სიცოცხლე გრძელდება - "დათუნიკას გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე მისი ბიჭი დაიბადა" - კვირის პალიტრა

სიცოცხლე გრძელდება - "დათუნიკას გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე მისი ბიჭი დაიბადა"

რამდენიმე დღის წინ ჩვენი საზოგადოება დაამწუხრა ინფორმაციამ ცნობილი რაჭველის, ცეკვა "რაჭულის" ქორეოგრაფისა და საუკეთესო შემსრულებელის, დათუნიკა სხირტლაძის გარდაცვალების თაობაზე. ის  მშობლიურ ამბროლაურში, კონცერტის დროს, სცენაზე გარდაიცვალა.

დათუნიკა სხირტლაძე სხვადასხვა დროს ჯგუფ "შინის" და "ეგარის" წევრი იყო და თუ ვინმეს მისი შესრულებული რაჭული ერთხელაც კი უნახავს სცენაზე, შეუძლებელია დაავიწყდეს ის ცეცხლი, რაც მის ცეკვას ახლდა.

დათუნიკა სხირტლაძე 3 იანვარს დაკრძალეს, თუმცა ცხოვრება გრძელდება, სხირტლაძეების ოჯახში ახალი სიცოცხლე გაჩნდა - დათუნიკას ნანატრი ვაჟი. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ანსამბლ "ლაშარის" ხელმძღვანელმა, გიორგი უშიკიშვილმა დაწერა:

"ამდენი მწუხარების შემდეგ ერთი კარგი ამბავი მოხდა. დათუნიკას გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე მისი ბიჭი დაიბადა. 60 წლის ხდებოდა დათუნიკა და ეს პირველი შვილია. ასე ელოდა მთელი ცხოვრება შვილს და ბავშვი მისივე დაკრძალვამდე ცოტახნით ადრე დაიბადა". (წყარო)

როგორც ირკვევა პატარა დავით გაგუას კლინიკაში დაიბადა, ახალშობილს დავით-თევდორე დაარქვეს.

ცეკვა "რაჭული" დღეს ყველას უყვარს, "ტაში, ბიჭო, გიორგუნას" გაჟღერებისთანავე მთელი დარბაზი რომ აცეკვდება ხოლმე, განურჩევლად ასაკისა, ესეც მრავალჯერ გვინახავს, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ამ ცეკვის სულის ჩამდგმელი და მისივე უბადლო შემსრულებელი, დათუნიკა სხირტლაძე იყო, რომელიც წლების განმავლობაში მთელ რაჭაში აგროვებდა ილეთებს. რაც შეეხება სიმღერას - "ტაში, ბიჭო, გიორგუნა," შეიძლება, ბევრს ხალხური ჰგონია, მაგრამ, სინამდვილეში, მისი ტექსტი დათუნიკა სხირტლაძის მამის დაწერილია. ასე რომ, მის ოჯახს ამ ცეკვის არსებობაში დიდი წვლილი მიუძღვის.

"მიკვირს უცხოელების რეაქცია: რა იციან მათ რაჭა? მაგრამ, ტაშის დაკვრა მაშინ ორმაგდება, როცა "ტაში, ბიჭო, გიორგუნა" იწყება. სასწაულია..." - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში დათუნიკა სხირტლაძე.