"ჩემ კერაზე უნდა ვიყო, სადაც მამაჩემისა და ჩემი ანგელოზები მეგულება" - ფშავის უკანასკნელი ხევისბერის ქალი შუაფხოდან გვლოცავს - კვირის პალიტრა

"ჩემ კერაზე უნდა ვიყო, სადაც მამაჩემისა და ჩემი ანგელოზები მეგულება" - ფშავის უკანასკნელი ხევისბერის ქალი შუაფხოდან გვლოცავს

"მამაჩემი ანგელოზებთან ლაპარაკობდა, მათი დარიგებით მართავდა ხევის საქმეს"

ღმერთმა ნუ ქნას, ახალი წლის მობრძანება ვინმეს არ უხაროდეს, მაგრამ სულ სხვაა, ახალ წელიწადს თოვლიან მთებში, მარტოობაში გაჯიუტებული ბებო რომ ელოდება, - არსადაც არ წავალ, ახალი წელიწადი ჩემს კერაზე უნდა გავითენოო!

"ნამდვილი" ახალი წლის მოლოდინშია შუაფხოს უკანასკნელი ხევისბერის, ბიჭურ ბადრიშვილის 88 წლის ქალიშვილი, თეკლე ბებო, - უკანა ფშავის მზე და იმედი! ვინც ერთხელ მაინც ნახავს ამ ლამის საუკუნემიტანებულ ქალს, მის ეზო-კარმიდამოს, მოვლილ კერასა და ცხვარ-ძროხას, მის გაკეთებულ დამბალ ხაჭოს, აღტაცებას ვერ დამალავს. ამის გარდა, ის ისეთ პოეზიას მოგაგებებთ, ტანში ჟრუანტელი დაგივლით. თუმცა ეს რა გასაკვირია - მთელი ფშაური პოეზია ხომ ზეპირად იცის, როცა საქმეს მორჩება, წიგნებს ლამის გათენებამდე კითხულობს. ის ხომ ფშავის ხევისბერის ქალია - ჭკვიანი და გამბედავი!

ჰოდა, საახალწლოდ ამ საოცარ ქალს შევეხმიანე,

- რა ამბავია შუაფხოს-მეთქი?

- მკაცრი ზამთარი დაგვიდგა, თორემ ისე მშვიდობაა, მშვიდობა ნუ მოგიშალოთ უფალმა. მეც მშვიდობით ვარ.

- ალბათ შვილი და შვილიშვილი ამოდიან და გეხვეწებიან, - ბარში წაგვყევეო, შუაფხოში რაღა გინდაო, შენი მარტო დატოვება გვეშინიაო...

- დედამ შვილი ისე არ უნდა გაზარდოს, რომ დედის გვერდით ყოფნა არ მოინდომოს! კარგი შვილებიცა მყავს და კარგი რძლებიც, მაგრამ ცოტა ხნით თუ წავალ, მარტო ეგ არის! მე ჩემს კერაზე უნდა ვიყო, სადაც მამაჩემისა და ჩემი ანგელოზები მეგულება, ისინი არ მაძლევენ წასვლის უფლებას. მამაჩემი სულ ამ ანგელოზებთან ლაპარაკობდა, მათი დარიგებით მართავდა ხევის საქმეს; ეს მარტო მე ვიცოდი, რომ ანგელოზებთან ლაპარაკობდა, ერთხელ მივუსწარი ანგელოზებთან

და გამაფრთხილა, - არავის უთხრა, რაც აქ ნახეო.

მამას ხევის დროშა ჰქონდა ჩაბარებული, ეს დროშა იყო მისი ტვირთიც და გამართულობაც - ერთხელაც ხატობის შემდეგ ერთი პატიოსანი კაცისთვის უთქვამს, მე ცოტა ხანს დავრჩები ხატში, დროშა შენ წაიღეო. მასაც აუღია და წასულა. მაგრამ უცებ მამა წამოვარდნილა და გაჰკიდებია, - მომეცი ეგ დროშა, ჩემი სატარებელიაო. წაუვლია დროშისთვის ხელი და ღმერთს შეხვეწნია, - არ გამაქილიკო მე ბეჩავი, რომ დროშა სხვას ჩავაბარეო! აი, ასეთი მამა მყავდა, როგორ შეიძლება, რომ მისი კერა დავაგდო!

- ვიცი, რომ ხევისბერები შობიდან ახალწლამდე სალოცავებში მიდიოდნენ და იქ 7 დღე ემზადებოდნენ ახალი წლის შესახვედრად.

- ამ 7 დღე-ღამეს სულ ლოცულობდნენ ბედნიერი ახალი წლის დადგომისთვის, - ამ ხნის განმავლობაში მამას ხატში თივაზე ეძინა, ზედ ნაბადი ეფარა.

- ამ დღეებში სოფელი რას აკეთებდა?

- ახალი წლის მობრძანებისთვის ემზადებოდა. წინა, ლიტანიობის ღამეს, ეზო-კარს დაასუფთავებდნენ და ქვაბში ხორცს მოხარშავდნენ, - უსუფთაობა და უბარაქობა არ დაგვეკვებოსო! ახალ ტანსაცმელსაც ჩაიცვამდნენ, - ბედის მწერალი ჩამოივლის, თუ ვინმე ახალ წელიწადს გარდაიცვლება, ვინც როგორ ტანსაცმელში დახვდება ახალ წელს, იმ ტანსაცმლით შევა საიქიოშიო! ღმერთმა ყველანი დიდხანს გაცოცხლოთ და გაგახაროთ!

- ქორწილების გასამრავლებლადაც ხომ ლოცულობდით?

- მთელი ახალი წლის ღამე ბედისა და ქორწილის სამზადისია, - რამდენი წევრიც არის ოჯახში იმდენ კვერს ვაცხობდით, თუ კვერი კარგად ვერ გამოცხვებოდა, ამბობდნენ, იმ წელიწადს იმ კვერის პატრონს კარგი ბედი ვერ ექნებაო; მაგრამ ეგ რა გულგასატეხია, - ბედს ხომ კაცი თავადაც ქმნის.

ამის გარდა, კიდევ ერთ, დიდ კვერს ვაცხობდით, - "ხარის გოგას". დილით მოვიდოდა მეკვლე, მიაწოდებდა ოჯახის დიასახლისი "ხარის გოგას" და მეკვლეც გადააგორებდა, - თუ წაღმა დაეცემოდა, ეგ იმ წელიწადს ოჯახის წაღმით სიარულს ნიშნავდა, თუ უკუღმა, - ცუდი იყო, მაგრამ იმედი ყველას ჰქონდა, რომ ამ ცუდსაც მომავალი წელი გამოასწორებდა.

მეკვლეს კი სალოცავში ადგენდნენ, - დადებდნენ ნაბადს, შიგ შეაწყობდნენ ქუდებს, შეჰყოფდა მერე ხელს ერთ-ერთი და ვის ქუდსაც გამოიღებდა, მეკვლეც ის იქნებოდა.

მეკვლეს კართან საახალწლო ხონჩით მივეგებებოდით - ხილით, თაფლით, პურ-ყველით, ხინკლებით, თეთრი მატყლით, ისიც დაგვლოცავდა: -  "ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, კარგამც მოგიხდებათ ჩემი მეკვლეობა, დიდი გიმატოს ღმერთმა, ახალის წლის გამოცვლამ გიმატოთ თავის კაცით და საქონლით" და... ბედნიერი ახალი წელიც დადგებოდა.

- თქვენც ბედნიერი ახალი წელი დაგიყენოთ ღმერთმა, ვიცი, რომ ცხვარ-ძროხასა და ფრინველს შინ მარტოკა უვლით, წინდებს ქსოვთ და შვილიშვილებისთვის, შუაფხოს დამრიგებელიც ხართ თქვენი ხევისბერი მამასავით, - არ მოჰკლებოდეთ შუაფხოსა და მის სალოცავებს.

- თქვენც დაგლოცოთ ცა-ქვეყნიერების დამაარსებელმა, იესო მაცხოვარმა, ჩვენი ქვეყანა დალოცოს დედა ღვთისმშობელმა… გწყალობდეთ საქართველოს მთის წვერზე მოფენილი ანგელოზები ფშავ-ხევსურეთის, ქართლ-კახეთის, მთიულეთ-გუდამაყრისა! წმინდა კალთა გადაგაფაროთ მუქუს ღვთისმშობელმა, გმირმა კოპალამ, გზა-მეგზურობის ანგელოზმა, კარატისწვერის ანგელოზმა, გოგოლაურთისა და უკანა ფშავის წმინდა გიორგიმ, ახადის სალოცავმა, პირცეცხლის ანგელოზმა, ღელას აქიმ დედუფალმა თამარმა, წიჩოს თეკლას ხატმა და საქართველოს ყველა სალოცავმა, - ბედნიერი ახალი წელიწადი დაგვიდგეს - მშვიდობიანი, მშვიდი, წინსვლისა და გამრავლების. ჩემსავით მხნედ გაცოცხლოთ და ჩემზე მეტი ასაკის მოგყაროთ დედა ღვთისმშობელმა, შვილიშვილითა და შვილთაშვილით, ხვავითა და ბარაქით აივსეთ!

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)