პიროტექნიკით მიღებული დაზიანება, ალკოჰოლითა და საკვებით ინტოქსიკაცია - როგორია ახალი წლის სტატისტიკა - კვირის პალიტრა

პიროტექნიკით მიღებული დაზიანება, ალკოჰოლითა და საკვებით ინტოქსიკაცია - როგორია ახალი წლის სტატისტიკა

ახალი წლის დღეებში, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა პიროტექნიკით მიღებული სხეულის დაზიანებებია. სამწუხაროდ, არც ეს წელი იყო გამონაკლისი და რამდენიმე ადამიანმა სერიოზული დაზიანება მიიღო.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 31 დეკემბერს, ასევე 1, 2 და 3 იანვრის 10:00 საათამდე, პიროტექნიკით მიღებული დაზიანებების გამო, თბილისში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა სწორედ 54 შემთხვევაში გამოიძახეს. მათივე განმარტებით, აქედან ორს, თითების ამპუტაციის გამო, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ისინი სრულწლოვნები არიან. სხვა დაშავებულებს კი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. მათ უმრავლესობას ძირითადად, სხეულის სხვადასხვა არეში დამწვრობა აღენიშნებოდა.

ახალი წლის დღეებში კიდევ ერთი პრობლემა ალკოჰოლით ინტოქსიკაციაა.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 31 დეკემბერს, 1,2 იანვარს და 3 იანვრის 10:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის გამო, თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 414 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 116-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ამავე პერიოდში, საკვებით ინტოქსიკაციის გამო, 62 გამოძახება დაფიქსირდა. აქედან 23 -ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი სურათი არ არის სრული, რადგან შესაძლოა ზოგიერთმა პირმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ გამოიძახა, თვითმკურნალობას მიმართა ან საავადმყოფოში თავადვე მივიდა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით