითა და მშვენებით - ინდაურის საცივით დავიწყეთ:

"საცივს საუკეთესო არომატს ქვევრის თეთრი ღვინოები სძენს - რქაწითელი ან ქისი (აუცილებელია, რომ ტანინები დაბალანსებული და ხავერდოვანი იყოს)".

საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი - გოჭი ორნაირად განვიხილეთ:

"პირველი, შემწვარ გოჭს კიდევ უფრო გემრიელ არომატს წითელი საფერავი და ადგილწარმოშობის ნაფარეული სძენს. მათი ნაზავი საახალწლო სუფრას კიდევ უფრო გააგემრიელებს. მეორე, მოხარშულ გოჭს არაჩვეულებრივ პარტნიორობას კახურად დაყენებული, ხავერდოვან-ტანინიანი რქაწითელი ან თუნდაც წითელი ღვინოებიდან შავკაპიტო გაუწევს".

თევზეულიდან შემწვარი კალმახი გამოვარჩიეთ და გორული მწვანე შევუსაბამეთ. სომელიე გვირჩევს, რომ თევზის ცხიმებს ქართლის რეგიონის ღვინო და მისთვის დამახასიათებელი სიმჟავე მშვენივრად ერწყმის.

"ნიგვზიანი ფხალეული ყველას ეგემრიელება  და საახალწლო სამზადისისასაც მნიშვნელოვანი ყურადღებაც ეთმობა. ფხალში არსებულ ნიგვზის სიმწკლარტეს, რბილი ტანინებით გამორჩეული, ქვევრის თეთრი არომატული ღვინოები დააბალანსებს. მაგალითად, როგორიცაა: კახეთში დამზადებული ქვევრის ქისი ან რქაწითელი. ფხალეულის მოყვარულებისთვის ეს რჩევა ნამდვილად სასარგებლო უნდა იყოს".

შემდეგი კერძი, რომელსაც განვიხილავთ, შეიძლება, რომ სამეგრელოს რეგიონის სავიზიტო ბარათადაც კი მოვიხსენიოთ, ეს არის ელარჯი, რომელსაც მეგრულ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად შევხვდებით:

"მას ბრწყინვალედ ერწყმის ქვევრში დაყენებული ციცქა ან ცოლიკოური, ასევე კარგი შეხამება იქნება იმერული კრახუნა ან კახური მცვივანა".

მეგრული კუპატი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული კერძია, ქალბატონი ანას რჩევით, კარგად იხდენს ნაკლებად ტანინიან, ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინოებს, მაგალითად: უსახელოურს, წითელი ნახევრადტკბილ ოჯალეშს ანაც ხვანჭკარას.

სახელგანთქმული და ყველასთვის საყვარელი რაჭული ლორი ჩვენს ჩამონათვალში აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო:

ანა ხითარიშვილი:

"ლორს არაჩვეულებრივ აკომპანიმენტს უწევს სავსე სხეულიანი, მაღალტანიანი საფერავი... ხაჭაპურის გარეშე ქართული სუფრა არ იქნება, არც საახალწლო. მის გამორჩეულობას კიდევ უფრო წარმოაჩენენ თეთრი მშრალი ღვინოები, რომლებიც კლასიკური მეთოდით არიან დამზადებული, ასეთებია: კახური მწვანე, რქაწითელი, ქისი, ასევე წინანდალი და ციცქა, თუ ხაჭაპურში მარილი გამოკვეთილია, მაშინ კარგი შეხამება იქნება ნახევრადტკბილ ადგილწარმოშობის ღვინო ტვიშთან.

გურულ ღვეზელს კი, რომელსაც უფრო საშობაოდ აცხობენ, მიესადაგება ცოლიკოური.

პიტნიანი ნადუღი სულგუნის ფირფიტებში ქართული სუფრის პოპულარული კერძია, რომელსაც ძალიან უხდება ხალისიანი მჟავიანობის ღვინოები - გორული მწვანე, კახური მწვანე, კახური მცვივანა, ასევე შუშხუნა ან ცქრიალა ღვინოები უფრო მეტად გამოკვეთავს პიტნის არომატს და შეხამებას უფრო საინტერესოს გახდის. ჩვენს ნუსხას ფელამუშის გარეშე ვერ დავტოვებთ, მისთვის იდეალური იქნება წითელ, ნახევრადტკბილი, ხალისიანი მჟავიანობის ღვინო.  მაგალითად, ქინძმარაული და ახაშენი, ასევე ფელამუშთან კარგი შეხამება იქნება მშალი თავკვერი და ოჯალეში.

ბოლოსკენ, ძალიან ბევრი ბავშვისთვის და უფროსისთვის საყვარელი ტკბილეული - გოზინაყი შემოვინახეთ. თუ გოზინაყთან ერთად ღვინის დალევას გადაწყვეტთ, უნდა იცოდეთ, რომ მას კარდენახის შემაგრებული ტკბილი ღვინო უხდება, ასევე შეგვიძლია შევუხამოთ ტკბილი ღვინოები.

გასათვალისწინებელია, რომ თუ ერთი სახეობის ღვინო მრავალი სახის კერძებს გვინდა შევუხამოთ, აუცილებლად საჭიროა ვიცოდეთ ღვინის ცალკეული მახასიათებლები, რადგან არ გადაიფაროს რომელიმე კერძის არომატულობა.

თუკი ერთი ცალკეული ღვინის მრავალფეროვან საკვებთან შეხამების იდეალურ ვარიანტს განვიხილავთ, ეს იქნება საშუალო მჟავიანობისა და ნაკლებ ტანინიანი რქაწითელი, ევროპულად დაყენებული.

კახური ქვევრის ღვინო ყველა კერძს, განსაკუთრებით კი ქართულ მრავალფეროვან სამზარეულოს ვერ შეეწყობა".

ჩვენი მხრიდან კი გირჩევთ, რომ უგემრიელესი კერძების არომატსა და ხალისიან განწყობას ნუ გადაფარავთ ალკოჰოლის წრეგადასული მიღებით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს თქვენს ჯანმრთელობას ძალიან ვნებს. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

გიორგი მოსაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)