ყველაზე ლამაზი საახალწლო ნაძვის ხეები მსოფლიოში - კვირის პალიტრა

ყველაზე ლამაზი საახალწლო ნაძვის ხეები მსოფლიოში

ბრილიანტის ნაძვის ხე

ნაძვის ხის უბრალო სათამაშოებით მორთვა მოდური აღარ არის - ასე მიიჩნიეს სინგაპურელმა იუველირებმა და საშობაო ნაძვის ხე ნამდვილი ბრილიანტებით დაამშვენეს.

ექვსმეტრიანი "ლამაზმანი" 20.000-ზე მეტი (საერთო წონით 900 კარატი) ძვირფასი ქვით შეამკეს და დიდ სავაჭრო ცენტრში დადგეს.

ნაძვის ხეს დღედაღამ ყარაულობენ, თუმცა ბრილიანტების მოპარვის მსურველები ჯერჯერობით არ გამოჩენილან, ამ ქვეყანაში დანაშაულის დაბალი დონის გამო.

ჯო გალიანოსა და ალბერ ელბაზის "დედოფალი"

ყოველი წლის ბოლოს ლონდონის ოტელ Claridge's-ში ცნობილ დიზაინერებს იწვევენ. წლის მთავარი სამკაული აქ უკვე დაუმშვენებიათ ჯო გალიანოსა და ალბერ ელბაზს. რასაკვირველია, ეს ძალიან ძვირი დაჯდა, თუმცა შედეგი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.

Dior-ის ნაძვის ხე პარიზის Plaza Athen-ში

Dior-ის მოდის სახლის დიზაინერებმა პარიზის ოტელ Plaza Athenee-ისთვის შექმნეს 5 მ სიმაღლის ხე, რომელიც სასტუმროს ვესტიბიულის ცენტრში დაიდგა. დიზაინერული ნაძვის ხე თეთრი ბურთებითა და ოქროს სამკაულებით არის დამშვენებული. მის ქვეშ საჩუქრები და პლუშის Baby Dior-ის დათუნიები გორაობენ.

შეგახსენებთ, რომ მონტენის ავენიუზე მდებარე 5-ვარსკვლავიანი მდიდრული ოტელი მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების რიცხვში შედის და პარიზული ფუფუნების აპოლოგეტია.

ნიუ - იორკის მთავარი ნაძვის ხე

ასობით ნათურით გაბდღვრიალებული ნაძვი ნიუ-იორკის ცენტრში აშშ-ის მთავარი ნაძვის ხეა. 1931 წლიდან ნატურალურ ნორვეგიულ 20-მეტრიან ნაძვს, რომელიც 9 ტონას იწონის, 30 000 ნაირფერი ნათურით ამკობენ. ცერემონიასაც ყოველწლიურად რომელიმე ვარსკვლავი ხსნის. ნაძვის ხის დეკორი, ტრანსპორტირება და აღმართვა მთავრობას 1 მლნ დოლარი უჯდება. წელს ხის კენწეროს სამმეტრიანი ბროლის ვარსკვლავი ამშვენებს, რომელიც სვაროვსკის კრისტალებით არის მორთული.

ოქროს ბურთებიანი ნაძვის ხე

დუბაის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ოტელ Jumeirah Zabeel Saray-ში საახალწლოდ საოცრება ეწყობა - უზარმაზარ ნაძვთან, რომელსაც ზღვის ლურჯი ვარსკვლავები და ოქროს ბურთები ამშვენებს, სანტა კლაუსის ფიგურები და საშობაო აქლემებიც დაუსკუპებიათ. აქვე წარმოდგენილია საშობაო ნამცხვრის სახლიც...