ვინ არის ავტორი, რომელსაც ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში "კულტურული გარღვევა" უწოდეს - კვირის პალიტრა

ვინ არის ავტორი, რომელსაც ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში "კულტურული გარღვევა" უწოდეს

"მესამე ნაპირი" უცხო ნაპირია. ეს არის სამყარო, რომელიც ძალიან შორსაა და ძალიან ახლოს ჩვენგან. სამყარო, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელების, მიტოვებული სკვერებისა და პარკების, ქალაქის ყველაზე შავბნელი ადგილების "ბატონ-პატრონნი", მაწანწალები, უსახლკარონი - ათასი ჯურის ხალხი ცხოვრობს - საზოგადოებისთვის მიუღებელი, მისგან გარიყული, ხშირად საკუთარი ნებით განაპირებული. ეს არის მდუღარე, ველური, შლეგი ნაპირი, დიდი სიბინძურით, დაცემულობით, ბოროტებით, ცოდვით და ამავე დროს პირველქმნილი უბიწოებით, დიდი სიფაქიზით, აღმაფრენით, შემოქმედთან არნახული სიახლოვით და უწმინდესი ღირებულებებით.

ასეთია ახალგაზრდა თანამედროვე ავტორის ლუკა ბაქანიძის სადებიუტო რომანის "მესამე ნაპირი" სიუჟეტი, რომელიც 2015 წელს გამოიცა პალიტრა L-ის მიერ. რომანს აქვს ყველა ნიშანი და ღირსება, თანამედროვე "მრავლისმნახველი" მკითხველის გაოცება რომ შეძლოს; ესაა სიღრმე, დინამიკურობა, აქტუალურობა, ცოცხალი სიუჟეტი, თუმცა ზემოქმედების უპირველესი იარაღი, ამ შემთხვევაში, მთხრობელის ოსტატობა, გულწრფელობა და თემის სიახლეა. "მესამე ნაპირი" მოულოდნელობით გაგაოცებთ, ჩაგაფიქრებთ, გაცინებთ, დაგასევდიანებთ, სხვანაირად დაგანახვებთ საზოგადოებას და საკუთარ თავსაც.

"ნებისმიერ თემას ვეხები, ყველაზე ჭუჭყიანსაც და ყველაზე ამაღლებულსაც" - ამბობს მწერალი. მე კი, როგორც მკითხველი გეტყვით, რომ ალბათ სწორედ ეს არის მთავარი ხიბლი, რის გამოც ამ რომანს თავს ვერ დააღწევთ.

2015 წელს "მესამე ნაპირის" ავტორი ლიტერატურული პრემია "საბას" ნომინანტი გახდა, წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში. ამ საპატიო ჯილდოს გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის მომტანი აღმოჩნდა დებიუტანტი ავტორისთვის "მესამე ნაპირი"- რომანზე უფლებები გერმანულმა გამომცემლობამ Klack Verlag-მა შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წიგნი ძალიან მალე გერმანულ ენაზე გამოიცემა. გამომცემლობა ორიენტირებულია გამოსცეს თანამედროვე ავტორთა მხატვრული და არამხატვრული ნაწარმოებები. თანამედროვე ცხოვრება, კულტურული ლანდშაფტი, მეხსიერება, წარსულთან ურთიერთობა, ტრანსფორმაციული პროცესები, უმცირესობები, ეს იმ თემათა ჩამონათვალია, რომელიც გამომცემლობის ნიშასა და ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს. მოხდა ღირებულებათა უდიდესი თანხვედრა ლუკა ბაქანიძის წიგნის "მესამე ნაპირის" მთავარ ფაბულასა და გამომცემლობის ღირებულებებს შორის. შედეგად გემრანელი მკითხველი მალე გაეცნობა და შეიყვარებს თანამეროვე ქართელი ავტორის ლუკა ბაქანიძის რომანს "მესამე ნაპირი".

ირინე ჭოღოშვილი - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი: ლუკა ბაქანიძე, როგორ იცით, არის პალიტრა L-ის ავტორი. მანამდე მას ვიცნობდით როგორც პოეტს, შემდეგ მისი დებიუტი შედგა ძალიან საინტერესო რომანით "მესამე ნაპირი". ჩვენ ვზრუნავთ ყველა ავტორზე, როგორც თანამედროვეზე, ასევე კლასიკოსზე. ლუკას შემთხვევაში ბერლინში მივლინების დროს, შევხვდი გამომცემლობას, რომელიც ფოკუსირებულია ყველანაირ უმცირესობაზე - საზოგადოებისაგან სხვადასხვა მიზეზით მოკვეთილ ადამიანებზე, ვისზეც ასევე ამახვილებს ყურადღებას თავის ნაწარმოებებში ლუკა. პირად საუბარში გამოირკვა, რომ სწორედ ასეთი თემები აინტერესებს გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამომცემლობას Klack Verlag-ს. ცნობისათვის ამ გამომცემლობამ თავის ოფისში გახსნა საკონსულტაციო ბიურო, სადაც სირიელ ლტოლვილებს იღებს, უწევს იურიდიულ კონსულტაციას, დახმარებას, დასაქმების პროგრამაში რთავს.

როდესაც მე მათ ვუამბე, რომ არსებობს ერთ-ერთი საინტერესო ავტორი, რომელიც რაღაცნაირად კულტურული გარღვევა იყო ქართულ თანამედროვე ლიტერატურაშიც, როგორც მას თავის დროზე ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში უწოდეს - ძალიან დაინტერესდნენ. შემდეგ ნაწარმოების საცდელი თარგმანი გავუგზავნე. პასუხად, ძალიან გახარებულებმა მომწერეს: ეს სწორედ ის არის, რასაც ვეძებდით და გვჭირდებოდაო. განსაკუთრებით გაახარათ იმ ფაქტმა, რომ ლუკა თანამედროვე ახალგაზრდა ავტორია. გამომცემლობა Klack Verlag ლუკასთან გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმავს თანამშრომლობას.

"მესამე ნაპირი" გერმანიაში წლის ბოლომდე გამოვა. მისი მთარგმნელი გემანიაში მცხოვრები ქართველი კატია ვოლტერსი გახლავთ. იგეგმება, რომ ლუკა დაპატიჟონ პრეზენტაციაზე, სადაც შეხვდება და გაესაუბრება თავის გერმანულენოვან მკთიხველს. თანამედროვე მწერლები განსაკუთრებით უყვართ გერმანიაში და ევროპაში ზოგადად, რადგან ისინი ძალიან აფასებენ ცოცხალ ავტორებთან ურთიერთობას.

- რა შეიძლება უთხრათ მათ ვინც ჯერ არ გაცნობია ამ რომანს?

- რომანი არის საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ აშკარად დაგვაფიქრებს ისეთ საკითხებზე, რომელსაც ალბათ თვალს, ყურს ვარიდებთ და მათ იგნორირებას ვცდილობთ. მესამე ნაპირი რაღაცნაირად, სხვა კუთხით დაგვანახებს ჩვენს დღევანდელ საზოგადოებასაც და საკუთარ თავსაც.

თინათინ შავლაძე