რა სიტუაციაა ბროწლიანის სათნოების სახლში?! - რა რეაგირება მოჰყვა გაზეთში გამოქვეყნებულ მასალას - კვირის პალიტრა

რა სიტუაციაა ბროწლიანის სათნოების სახლში?! - რა რეაგირება მოჰყვა გაზეთში გამოქვეყნებულ მასალას

ცოტა ხნის წინ, გაზეთი "კვირის პალიტრა" ბროწლიანის სათნოების სახლზე წერდა.

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ქიზიყში, ბროწლიანის სათნოების სახლში, ბენეფიციარები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. 18 წლის მიშიკო გოჩელაშვილი ერთი თვეა, სოციალური მომსახურების სააგენტომ კოჯრის ბავშვთა სახლიდან ბროწლიანში გადაიყვანა. ბიჭი 11 დეკემბერს მშობლებმა მოინახულეს. ისინი აღაშფოთა მომსახურე პერსონალის გულგრილობამ, ანტისანიტარიამ და პირობებმა.

"შენობაში საშინლად ცივა. ჩემს შვილს რატომღაც პატარა ზომის ტანსაცმელი ეცვა... ღია ოთახში ინახებოდა მედიკამენტები. ჩემი შვილი ექსცენტრიკულია, ხომ შეიძლება იქ შევიდეს და წამლები დალიოს?", - ამბობდა ჩვენთან საუბარში მიშიკო გოჩელაშვილის დედა, მარიკა ძაძამია.

თავად სათნოების სახლის წარმომადგენლის თქმით, დაწესებულება ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ლელა ბუთლიაშვილი: სულ 14 თანამშრომელია, გვყავს ფსიქოლოგიც. დილის 9 საათიდან საღამოს 6-მდე 3 თანამშრომელია. საღამოს 8-დან დილის 9 საათამდე ერთი მომვლელი რჩება. გოჩელაშვილებს უნდათ, რომ შვილი თბილისთან ახლოს პანსიონატში გადაიყვანონ, იმიტომ იმიზეზებენ პრობლემებს. რაც შეეხება წამალს, როცა მიშიკო მოვიდა, უკვე დანიშნული ჰქონდა დეპაგინი.

ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, რომ ბროწლიანის სათნოების სახლი სტანდარტით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

სათნოების სახლში არსებული მდგომარეობით ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში სახალხო დამცველიც დაინტერესდა. როგორც სახალხო დამცველის პრესსამსახურში გვითხრეს, მათი სამსახურის წარმომადგენლები სათნოების სახლში არსებულ ვითარებას გაეცნენ, თუმცა დასკვნის დადებას დრო სჭირდება. მათი ინფორმაციით, დასკვნა მომზადდება და საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ეცნობება.