"მოსალოდნელია დაძაბულობის ესკალაცია რუსეთსა და აშშ-ს შორის" - რას ურჩევს ასტროლოგი პოლიტიკოსებს?! - კვირის პალიტრა

"მოსალოდნელია დაძაბულობის ესკალაცია რუსეთსა და აშშ-ს შორის" - რას ურჩევს ასტროლოგი პოლიტიკოსებს?!

"განსაკუთრებით პოლიტიკოსებს მართებთ სიფრთხილე და წინდახედულება, - არ უნდა ჩავერთოთ არანაირ სამხედრო ავანტიურაში"!

2017 წელი აღმოსავლეთ კალენდრის მიხედვით, ცეცხლოვანი მამლის წელია. მოგეხსენებათ, რომ ყოველ წელს საკუთარი ენერგეტიკა გააჩნია. ეს ენერგეტიკა კი ხშირად მის ხასიათს განსაზღვრავს. ცეცხლის სტიქია აქტიურობითა და მოულოდნელობებით ხასიათდება და თუ მას სწორად გამოვიყენებთ, ბევრის მიღწევას შევძლებთ და თუ უდიერად და არასათანადოდ მოვექცევით, შეუძლია ზიანიც მოგვიტანოს.

2017 წელს სიფრთხილე, მოთმინება და წინდახედულობა გვმართებს გამომდინარე იქიდან, რომ ცეცხლის სტიქია მამალთან შედის ტანდემში, რომელიც აღმოსავლურ ზოდიაქოში სამხედროების, აქტიურობის, რაინდობის სიმბოლოს წარმოადგენს.

მამლის დადებითი თვისებები: სულის სიმტკიცე, სიმამაცე, რაინდული ბუნება, პრინციპულობა, ორგანიზატორული ნიჭი, პროფესიული ალღო, რისკიანობა, შრომისმოყვარეობა, მოწესრიგებულობა, მიზანდასახულობა, გულწრფელობა, ესთეტიზმი, შინაგანი წესიერება.

უარყოფითი მხარეები: ექსცენტრულობა, ეგოცენტრულობა, აგრესიულობა, გადაჭარბებული სიჯიუტე, სიფიცხე, ბაქიობა. ხშირად მეტისმეტად კონსერვატორი და მკაცრია. მოიკოჭლებს დიპლომატიაში.

2017 მოვლენებით დატვირთული წელი იქნება. ცეცხლის ენერგია მოიტანს ცვლილებებს, მოულოდნელობებს, განსაკუთრებით საზოგადოებრივ, სოციალურ საკითხებში, ვინაიდან მამალი დაკავშირებულია გამბედაობასთან და რისკთან, ხოლო ცეცხლი აქტიურ ქმედებასთან, გარდაქმნასთან და ცვლილებებთან.

2017 არ იქნება მარტივი წელი მთელი პლანეტისთვის. მოსალოდნელია სხვადასხვა სახის კონფლიქტი და გაუგებრობა სახელმწიფოებს და ხალხებს შორის.

2017 წელი ძალიან კარგი იქნება შემოქმედებისა და თვითგამოვლენის კუთხით, ასევე სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის განვითარებისთვის.

საზოგადოებაში უკვე არსებობს შიში იმის შესახებ, რომ ამ წელს ისეთ უსიამოვნო მოვლენებს უნდა ველოდოთ, როგორიცაა გადატრიალებები და არეულობები, თუმცა ჩვენი სურვილია, მოგახსენოთ, რომ შიშისა და პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს გამომდინარე იქიდან, რომ ასტროლოგია მეცნიერებაა, რომელიც უბრალოდ გვაფრთხილებს და სწორი ქმედებისკენ მიგვითითებს, დანარჩენი კი ჩვენზეა…

გვესუბრება ასტროლოგი ქეთი ვაწაძე:

- 2017 წელი წარმატებული იქნება დაწყებული საქმეების გასაგრძელებლად და ასევე ბიზნესის კუთხით.

მამლის წელში უნდა მოვერიდოთ ქორწინებას. ასევე, თავი უნდა ავარიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს ოჯახში და არ უნდა გამოვავლინოთ ფიცხი ხასიათი. მამალი ვერ იტანს ინტრიგებს, მახეებს, ფინანსურ მაქინაციებს და არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებულ კარიერულ წარმატებას, ამიტომ ამ წელს განსაკუთრებით გაუმართლებთ მათ, ვინც შრომისმოყვარეობით, პატიოსნებით, დისციპლინით და ერთგულებით გამოირჩევა...

მოსალოდნელია, რომ 2017 ცოტა დაძაბული და აგრესიული წელი იყოს. ზემოაღნიშნულის გასანეიტრალებლად, როგორც არასდროს, დიპლომატიურობა და ნებისმიერი საქმის ამ ჭრილში, თავშეკავებით, მოზომილად განხილვა გვმართებს. ეხება ეს შიდა თუ საგარეო პოლიტიკას.

2017 წლის თბერვლიდან ლილიტის ტრანზიტი დაიწყება მშვილდოსანში, რაც გააძლიერებს სატურნის ტრანზიტის ურთიერთქმედებას ლილიტთან ამავე ნიშანში. მშვილდოსანი მართავს საგარეო ურთიერთობებს, რელიგიას, იდეოლოგიებს და სწორედ ამ მიმართულებეში იქნება სერიოზული რყევები. შეიძლება სახელმწიფოები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს რელიგიური ან იდეოლოგიური უთანხმოების საფუძველზე. შესაძლოა სხვადასხვა ქვეყნებში ტერორიზმის კერების აფეთქება მოხდეს.

საქართველო, 2017 წლის ასტროლოგიური პროგნოზის თვალსაზრისით, საშუალოდ შეიძლება შევაფასოთ. დამოუკიდებლობის რუკის მიხედვით, თუ ლილიტის მობრუნება მშვილდოსანში ხდება, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს მართებთ სიფრთხილე და წინდახედულება, - არ უნდა ჩავერთოთ არანაირ სამხედრო ავანტიურაში!

2017 წელს ვარსკვლავთა განლაგება მეტყველებს იმაზე, რომ პუტინისთვის ეს მნიშვნელოვანი წელი იქნება, ის კიდევ ეცდება ძალაუფლების გამყარებას მსოფლიო მასშტაბით და გაგრძელდება დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში, შეიძლება გამწვავდეს კიდეც.

აშშ ეცდება პოზიციების გაძლიერებას ახლო აღმოსავლეთში, მოსალოდნელია დაძაბულობის ესკალაცია რუსეთსა და აშშ-ს შორის. წლის მეორე ნახევარი განსაკუთრებით არის საფრთხილო, როდესაც იუპიტერი მორიელში დაიწყებს მოძრაობას.

სასურველია, პოლიტიკოსებმა გარკვეული კონსულტაციები გაიარონ ასტროლოგებთან...

ზოდიაქოს ნიშნების ზოგადი პროგნოზი

ვერძი - 2017 წელს, ვერძი, წინა წლებთან შედარებით, მეტ სიმსუბუქეს იგრძნობს, მაგრამ წლის პირველ ნახევარში იუპიტერი მის საპირისპირო ნიშანში, სასწორში მოძრაობს და საქმიანობის თვალსაზრისით, ვერძებს გამოწვევების წელი ექნებათ, პარტნიორულ ურთიერთობებში შედარებით გაუმართლებთ. ამ წელს მათი დევიზი უნდა იყოს: მეტი დიპლომატიურობა, კოლეგიალობა და დაკვირვებულობა.

კურო - 2017 წელი კუროსთვის კარგი ტენდენციებით გამორჩეული წელი იქნება. მათ მიეცემათ წინსვლის და განვითარების ბევრი შესაძლებლობა. მაგრამ ვინაიდან კურო სიზარმაცისკენ მიდრეკილი ნიშანია, ამ მხრივ შეიძლება პრობლემები შეექმნას, მამალი შრომისმოყვარეა და მათ შორის, კუროსგანაც ითხოვს აქტიურობას, დინამიურობას და შრომისმოყვარეობას.

ტყუპები - 2017 წელი ტყუპებისთვის გამორჩეულად კარგი შესაძლებლობების წელი იქნება. განსაკუთრებით, წლის პირველი ნახევარი, ვინაიდან სასწორში მოძრავი იუპიტერი ტყუპების მზესთან ჰარმონიულ ასპექტს აკეთებს და ბევრ კარს გაუხსნის საქმიან ასპარეზზე. პირად ურთიერთობაშიც იგივე ტენდენციაა, უბრალოდ, ვინაიდან სატურნი მშვილდოსანში მოძრაობს, ტყუპებისთვის მეშვიდე სახლში, განსაკუთრებით მოითხოვს ამ ნიშნისგან სერიოზულობას, სიდინჯეს, ერთგულებას და საფუძვლიანობას პირად ურთიერთობებში.

კირჩხიბი - კირჩხიბებისთვის განსაკუთრებით კარგი ტენდენციები დაიწყება 2017 წლის მეორე ნახევარში, მანამდე ცოტა მოთმენა მოუწევთ, ვინაიდან, 2017 კარდინალური ნიშნებისთვის ცოტა სირთულეებთან, უფრო კირჩხიბებისთვის იქნება დაკავშირებული, სანამ იუპიტერი მორიელში არ გადაინაცვლებს. კირჩხიბებს მართებთ, განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას მიაქციონ.

ლომი - ლომებისთვის, როგორც ტყუპებისთვის, გამორჩეული წელი იქნება, მათ შეუძლიათ ახალ პროექტებს მოკიდონ ხელი, ახალ ჩანაფიქრებზე იმუშაონ. გამოიჩინონ კეთილგონიერება, შეიძინონ ახალი მეგობრები და სულაც საქმიანი მიმართულებაც შეიცვალონ. 2017 წელს ლომის ზოდიაქოს მთვარის აღმავალი კვანძი ესტუმრება, რაც ახალი ეტაპის დასაწყისად უნდა იქცეს მათ ცხოვრებაში, ეს კი თავად ლომებზეა დამოკიდებული, მთავარია არ იზარმაცონ.

ქალწული - ქალწულისთვის 2017 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება სახლის საქმეები, შეუძლიათ სახლში რემონტი წამოიწყონ, ან მშენებლობა, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციონ დანახარჯებს. 2016 წელი განსაკუთრებულად გამორჩეული წელი იყო ქალწულებისთვის, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, საფუძველი ჩაეყარათ ბევრი კარგი სიახლისთვის. ამ წელს კი უნდა გააგრძელონ ჩვეულ რიტმში მუშაობა და განვითარება, ვინაიდან ჯერ-ჯერობით ამ ნიშანში ტრანზიტი აქვს მთვარის აღმავალ კვანძს, რაქუს.

სასწორი - 2017 წლის ფავორიტი არის სასწორი, ვინაიდან იუპიტერი წლის პირველ ნახევარში ამ ნიშანში იმოძრავებს. ეს ნიშნავს, რომ სასწორებს შეუძლიათ ახალი საქმეების წამოწყება წარმატებით, ახალი იდეების განხორციელება, საინტერესო, შემეცნებითი მოგზაურობის ბევრი შესაძლებლობა მიეცემათ, შეიძლება ახალი სიყვარული იპოვონ, ხოლო ვისაც ნაპოვნი აქვს, დატკბეს პარტნიორული ურთიერთობებით და ჰარმონიით.

მორიელი - 2017 წელი მორიელებისთვის თებერვლის შემდეგ უკვე ხელ-ფეხის ახსნის და თავისუფლების წელი იქნება. ისინი იგრძნობენ შვებას, ვინაიდან შავი მთვარე ლილიტი 2017 წელს დატოვებს მორიელის ზოდიაქოს. ხოლო წლის მეორე ნახევარში მათ იუპიტერი ესტუმრება, რაც მორიელებისთვის ნიშნავს იღბალს და ახალი გამარჯვებების შესაძლებლობას.

მშვილდოსანი - მშვილდოსნის ზოდიაქოში 2015 წლიდან სატურნი მოძრაობს, რაც ნიშნავს, რომ მშვილდოსნების ზრდის, წვრთნის, სულიერი ზრდასრულობის, განვითარების, გაკვეთილების სწავლის, გამოცდების პერიოდია. მათ ბევრი სამუშაო ექნებათ როგორც სამსახურში, ისე საკუთარ თავზე. გარდა ამისა, თებერვლიდან შავი მთვარე ესტუმრება, რაც ნიშნავს, რომ მშვილდოსანი კიდევ უფრო დაკვირვებული, მოზომილი უნდა იყოს, გამოიჩინოს გონიერება, პასუხისმგებლობა როგორც საქმის, ისე სხვების მიმართ.

თხის რქა - თხის რქისთვის 2017 წლის ტენდენციები სავსებით პოზიტიური და დამაკმაყოფილებელია. მამალი შრომისმოყვარეობის, კეთილგონიერების, დისციპლინის სიმბოლოა და დასავლურ ზოდიაქოში თხის რქას შეესაბამება. შეიძლება ითქვას, ეს წელი თხის რქისთვის ზედგამოჭრილი წელია. შეუძლიათ თამამად ხელი მოკიდონ ახალ საქმეს, ახალ პროექტებს და საკუთარი მონდომების, დისციპლინის ხარჯზე ისინი დასახულ მიზნებს განახორციელებენ.

მერწყული - მერწყულისთვის, როგორც ტყუპებისთვის და სასწორისთვის, გამორჩეულად კარგი წელია, განსაკუთრებით წლის პირველი ნახევარი. ამ წელს მერწყულმა შეიძლება ახალი სიყვარული იპოვოს ან ახალ პროექტებს მოკიდოს ხელი, ეცადოს ახალი საქმიანობა წლის პირველ ნახევარში წამოიწყოს, სანამ იუპიტერი მორიელში გადავა. იუპიტერის ტრანზიტი სასწორში მერწყულს პერსპექტიულ შესაძლებლობებს სთავაზობს.

თევზები - თევზებისთვის 2017 წელი საკუთარ თავში ჩაღრმავების და გადაფასებების წელი იქნება. თევზების წარმომადგენლებს ეძლევათ შანსი, რომ ის, რაც ხელისშემშლელი ფაქტორი იყო მათი განვითარებისთვის, საბოლოოდ მოიშორონ და წინ წავიდნენ. 2017 წელს მათ საბოლოოდ უარი უნდა თქვან სიზარმაცეზე და უმოქმედობაზე, ასეთ შემთხვევაში, მათთვის ბევრი კარი გაიხსნება, რაც არა მარტო მათ, არამედ მათ ახლობლებსაც მოუტანს ბედნიერებას. ვინაიდან მთვარის დაღმავალი კვანძი თევზების ნიშანში მოძრაობს, ეს მათ საშუალებას აძლევს, საკუთარ თავში რაც არ მოსწონთ, სამუდამოდ მოიშორონ და წინ წავიდნენ.

ნათია ბაქრაძე (სპეციალურად საიტისთვის)