დღეს ჩვენი პატრიარქის დაბადების დღეა - ილია მეორის დღემდე უცნობი წერილები - კვირის პალიტრა

დღეს ჩვენი პატრიარქის დაბადების დღეა - ილია მეორის დღემდე უცნობი წერილები

2016 წლის 25 დეკემბერს ჩვენს პატრიარქს აღსაყდრებიდან 39 წელი შეუსრულდა, 2017 წლის 4 იანვარს კი - დაბადებიდან 84 წელი. "კვირის პალიტრა" ულოცავს უწმინდესს და დღეგრძელობას უსურვებს ერის საიმედოდ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის მარტში საქართველოს სამოციქულო ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წელს იზეიმებს.

ჩვენმა ქვეყანამ ბოლო ათწლეულების მანძილზე უამრავი განსაცდელი გადაიტანა, მაგრამ გავძელით! არავინ იცის, ამას შევძლებდით თუ არა, ჩვენ გვერდით პატრიარქი რომ არ ყოფილიყო. დღეს ბევრი აღიარებს, რომ ის სწორედ გადასარჩენად გამოგვიგზავნა უფალმა. ალბათ, ბოლომდე ვერავინ შეიცნობს, თუ რამხელა ძალა და სიყვარული გაიღო ილია II - მ ამ მისიის შესასრულებლად. პატრიარქის დღემდე უცნობი წერილები, რომლებსაც გამომცემლობა "პალიტრა L" 4 ტომად აქვეყნებს, ჩვენი სულიერი წინამძღვრის ამ ღვაწლზე ტკივილამდე დაგვაფიქრებს...

ილია II ამ წერილებით საქართველოს მომავალს ჭედავდა. თხოვნითა და მოთხოვნითაც მიმართავდა მათ, ვინც ჩვენი დაჩოქება გადაწყვიტა, რათა უკუღმა დატრიალებული ბედის ჩარხი წაღმა შემოებრუნებინა, გზა ხსნისა ეპოვა.

ამ წერილების კითხვისას ცრემლიც მოგადგებათ და სიამაყითაც აღივსებით. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ტკივილით, თმენით და იმედით მოჰყვებოდა და მიგვაცილებდა ჩვენი პატრიარქი ბოროტებიდან სიკეთისკენ, სასოწარკვეთიდან იმედისკენ, სიბნელიდან სინათლისკენ... ასე იყო და ახლაც ასეა - ისევ ჩვენი პატრიარქი მიგვიძღვება და გვლოცავს... გთავაზობთ რამდენიმე ექსკლუზიურ წერილს წიგნიდან "ჩვენი პატრიარქი".

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, ბატონ გივი გუმბარიძეს

დიდად პატივცემულო გივი, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს; დაე, მშვიდობიანი და ბედნიერი იყოს იგი თქვენთვის და სრულიად საქართველოსთვის. მოგახსენებთ, რომ შობა დღეს, 7 იანვარს, სამღვდელოებამ და მორწმუნეებმა მოინახულეს კოლონიებში მყოფნი, ხოლო მე გახლდით თბილისის ციხესა და იზოლატორში. მსჯავრდადებულებთან საუბრისას ნათლად გამოიკვეთა, რომ პატიმრები დიდ იმედს ამყარებენ პირადად თქვენზე, ელიან შეწევნასა და დახმარებას. მეც დიდი იმედი მაქვს თქვენი მოწყალებისა და ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით:

თბილისში, ორთაჭალის ციხეში, ამჟამად იმყოფება სიკვდილმისჯილი 14 ადამიანი. ცნობილია, რომ საქართველოში, როგორც ქრისტიანულ ქვეყანაში, ყოველთვის ერიდებოდნენ სასჯელის ამ უმაღლეს ზომას, რადგანაც ჩვენი ერთ-ერთი მცნება პირდაპირ მოითხოვს: არა კაც ჰკლა. არის თუ არა ესა თუ ის პიროვნება დამნაშავე, ეს მსჯავრი მაინც გაუმართლებელია. იგი დიდ ცოდვად ედება ჩვენს ერს. ცხოვრებამ მრავლგზის ცხადყო წმინდა მამათა სიტყვების სისწორე, რომ ბოროტება არ შეიძლება ბოროტებით განიკურნოს და მას მხოლოდ სიკეთით შეიძლება ეშველოს.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის, მთელი მორწმუნე ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გთხოვთ თქვენ და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, შეიწყალოთ სიკვდილმისჯილი ეს 14 ადამიანი და მათ განაჩენი სხვა სასჯელით შეუცვალოთ.

ასევე გთხოვთ, დასვათ საკითხი სიკვდილით დასჯის კანონის გაუქმების შესახებ. თავის დროზე ამასვე ითხოვდნენ წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) და სხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწენი. იმავეს ითხოვს დღეს ჩვენი მოწინავე საზოგადოება.

ხოლო ვიდრე ეს კანონი ძალაში შევიდოდეს, გთხოვთ, შეიწყალოთ ყველა სიკვდილმისჯილი და თქვენი მამობრივი კალთა გადააფაროთ მათ...

ბატონო გივი, თქვენს მოწყალებას ელოდებიან დატუსაღებულნი; ამასვე ელოდება მთელი ჩვენი ერი. უმორჩილესად გთხოვთ, შეიწყალეთ მსჯავრდადებულნი, რადგან მხოლოდ სიკეთითა და სიყვარულით შეიძლება მათი გამოსწორება.

ღრმა პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 11 იანვარი, 1990 წელი

მის უწმინდესობას, უწმინდეს ალექსი II-ს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს

თქვენო უწმინდესობავ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო, გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, მშვიდობიანსა და სიხარულით აღსავსე ხანგრძლივ სიცოცხლეს და ღვთის შეწევნას თქვენს მამამთავრულ მოღვაწეობაში.

თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ უდიდეს გარდატეხათა და კონფლიქტების ეპოქაში ვცხოვრობთ. ეკლესიის მეთაურებმა და მისმა რიგითმა მსახურებმა ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ პოლიტიკურმა და ერთაშორისმა კონფლიქტებმა ჩვენი ეკლესიებიც არ ჩაითრიოს.

1991 წლის 31 ოქტომბრის "დამოუკიდებელმა გაზეთმა" გამოაქვეყნა ჟანა მარუკიანის წერილი სათაურით: "სამხრეთ ოსეთის ქრისტიანები დახმარებას სთხოვენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, სადაც ნათქვამია: "მამა ვიტალი, ვლადიკავკაზის ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძრის მოძღვარი, თანახმაა, თავის თავზე აიღოს მზრუნველობა სამხრეთ ოსეთზე, რომელმაც მას თხოვნით მიმართა".

რა უფლება აქვს მამა ვიტალის უცხო საპატრიარქოს იურისდიქციაში ჩარევის? თუკი ამ რაიონის რომელიმე მცხოვრებს კანონიკური სამართლის უცოდინარობის გამო შეუძლია მას ამგვარი თხოვნით მიმართოს, თვითონ მამა ვიტალის ევალება იცოდეს ეკლესიის კანონები, რომელთაც იგი უხეშად არღვევს.

მაგრამ ყველაზე მეტად გვაოცებს სტავროპოლის და ბაქოს მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის, გედეონის პოზიცია, რომელსაც მე ვიცნობ ვითარცა კეთილ მწყემსმთავარ და კომპეტენტურ პიროვნებას კანონიკური სამართლის საკითხებში. წერილში ვკითხულობთ: "მას ამისთვის კურთხევას აძლევს სტავროპოლისა და ბაქოს მიტროპოლიტი გედეონი, რომელმაც ამას წინათ გამოხატა თავისი აზრი ორი ოსეთის შეერთების თაობაზე".

უწინარეს ყოვლისა, მეუფე გედეონმა, ალბათ, უნდა იცოდეს, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არასოდეს ყოფილა გაერთიანებული ჩრდილოეთ ოსეთთან და რომ ის უძველესი ტერიტორიაა საქართველოსი. თავისი განცხადებით მეუფე მტრობას სთესს არა მხოლოდ ქართველებსა და ოსებს, არამედ ქართველებსა და რუსებს შორისაც; ხოლო თუკი მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია, მაშინ მას ამ სტატიის გამოჩენისთანავე წერილობით უნდა უარეყო იგი.

სტატია მთავრდება იმით, რომ რუსულ ეკლესიას მიტროპოლიტი გედეონის სახით სურს "სულიერი დახმარება გაუწიოს და მიიღოს სამხრეთ ოსეთი რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პროტექტორატის ქვეშ". ამისათვის, როგორც ნათქვამია "მიტროპოლიტმა სრულიად რუსეთის პატრიარქს - ალექსი IIII-ს გამოსთხოვოს კურთხევა".

თქვენო უწმინდესობავ, მე შემეძლო საერთოდ არ გამოვხმაურებოდი ამ სტატიას, როგორც არასერიოზულ განცხადებას, მასში რომ რუსული ეკლესიის თვალსაჩინო მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ გედეონის სახელი არ იხსენიებოდეს. მე არც თქვენი შეწუხება მსურდა, მაგრამ, რადგანაც ამ წერილს საქართველოს ტელევიზიამ უკვე გაუკეთა კომენტარი, რამაც მორწმუნეთა შორის მღელვარება გამოიწვია, იძულებული გავხდი, თქვენთვის წერილით მომემართა.

რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, არ იზიარებთ მიტროპოლიტ გედეონისა და მამა ვიტალის შეხედულებას.

ძმური სიყვარული, ურთიერთგაგება და თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს ავტოკეფალიურ ეკლესიებს შორის არსებობს, ვერ უნდა დაარღვიოს მსგავსმა უპასუხისმგებლო განცხადებებმა.

კიდევ ერთხელ გისურვებთ, თქვენო უწმინდესობავ, ღვთის დიდ წყალობას.

გეხვევით ძმური სიყვარულით.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 8 ნოემბერი, 1991 წელი

მის ყოვლადუსამღვდელოესობას, ბათლომეოს I-ს, კონსტანტინეპოლის ახალი რომის მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მორწმუნე ერის სახელით, ძმური სიყვარულით მოგმართავთ თხოვნით, ხმა აღიმაღლოთ იმ დაუფარავი აგრესიის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ რუსეთის ფედერაციიდან შემოჭრილი ტერორისტული ბანდები აფხაზ სეპარატისტებთან ერთად მათ სურთ, დაარღვიონ საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს მთლიანობა და ამ მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდებიან: ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ძარცვავენ ოჯახებს, წვავენ სახლებს, შეურაცხყოფენ ქალებს… ყოველივე ამას კი მხარს უჭერენ და საბრძოლო ტექნიკით ამარაგებენ რუსეთის რეაქციული ძალები.

იქმნება რეალური საფუძველი მსოფლიო მნიშვნელობის გლობალური კონფლიქტისა, რომელმაც შეიძლება მოიცვას მრავალი ქვეყანა. გთხოვთ, ამ მძიმე სიტუაციის შესახებ აცნობოთ ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს და აღავლინოთ ლოცვა საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით

ილია II, სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

2 ოქტომბერი 1992 წელი

მის აღმატებულებას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ბატონ ბუტროს-ბუტროს გალის

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო გენერალურო მდივანო, მოგმართავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი მეტად მძიმე მდგომარეობის გამო.შეიქმნა რეალური საშიშროება საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს მთლიანობის დარღვევისა.

რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოჭრილი ჩრდილო კავკასიის დაქირავებული ტერორისტული ბანდები აფხაზ სეპარატისტებთან ერთად აწარმოებენ ომს საქართველოსთვის ძირძველი მხარის, აფხაზეთის მოკვეთის განზრახვით. ამ ვერაგული მიზნის განხორციელებაში მათ მძიმე ტექნიკითა და იარაღით ეხმარებიან რუსეთის რეაქციული ძალები.

იღვრება ასობით ადამიანის სისხლი, საჯაროდ ხვრეტენ უდანაშაულო ადამიანებს, შეურაცხყოფენ ქალებს, ძარცვავენ ოჯახებს… და ეს ყველაფერი ხდება მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების თვალწინ.

უხეშად ირღვევა რუსეთსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულება; და მას არღვევენ ის აგრესიული ძალები, რომელნიც ასევე ემუქრებიან რუსეთის დემოკრატიას.

თუ ეს ყოველივე დროულად არ იქნა აღკვეთილი, კონფლიქტი შესაძლებელია გადაიზარდოს მსოფლიო მნიშვნელობის დიდ ტრაგედიაში. დარწმუნებულნი ვართ, თქვენო აღმატებულებავ, რომ თქვენ სასწრაფოდ მიიღებთ ზომებს ამ დაუფარავი, უხეში აგრესიის აღსაკვეთად. საქართველოს სჯერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ავტორიტეტისა და პირადად თქვენი შორსმჭვრეტელობისა.

ღმერთმა დაგლოცოთ. ღრმა პატივისცემით

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 7 ოქტომბერი, 1992 წელი

მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ბორის ელცინს

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ბოლო დროს საქართველოში მომხდარმა მეტად მძიმე მოვლენებმა ჩვენს ხალხში დიდი მღელვარება გამოიწვია. უკვე რამდენიმე დღეა რუსეთის ფედერაციის ავიაცია და ჯარის ნაწილები აფხაზ სეპარატისტებთან ერთად გამუდმებით ბომბავენ ქალაქ სოხუმს. არის მრავალი დაჭრილი და მოკლული მშვიდობიან მოსახლეობაში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, ვითხოვთ თქვენს უშუალო ჩარევას ამ მოქმედებათა აღსაკვეთად, რადგან ისინი მეტად უარყოფითად იმოქმედებენ ჩვენი ერთმორწმუნე ხალხებისა და სახელმწიფოების მრავალსაუკუნოვან კეთილ ურთიერთობაზე.

საქართველო მეტად აფასებს თქვენს თავდადებულ ღვაწლს, გაწეულს სამართლიანობისა და დემოკრატიის დასაცავად.

გისურვებთ ღვთის შეწევნას თქვენს მაღალ და საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 16 მარტი, 1993 წელი

მის უწმინდესობას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, ალექსი II-ს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი ქართველი ხალხის სახელით გულისტკივილით მოგმართავთ საქართველოში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. უკანასკნელ დღეებში აფხაზეთში დაძაბულობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია.

რუსეთის ფედერაციის არმია და ავიაცია აფხაზ სეპარატისტებთან ერთად ინტენსიურად ბომბავს ქალაქ სოხუმს, რის შედეგადაც მრავალი დაიღუპა და დაიჭრა მშვიდობიან მოსახლეობაშიც. ჩვენ დიდად ვწუხვართ, რომ მსგავსი აქციები უარყოფით ზეგავლენას ახდენენ საქართველოსა და რუსეთს შორის იმ კეთილ ურთიერთობებზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა.

გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი მაღალი ავტორიტეტი მოცემული კონფლიქტის მოსაგვარებლად.

ვითხოვთ, თქვენს წმინდა ლოცვებს მრავალტანჯული საქართველოსა და ჩვენი წმინდა ეკლესიისათვის.

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 17 მარტი, 1993 წელი

ქალაქ თბილისის მერს, ბატონ ივანე (ვანო) ზოდელავას

ბატონო ვანო, თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ამ ბოლო დროს დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს ჩვენი დედაქალაქის ისტორიული ნაწილის შევსება-მშენებლობა ძველი თბილისისათვის შეუფერებელი იერსახისა და მასშტაბის მქონე ახალი ნაგებობებით. მათ შორის, აბანოთუბანში უსახური შენობა, რომელმაც გადაფარა თაბორის მთა, დარეჯანის სასახლის ეზოში შემოჭრილი სრულიად უცხო ნაგებობა, კრწანისის რაიონში, გრიშაშვილის ქუჩაზე, სკოლასა და მოსწავლეთა სახლს შორის აგებული სასტუმრო და მრავალი სხვა.

თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე მოსწავლეთა სახლზე, რომელიც, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, უნდა გასხვისდეს (თუმცა ამის უფლება არავის აქვს, რადგან იგი ბავშვებს ეკუთვნის) და უკვე წარმოდგენილია პროექტი ოთხი სართულის დაშენებისათვის. მოგეხსენებათ, რომ ეს არის კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია.

ძველი თბილისის ყველა უბანს აქვს სულიერი და ფიზიკური დომინანტები, ეს თბილისის ტაძრებია. დასახელებულ უბანში დომინანტს წარმოადგენს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელიც ჯერ კიდევ 50-იან წლებში გადაფარა მრავალსართულიანმა საცხოვრებელმა სახლმა გორგასლის პროსპექტზე. ახლა კი, სრულიად დაიფარა შვიდსართულიანი ნაგებობით. გარდა ამისა, ჩვენი დედაქალაქის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს ადგილს ვეხებით: აქ შემორჩენილია, ქალაქის უძველესი ფრაგმენტი, აქ მიმდინარეობდა კრწანისის ბრძოლები და ეს მიწა მორწყულია 300 არაგველისა და სხვა მამულიშვილთა სისხლით. ამიტომ საუკუნის წინ, კრწანისის ომის 100 წლისთავთან დაკავშირებით, კირიონ კათოლიკოსმა ამ ტაძარში აღასრულა ომში დაღუპულ გმირთა სულის საოხი პანაშვიდი.

ბატონო ვანო, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება, აღკვეთოთ შენობის გასხვისება, დაუბრუნოთ იგი ბავშვებს და შეუნარჩუნოთ ჩვენს მომავალ თაობას დედაქალაქის ისტორიული ნაწილი.

პატივისცემით

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 13 მარტი, 2000 წელი

მიმართვა სრულიად საქართველოს მოსახლეობას

ჩვენო სულიერო შვილებო, მეტად სამწუხაროა, რომ ბოლო დროს გახშირდა თვითმკვლელობის ფაქტები, რასაც ძირითადად მძიმე სოციალური და მატერიალური პრობლემებით ხსნიან, ხოლო ზოგიერთები ცდილობენ, იგი პროტესტის ფორმადაც გამოიყენონ.

გვინდა, ერთხელ კიდევ ყველას განვუცხადოთ, რომ სულიერად ჯანმრთელი პიროვნების თვითმკვლელობას არა აქვს არანაირი გამართლება, რადგანაც ეს განდგომაა ღვთისაგან. ის, ვინც ამ საშინელ ნაბიჯს დგამს, უშუალოდ ეშმაკს აბარებს თავის სულს და მისი შველა უკვე აღარც ეკლესიას შეუძლია და არც რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას.

ამიტომაც, ფიქრი იმისა, თითქოს თავის მოკვლით ადამიანი პრობლემებისაგან განთავისუფლდება ან ასეთი ქცევით სხვისთვის რაიმე სიკეთეს გააკეთებს, დიდი შეცდომაა, რადგან ამ შემთხვევაში განსაცდელისაგან განრიდება კი არ ხდება ან ვინმესთვის რაიმე დახმარების გაწევა, არამედ უმძიმესი ცოდვის ჩადენა და სულის გაწირვა მარადიული საშინელი წამებისათვის.

ჩვენ ვურჩევთ სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ასეთი ფიქრებით შეპყრობილ ადამიანებს, მიაკითხონ ეკლესიას, დაესწრონ ლოცვებს და აღსარებითა და ზიარებით მიიღონ შვება სულისა.

აღვნიშნავთ იმასაც, რომ თვითმკვლელობის მსგავსი ცოდვაა შიმშილობა, ამა თუ იმ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით;

ვისაც ქრისტიანი ჰქვია და თავი მორწმუნედ მიაჩნია, ასეთი საქციელი არ უნდა ჩაიდინოს.

ილია II, სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

5 აპრილი, 2000 წელი

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია