შობა ბაბუას ზღაპრიდან... - კვირის პალიტრა

შობა ბაბუას ზღაპრიდან...

მოხუცებიც სამყაროს ხშირად ისევე ხედავენ, როგორც ბავშვები, ცხოვრობენ საოცარ სიმშვიდეში, რაც ყველას გვჭირდება

მინდა ეს ზღაპარი ასე დავიწყო: იყო და არა იყო რა, იყო სასწაულების შემგროვებელი მხატვარი. დილით ჩაიცვამდა თბილ პალტოს, დაიხურავდა თბილ ქუდს და გაუდგებოდა გზას სასწაულების საძებნელად. ეძებდა, ეძებდა, ბოლოს იპოვიდა, "მიიყვანდა" შინ და ხატავდა...

მერე? მერე ირგვლივ სითბო ისადგურებდა. ხალხიც უყურებდა მის ნახატებს და სასწაულებსაც იჯერებდა. ჰოდა, ისე როგორც სასწაულები, ეს მხატვარი და მისი ზღაპარიც ნამდვილად არსებობს - მას ნინო ჩაკვეტაძე ჰქვია. მხატვარი ვერაზე, პატარა სახლში ცხოვრობს, სადაც სიკეთე იმდენია, მთელ სამყაროს ეყოფა...

- ამ მკაცრ სამყაროში ამდენი სითბო როგორ იპოვეთ?

- ხანდახან მეც მიკვირს, გარშემო იმდენი განსაცდელია, ეს როგორ გამომდის-მეთქი?! მაგრამ ხომ ვიცით, რომ სიკეთე ჩვენშია, უბრალოდ, ცხოვრებაა მკაცრი და მასზე ფიქრს არ გვაცლის, სულ სხვა სივრცეში ყოფნას გვაიძულებს.

- ძალიან საყვარელ ბავშვებსა და მოხუცებს ხატავთ.

- მოხუცებიც ხომ ბავშვები არიან. ისინიც სამყაროს ხშირად ისევე ხედავენ, როგორც ბავშვები, ცხოვრობენ საოცარ სიმშვიდეში, რაც ყველას გვჭირდება.

მახსოვს, ძილის წინ ბაბუა მიყვებოდა თავის მოგონილ ზღაპრებს... ალბათ, იმ ზღაპრებიდან არიან ჩემი გმირებიც და ისევე ელიან სასწაულს, როგორც მე ველოდი ბავშვობაში.…

- ახლა აღარ ელოდებით?

- ახლაც ველოდები, ამის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ დიდებს სასწაულები იშვიათად გვისრულდება. ბავშვებს კი ხშირად, რადგან მათი სურვილები უბრალო და გულწრფელია.

- აი, ამ პატარა ბიჭს თქვენს ნახატზე შობის სასწაულის მოლოდინში ჩასძინებია...

- ჩვენც ასე ჩაგვეძინებოდა ხოლმე შობის ღამეს, მერე მოვიდოდა დედა, აგვიყვანდა და თბილ საწოლში გადაგვაწვენდა...

- თქვენს ნახატებში მხოლოდ შობის მოლოდინი კი არა, საშობაოდ მოსული თოვლიც თბილია...

- ხომ გახსოვთ, როგორ უვარდისფერდებათ სიხარულით ლოყები ბავშვებს, როცა თოვას იწყებს...

ახლა იშვიათად თოვს და ზოგჯერ ამის გამო მეც ბავშვივით ვდარდობ. ამიტომაც ვხატავ თოვლს და ბავშვობას, ახდენილი სასწაულებით... მჯერა, რომ ერთხელაც აუხდენელიც ახდება, იქნებ ამ შობის ღამესაც!

ეთერ ერაძე