გაუგებარი სომხური, "დახვეწილობის კურსები" და პოლიტიკური მახათი - პოლიტკალეიდოსკოპი - კვირის პალიტრა

გაუგებარი სომხური, "დახვეწილობის კურსები" და პოლიტიკური მახათი - პოლიტკალეიდოსკოპი

2016 წელიც კურიოზებით დატვირთული აღმოჩნდა. შევეცადეთ, ზოგიერთი მათგანი გაგვეხსენებინა

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სამცხე-ჯავახეთის იმ სოფლებში, სადაც სომეხი ეროვნების მოსახლეობაა ჩასახლებული, "ქართული ოცნების" სააგიტაციო მასალები გავრცელდა. მასალები სომხურ ენაზეც იყო დაბეჭდილი, თუმცა შინაარსი არ იკითხებოდა(?!). ტექსტში მხოლოდ სომხური ასო-ბგერები იყო გამოყენებული, მაგრამ აზრის გამოტანა შეუძლებელი გახლდათ.

- ადამიანი, რომელიც ზოგადად მაინც ფლობს სომხურ ენას, მიხვდება, რომ ეს ტექსტები ამ ენაზე დაწერილი არ არის, უბრალოდ სომხური ასოებია გამოყენებული. ძალიან გაგვაოცა ამ ფაქტმა, არ ვიცი, მიზანმიმართულად მოხდა თუ შეცდომაა", - განაცხადა საქართველოს სომეხთა სათვისტომოს გამგეობის წევრმა სანდრო ოჰანიანმა.

"დახვეწილობის კურსები"

"თბილისის მერია რესტორნებში თვეში დაახლოებით 47 ათას ლარს ხარჯავს!" - ეს ინფორმაცია "მედიატორის" წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა გაავრცელა. ამ უკანასკნელმა რესტორნებში კორპუსის თავმჯდომარეების პატივსაცემად მოწყობილი ვახშმის ხარჯებიც დაითვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მერია არა მხოლოდ ჭამა-სმას, არამედ სუფრასთან ქცევის წესების შესწავლასაც აფინანსებს, სატენდერო დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ მასწავლებელმა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს სუფრასთან ქცევის წესები უნდა შეასწავლოს. მოკლედ, ჩაცმისა და სუფრასთან ქცევის წესებს მერიისა და საკრებულოს 38 თანამშრომელს შეასწავლიან, შემდეგ კი უკვე ისინი მაგალითს სხვებს მისცემენ(?!). თავის მხრივ, თბილისის მერმა ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა. თავდაპირველად დახვეწილობის კურსების იდეა მოიწონა: "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მოქმედი კანონმდებლობით ევალება ტრენინგების ჩატარება და პერიოდულად თანამშრომლების გადამზადება. საკანონმდებლო ვალდებულებაც რომ არ იყოს, მე პირადად ვთვლი, რომ ეტაპობრივად მერიის უწყებებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლები აუცილებლად უნდა გადაამზადონ, რათა არ ჩამოვრჩეთ მიმდინარე სიახლეებს". მოგვიანებით კი დაბნეულმა მერმა სრულიად სხვა რამ განაცხადა: "ჩვენ გაცილებით უფრო ინოვაციურ და მნიშვნელოვან ტრენინგებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, ვიდრე ეტიკეტი და პროტოკოლია".

სელფი შინაურ ცხოველთან...

თავის დროზე, ყურადღება მიიქცია განცხადებამ, რომ ჭიათურის რაიონის სოფელ ქვედა ჭალოვანის (რომელმაც მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი მიიღო) მოსახლეობას მაღალმთიან რეგიონში მცხოვრების სტატუსის მისაღებად შინაურ ცხოველთან სურათის, ე.წ. სელფის გადაღებას აიძულებდნენ. ჟურნალისტთან სოფლის მკვიდრმა დაიჩივლა: "ასე რატომ უნდა დამამცირონ? რა სავალდებულოა ძროხასთან სელფის გადაღება, თუ უნდათ დახმარება, ისე დამეხმარონ". მოგვიანებით, ჭიათურის გამგებელმა როინ ხუციშვილმა განმარტა: "სტატუსის მისაღებად დამატებითი დოკუმენტაციის ჩამონათვალში ნათქვამია, რომ მეურნეობის ფოტო სასურველია და არა სავალდებულო. ე.ი. აუცილებელი არაა ძროხასთან ერთად სელფის გადაღება, შიდამეურნეობის დასადასტურებლად ვენახის ფოტოც გამოდგება... მთავარია, ადამიანს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრების სტატუსის მისაღებად ადგილზე ყოფნა უდასტურდებოდეს".

მიუხედავად ასეთი განმარტებისა, შინაურ ცხოველთან (ზოგისთვის სავალდებულო, ზოგისთვის კი სასურველი) სელფის გადაღების ამბავი კარგა ხანს საზოგადოების განხილვის საგანი იყო.

ახმეტის მეტროპოლიტენი

ყველაზე კურიოზული, ალბათ, 2016 წლის 5 დეკემბერს ახმეტის საკრებულოს #22 დადგენილებაა, რომლითაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი დამტკიცდა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამ დოკუმენტით ახმეტის საკრებულომ მეტროპოლიტენის სადგურებისა და გადასაჯდომი კვანძებისათვის სახელწოდების მინიჭების წესი დაადგინა. მაგრამ რა ვუყოთ, რომ ახმეტაში მეტროპოლიტენი არ არის?! გამოსავალი ერთია - დეპუტატებმა კარგად უნდა წაიკითხონ, რას უყრიან კენჭს.

პოლიტიკური მახათი

წლის კურიოზებთან დაკავშირებით "კვირის პალიტრას" ყოფილი პარლამენტარი, ქუთაისელი გოგი წულაია ესაუბრა: - მაჟრიალებს!.. ვირუსი შემეყარა. ვკვდები და ლაპარაკის და სიცილის ხასიათზე არა ვარ. თუმცა ამ ხელისუფლებაში კოლექტიურად აჟრიალებთ და არაფერი მოსვლიათ (?!). ჰოდა, რაღა მე დამემართება რამე?! დოლარის კურსი ძაან მაღლა რომ აქანდა, ვიღაც პარლამენტარი გამოვარდა, კი მაგრამ, ლარის მკვეთრად გამყარების შემთხვევაში რაფერ მევიქცეთო. პრემიერმა, - უცხო ვალუტის კურსს რას უყურებთ, დოლარები მაინც არ გაქვთო. ჰოდა, რომ გავიფიქრე, ეკონომიკა თავზე ჩამოგვექცა-მეთქი, აგერ, პარლამენტში ვიღაცამ თქვა, ამერიკის ეკონომიკური განვითარების და წახალისების პროგრამა ჩვენი პროგრამიდან არის გადაწერილიო... ჰოდა, მივხვდი, რომ ამათ ჩემზე უარესად აჟრიალებთ!

- 2016 წლის პოლიტიკურ კურიოზებს თუ გაიხსენებთ?

- კომუნისტი შევარდნაძე კაპიტალიზმს გვიშენებდა, კაპიტალისტი თოფაძე კი სოციალიზმისკენ გვექაჩება. მეტი კურიოზი რა გინდათ? ისე, ბოლო ხანს ქუთაისში სწრაფი კვების ობიექტები სოკოებივით გამრავლდა და უმეტესობის გახსნით თავად ქუთაისის მერია არის დაკავებული - ქალაქის მერმა და გუბერნატორმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს ბლინების საცხობი. და ეს პროგრამის ("აწარმოე საქართველოში") ფარგლებში დაფინანსდა. ამათთვის ბლინების საცხობი საწარმოა!

- სამაგიეროდ, ქუთაისელები "დახვეწილობის კურსებზე" არ დადიან...

- ნარმანია ამაზეც ხარჯავს ბღუჯა-ბღუჯა ფულს, ხო?! სურს, დანა-ჩანგლის დაჭერა შეასწავლოს თანამშრომლებს... მაგი ნაღდად არ მოუფიქრებიათ ქუთაისელებს! ჯერ ერთი, ამათ ჭამა-სმას ვინ ასწავლის, მეორეც, უცხოელებით იმდენად არ არის გადატენილი აქაურობა, მათთან ეტიკეტის არცოდნის გამო ვინმემ თავი მეიჭრას!

- კი მაგრამ, ქუთაისი ტურისტულ ქალაქად ხომ უნდა გადაქცეულიყო?

- გადაიქცა კიდეც, მაგრამ ჩამოსულებს ერთი დიდი პრობლემა აქვთ... ბოდიში მომითხოვია და, ტუალეტები არ არის ქალაქში. თავად დამინახავს ტურისტი, ხელი რომ აქვს "იმაზე" წავლებული და გარბის "იქანა", საიდანაც ჩამევიდა.

- ადგილობრივი ხელისუფლების ოპოზიციაში ხართ და არ დააყენეთ ეგ საკითხი?

- როგორ არა, ჩემი აზრი გაითვალისწინეს და დადგეს ტუალეტი, მაგრამ ისეთ ადგილზე, სადაც კანალიზაცია არ არის...

- ზუგდიდის გამგეობამ თანამშრომლებს დრესკოდი დაუწესა, აბა, ქუთაისელებს ასეთი იდეა თუ გაგიჩნდათ?

- სად იყო ზუგდიდის გამგეობა, როცა ქუთაისის მერმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, მდედრობითი სქესის თანამშრომლებს დაევალათ კაბების მუხლს ქვემოთ, 4-5 სანტიმეტრით დაგრძელება. ჰოდა, მერიას შევთავაზე, მოდი, ბარემ გამზომველ-გამკონტროლებელი შტაბი შევქმნათ-მეთქი. კაი, ვთქვათ, რომელიმე თანამშრომელმა დაარღვია "კანონი" და მხოლოდ 3 სანტიმეტრით დაიგრძელა კაბა, დარღვევა ხომ უნდა დავადასტუროთ?! ასე რომ, ამზომველი (ხელში სახაზავით) დაადგენს ამ ყველაფერს, თანაც დასაქმდება... ამგვარად დასაქმების პრობლემის აღმოფხვრასაც ხელს შევუწყობთ!

ეკა ასათიანი