მოსახლეობა მეზობლის ტუალეტში და ლიფტში სიგარეტის მოწევის აკრძალვასაც მოითხოვს - კვირის პალიტრა

მოსახლეობა მეზობლის ტუალეტში და ლიფტში სიგარეტის მოწევის აკრძალვასაც მოითხოვს

მეგობართან სტუმრად მიმავალმა, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ჩემდა უნებლიედ ვიკისრე მეხანძრის მოვალეობა.

ვიღაცას სიგარეტის ნამწვი ლიფტის ძარაზე დაეგდო. იოლად აალებად მასალას, იღბლად ცეცხლი ახალი მოკიდებული ჰქონდა. ჩემი სქელი შარფი ხანძრის ჩაქრობის წარმატებულ მცდელობას შეეწირა და ფაქტობრივად, 16-სართულიანი კორპუსი არამარტო ხანძარს, ულიფტობას გადავარჩინე, თუმცა, ვეჭვობ, იმავე ლიფტში მსგავსი საფრთხე ხვალაც არ განმეორდეს.

სამწუხაროდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეში მოწევაზე უარის თქმის კულტურა ჩვენს ქვეყანაში იმდენად სუსტია, რომ მწეველთა უმრავლესობას ისიც კი არ ესმის, ლიფტში რატომ არ უნდა მოსწიოს. არც ფიქრობენ, რომ ლიფტიდან მათი გამოსვლისთანავე კაბინაში, სადაც ბუღი დააყენეს, სხვა - ორსული ქალი, დედა ჩვილით, ბავშვი, ალერგიული ან სხვა დაავადებების მქონე სხვადასხვა ასაკის მქონე ადამიანი შედის და იძულებით სუნთქავს შხამს, რომელიც მწეველმა წუთიერი სიამოვნების მიღების შედეგად დატოვა.

უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს და ვიმედოვნებთ, სახელმწიფო მოწევაზე კონტროლს არამხოლოდ საკანონმდებლო კუთხით გაამკაცრებს, ადმინისტრირების გამართულ სისტემასაც შეიმუშავებს, რაც მწეველ მოსახლეობას არამწეველთა მიმართ თუნდაც თანაგრძნობას გამოუმუშავებს. მეტიც, თამბაქოს მოხმარების საკანონმდებლო შეზღუდვა დაეხმარებათ ნაკლები მოწიონ ან სულაც თავი დაანებონ მავნე ჩვევას, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები კლავს, მანამდე კი იწვევს უმძიმეს დაავადებებს.

მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილების შესახებ მოსახლეობის განწყობის გარკვევის მიზნით, ქუჩაში მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ. კითხვაზე, უნდა აიკრძალოს თუ არა მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ისეთ ადგილებში, სადაც სივრცე დახურულია, მოქალაქეებმა გვიპასუხეს:

ლევან შანავა, 21 წლის, სტუდენტი:

- მწეველი ვარ, მაგრამ აკრძალვას ვემხრობი. არა მხოლოდ კაფე-ბარებსა და რესტორნებში, ტრანსპორტშიც უნდა აიკრძალოს. ვიღაც მეტყვის, რომ, ფაქტობრივად, ტრანსპორტში ისედაც იკრძალება, მაგრამ მხოლოდ მგზავრებისთვის, მძღოლი კი მაინც აბოლებს. ეს არასწორია. აკრძალვა უნდა შეეხოს ყველას.

ვენერა გაბრიჩიძე, 74 წლის, დიასახლისი:

- უნდა აიკრძალოს, აბა რა?! ლიფტებშიც ხომ აკრძალავენ? მერვე სართულზე ვცხოვრობ და ფეხით ასვლა მიჭირს. არადა, ხშირ შემთხვევაში ჩვენს ლიფტში ისეთი ბოლი დგას, რომ სრულიად ჯანმრთელიც რომ იყო, თავმოყვარე ადამიანი იქ ცხვირსაც არ შეჰყოფ.

ნინო მეგრელიშვილი, 42 წლის, მარკეტოლოგი:

- არა მხოლოდ კაფე-ბარებსა და რესტორნებში, საცხოვრებელი კორპუსების ტუალეტებშიც უნდა აიკრძალოს. ქვედა სართულზე, ჩემი მეზობელი, უნიტაზზე მოკალათებული რომ ეწევა, ჩემს ბინაში ბუღი დგას. გავაფრთხილე, ასე ნუ იქცევი-მეთქი და თავში არაფერი შესდის. კანონი რომ იქნება, პოლიციას გამოვიძახებ და რომ დააჯარიმებენ, ხომ ვეღარ მოწევს?

ნუგზარ დავითიძე, 56 წლის, მძღოლი:

- მწეველი ვარ და კი არ მომწონს, გარეთ რომ მომიწევს მოსაწევად გასვლა, მაგრამ იმ ხალხისაც მესმის, ვინც არ ეწევა. ოღონდ, მხოლოდ სიტყვიერი აკრძალვა ვერ უშველის მაგ ამბავს. თუ დამრღვევებს არ დააჯარიმებენ, მაინც მოწევს ყველა, ვისაც არ ესმის, რომ არამწეველის ჯანმრთელობას აზიანებს.

ანზორ კირკიტაძე, 69 წლის, პენსიონერი:

- ეჰ, ბავშვობიდან ვეწევი. კანონი მოწევაზე უარს კი ვერ მათქმევინებს, მაგრამ მაინც საჭირო მგონია. შვილიშვილის ნათლობა აღვნიშნეთ რესტორანში. ჩვილი ბავშვი სიგარეტის ბოლსა და ბუღში გვყავდა და კინაღამ დაგვეხრჩო. რესტორანში ოჯახით ვერ წახვალ, რადგან არავინ ერიდება არამწეველს. არ არის ეს კულტურა და თუ კანონი ხალხს წესიერებაში დაეხმარება, მაგას რა სჯობს?!

ლუკა გაბეჩავა 24 წლის, სტუდენტი:

- აკრძალვა შედეგს ვერ გამოიღებს. როგორ ფიქრობთ, ქორწილი რომ იქნება, მთვრალ ხალხს ვინმე გააგებინებს, რომ რესტორანში არ უნდა მოწიოს? იქნებ ბავშვობიდან ვასწავლოთ, რომ არ მოწიონ ან სიგარეტის რეალიზაცია შეიზღუდოს. კიდევ უფრო გააძვირონ, ვიდრე მოსალოდნელია.

ნათია ინანიშვილი, 32 წლის, ექიმი:

-  ძალიან მინდა, რომ აკრძალონ. ოჯახს სადმე ერთად წასვლა, დასვენება და სადილი რომ გვინდა, საათობით ვარჩევთ ადგილს, რადგან ძირითადად ყველა რესტორანში, კაფესა და ბარში ეწევიან.

ნელი ქიტიაშვილი 70 წლის, პედაგოგი:

- ნეტავ საერთოდ რეალიზაცია აიკრძალებოდეს. სიგარეტმა ქმარი ნაადრევად მომიკლა. 57 წლის ასაკში ფილტვის ინფარქტი დაემართა. ამასწინათ ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში ვიყავი, მისაღების შესასვლელთან ეწეოდნენ ექიმებიც და პაციენტებიც. კარი როგორც კი იღებოდა, საშინელი სუნი და კვმალი შემოდიოდა შიგნით. დახურულ სივრცეში ყველას უნდა აეკრძალოს მოწევა.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტებში არაფერია ნათქვამი ლიფტში, ან მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ტუალეტებში მოწევის აკრძალვის შესახებ, მაგრამ ხალხმა თვითონ გამოიჩინა ინიციატივა და ერთგვარი საზოგადოებრივი მოძრაობაც კი დაიწყო მოწოდებით, რომ ლიფტებში არ მოწიონ. არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის სოფელმა" მსურველებს უფასოდ შესთავაზა სტიკერები, რომელთა გაკვრა ლიფტებში და ნებისმიერ სხვა ადგილზე შეიძლება. სტიკერზე გამოსახულია ორსული ქალი და ბავშვი, წარწერა კი მწეველს შეახსენებს სხვისი უფლებების დაცვის აუცილებლობას. ნუ მოწევ დახურულ სივრცეში, ნუ მოწევ, სადაც ბავშვია, ნუ მოწევ ლიფტში, გმადლობთ, რომ არ ეწევით, ამ შინაარსის მქონე მოწოდებებით, უკვე 500-მდე დახურულ სივრცეში გაჩნდა აღნიშნული სტიკერები. მათ შორის, 100-მდე ლიფტში მოხალისეებმა დატოვეს შეტყობინება, მადლობა, აქ რომ არ ეწევით. საზოგადოების ამ ტიპის აქტიურობა კიდევ ერთხელ მიანიშნებს საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობაზე, რადგან თუ მწეველი არ ითვალისწინებს არამწეველის უფლებას, ისუნთქოს და იცხოვროს ჯანსაღ გარემოში, კანონმა უნდა ასწავლოს არამხოლოდ სხვისი, საკუთარი ჯანმრთელობის დაცვაც.

ეკა ლომიძე