"ზვიად გამსახურდიასთან ერთად, მეცხვარეების სუფრაზე დაახლოებით ოცდაათჯერ მოვილხინე" - კვირის პალიტრა

"ზვიად გამსახურდიასთან ერთად, მეცხვარეების სუფრაზე დაახლოებით ოცდაათჯერ მოვილხინე"

როგორ დაიწერა ლექსი და სიმღერა - "მივალ, მივყვები..."

"იმ პერიოდში ყიზლარში, გადასახლებაში იყო ზვიად გამსახურდია. მას ერთი კონცერტიც არ გამოუტოვებია. წავიდოდით მწყემსებთან, ვიქეიფებდით, მათ მივეფერებოდით და ვბრუნდებოდით უკან", - ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი მომღერალი, თემურ ცაგურია ქართული სუფრის ტრადიციებზე ჟურნალ "გზასთან" საუბრობს. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდებს:

- ამერიკაში, როცა ქართული სუფრა გენატრებათ, ნოსტალგიას როგორ იქარვებთ?

- ბევრჯერ, აქაც ვყოფილვარ თამადად, მაგრამ უმეტესწილად, ამას თავს ვარიდებ. ვეღარ ვსვამ უწინდებურად. ქართველები ადრე უფრო ხშირად ვახერხებდით შეკრებას... მეც წყნარ ცხოვრებას ვამჯობინებ და ბოლო დროს უფრო მეტს ვცურავ, ვიდრე ვსვამ...

ერთხელ ამერიკაში ტრიო "საუნჯეს" წარმომადგენლები მეწვივნენ. მათთან ერთად რობერტ ბარძიმაშვილიც იყო და ძალიან სასიამოვნოდ მოვილხინეთ. ბარძიმაშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემდი, განსაკუთრებული ადამიანი იყო, ყოველთვის მახსენდება მისი მხარში დგომა.

- თქვენი სიმღერა - "მივალ, მივყვები, თეთრი გზებით მე ჩემს ფარასა" - დღემდე ახსოვს დიდს თუ პატარას...

- ეს ჩემი სიმღერა არ გახლავთ! ლექსია ჩემია, სიმღერა მზია დიაკვნიშვილის, მაგრამ ვინც იმღერებს და პოპულარულს გახდის, მისი ჰგონიათ. მე ძალიან მიხარია, ამ სიმღერაზე რომ ამბობენ, ხალხურიაო. ე.ი. ხალხის გულიდან ამოსული ჰგონიათ, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა!.. მზიამ მაჩვენა მელოდია და მისი მელოდიის მიხედვით შევქმენი ლექსი. იმ პერიოდში გასტროლები მქონდა დაღესტანში, ყიზლარში მეცხვარეებთან... ფილარმონიიდან გვაგზავნიდნენ და მეცხვარეებთან ვმართავდით კონცერტებს, რომელიც ხშირად, ღია ცის ქვეშ იმართებოდა. იმ პერიოდში ყიზლარში, გადასახლებაში იყო ზვიად გამსახურდია. მას ერთი კონცერტიც კი არ გამოუტოვებია. წავიდოდით მწყემსებთან, ვიქეიფებდით, მათ მივეფერებოდით, ისინი გვეფერებოდნენ და ვბრუნდებოდით უკან. დაახლოებით 30 კონცერტზე წამომყვა და ამ ხნის განმავლობაში, ძალიან დავახლოვდით... ზვიადი სუფრაზე ძალიან მხიარული და ლაღი იყო, იუმორითა და სიყვარულით სავსე. იქ ხალხს სიგიჟემდე უყვარდა იგი. ზვიადი მათთვის იყო როგორც ლამპარი, ხატი... თუმცა, პოლიტიკაზე საუბარს როგორც კი დაიწყებდა, მაშინვე სხვანაირი ხდებოდა. ეტყობოდა დიდი გულისტკივილი და ამიტომაც, მასთან პოლიტიკაზე საუბარს ყოველთვის ვერიდებოდი.

- ზვიად გამსახურდიას თამადობა გახსოვთ?

- ყოველთვის თავს არიდებდა თამადობას და ამიტომაც სულ ადგილობრივი მწყემსები იყვნენ სუფრის წინამძღოლები. სხვათა შორის, მწყემსებივით კარგი მოსაუბრე ხალხი იშვიათად მინახავს. საოცრად ნიჭიერები, ლაღი და ლამაზი ხალხია. მეცხვარეებთან ყოფნა, ის სითბო და სიკეთე აისახა სიმღერაშიც - "მივალ, მივყვები..." (სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 5 იანვრის ნომერში)

მანანა გაბრიჭიძე