"ტაში, ბიჭო, გიორგუნა" - ყველაზე ცნობილი რაჭველი კონცერტის დროს სცენაზე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"ტაში, ბიჭო, გიორგუნა" - ყველაზე ცნობილი რაჭველი კონცერტის დროს სცენაზე გარდაიცვალა

ყველაზე ცნობილი რაჭველი, "ტაში, ბიჭო, გიორგუნას" და ცეკვა "რაჭულის" ავტორი, დათუნიკა სხირტლაძე გარდაიცვალა. ქორეოგრაფი, თავის მშობლიურ ამბროლაურში, კონცერტის დროს სცენაზე გარდაიცვალა.

დავით სხირტლაძე ამბროლაურის რაიონში 1958 წელს, ხელოვანი ხალხის ოჯახში დაიბადა და აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. შემდეგ კი თბილისში, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დაიწყო სწავლა. მისი მამა რეჟისორი, დრამატურგი და პოეტი იყო. 1978 წელს, რესპუბლიკურ ფესტივალზე ცეკვა "ქართულის" შესრულებით გაიმარჯვა. დათუნიკა სხირტლაძე ჯგუფ "შინის" და "ეგარის" წევრი იყო.

"ტაში ბოშო გიორგუნა", რომელიც მოსმენისთანავე რაჭას გახსენებთ, სხირტლაძეების ოჯახში დაიბადა. გიგა სხირტლაძის ტექსტი, რომელიც ბევრს ხალხური ჰგონია, მისმა შვილმა, ქორეოგრაფმა დავით სხირტლაძემ მოგვიანებით ცეკვას მოარგო და რაჭულის ცნობილი ილეთები შექმნა.

"რამდენიმე საათის წინ ამბროლაურში, სცენაზე კონცერტის დროს გარდაიცვალა შესანიშნავი ხელოვანი, ჩემი მეგობარი დათო (დათუნიკა) სხირტლაძე. ძალიან დიდი დანაკლისია მისი გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისათვის! ძალიან დაგვაკლდები დათუნიკა", - დაწერა სოციალურ ქსელში ანსამბლ "ლაშარის" ხელმძღვანელმა, გიორგი უშიკიშვილმა.

ფოტო აღებულია გიორგი უშიკიშვილის "ფეისბუკგვერდიდან"