ქართველი ემიგრანტი, რომელმაც დანიიდან შვილიშვილი გამოაძევა - კვირის პალიტრა

ქართველი ემიგრანტი, რომელმაც დანიიდან შვილიშვილი გამოაძევა

"მემუქრება, ვიზალიბერალიზაციის წყალობით მალე ჩამოვალო"

ქალბატონი მედეა დანიაში ლეგალურად ცხოვრობს და იქაურ პენსიაზეა დამოკიდებული. ცდილობს, გულგრილი იყოს მოხუცებულობის ჟამს, რადგან მის ასაკში ემოციურობა არასასურველია. თუმცა, სამშობლოზე მაინც დარდობს.

- დანიიდან შვილიშვილი გავაბრუნე საქართველოში, მოწევისა და მაიმუნობის გამო. როცა ევროპაში ჩამოვიდა, ეგონა, ბებია მიეფერებოდა "პლანაქეშობისთვის" და თავზე ხელს გადაუსვამდა. რომ შემარცხვინა, ავუღე ბილეთი და გავამგზავრე საქართველოში. თბილისში, თუ უნდა, თავში ქვა უხლია, ვეღარ ვიდარდებ. მე და ჩემი ქალიშვილი მოწადინებული ვიყავით, კანონიერად დაგვეტოვებინა აქ. მიეცემოდა პერსპექტივა ცხოვრების ასაწყობად, მაგრამ არ მოისვენა.

გამდიდრების იოლ გზას ეძებდა, რომელიც ყოველთვის ციხესთან მიდის. აქ 3 დღე ჰყავდა პოლიციას დაკავებული. წასვლისას მოიწევდა ჩემზე საცემრად და ჩემი გოგო რომ არ ყოფილიყო, ალბათ ცემით "დამანგრევდა"! დამემუქრა, ჩამოვალ და ნახავ, რას გიზამო! 18 წლისა იყო, ვითომ რომ დაქორწინდა. ჩემი შვილიშვილი ბებიამ გაზარდა - რძლის დედამ. ჩემს ოჯახს პოლიციასთან არასდროს ჰქონია საქმე. ჩემი ძმა ინტერნატში გაიზარდა, მაგრამ მასზე პატიოსანი და მშრომელი კაცი დედამიწაზე არ მეგულება. ჩემი ბიჭის არასდროს გაბმულა შარში, ისიც ჩემსავით გულახდილი და მშრომელი კაცია. არ ვიცი, შვილიშვილი რატომ ასცდა ადამიანურ გზას! მცირეწლოვნობიდან ოთხჯერ იყო ნასამართლევი, მათ შორის, პედოფილიაზეც! პოლიციამ ცხვირწინ დაგვიდო ფაქტები...

მშობლების სახლის კარი რომ გამოვიხურე, პასპორტიც არ მქონდა ანუ ჯერ კიდევ არ ვიყავი 18 წლის, მაგრამ ცუდი გზით არასდროს მივლია. რაც ჩავიფიქრე და მიზნად დავისახე, ყველაფერს მივაღწიე საბჭოთა საქართველოში. ირაკლის (ასე ჰქვია ჩემს გამამწარებელ შვილიშვილს), როგორც ვიცი, ბებია-ბაბუა არაფერს აკლებდნენ, - აქაოდა, მშობლები თავზე არ ადგანანო.

- თქვენ რატომ არ ზრდიდით შვილიშვილს?

- სამსახურის გამო, ძალიან დაკავებული ვიყავი. თან, ჩემი რძლის გადაწყვეტილებაც ასეთი იყო და არ შევეწინააღმდეგე. მოგვიანებით ვიფიქრე, რადგან პატარაობისას ყურადღება ვერ მივაქციე, ახლა მაინც შევუწყობ ხელს-მეთქი, მაგრამ ალბათ, დაგვიანებულია მისი გამოსწორება. 20 წლისაა და ციხიდან გათავისუფლდა "ოცნების" მოსვლის შემდეგ. მანამდე კი სამჯერ გადაგვაყრევინა 1.500-2.500 დოლარი საპროცესო გარიგებებში...

ჩემი შვილი ადრევე დასცილდა ცოლს, რადგან ხასიათებით ვერ შეწყვნენ ერთმანეთს. რძალმა საყვარლად კრიმინალური წარსულის მქონე პირი აირჩია, რომელიც კარგად იყენებს მდგომარეობას და ხან ერთ ბანკიდან გამოაქვთ ფული, ხან - მეორიდან. ჩემს რძალს შვილზე არასდროს უზრუნია. აქ რომ ჩამოსულიყო, მხოლოდ მაშინ გაუკეთა ტურისტული ვიზა და 3.000 დოლარი დაურიცხეს ბანკის ანგარიშზე, ისიც მხოლოდ დროებით, ვიდრე სავიზო განყოფილებაში გასაუბრებას გაივლიდა. როგორც კი დატოვა საქართველოს საზღვრები, ეგრევე მოუხსნეს თანხა. ალბათ, მისი მოცილება უნდოდა თავიდან! ამას რომ ვლაპარაკობ, ჩემი თავისაც მცხვენია და თქვენიც. ალბათ, ცუდი ბებია ვარ...

- მას მერე, რაც საქართველოში გამოაბრუნეთ, შვილიშვილი აღარ შემოგხმიანებიათ?!

- "სკაიპით" დამელაპარაკა და დამემუქრა, - ჩამოვალ მანდო! ვიზალიბერალიზაციის მეშინია, მართლა არ ჩამოვიდეს. ის საშიში პიროვნებაა, მე კი აქ მარტო ვცხოვრობ... მაგას თავისი გამზრდელი ბებია და პაპა დაუზოგავად ჰყავს ნაცემი და მე დამინდობს?! შვილიშვილი პირველად ჩემი მოწვევით ჩამოვიყვანე. მეგონა, სუფთა ფურცლიდან დაიწყებდა ცხოვრებას, მაგრამ შევცდი. ახლა მისი დანახვაც არ მინდა. თანაც, 2.000 დოლარს მედავებიან რძალი და შვილიშვილიც, თითქოს ჩემი შეპირებით ისესხეს. მე პენსია არ მაქვს მაგდენი და როგორ შევპირდებოდი? იმასაც ვნანობ, რაც მის გამო აქამდე დავხარჯე. ისე, ჩვენი ბრალია ყველაფერი, ციხეშიც კარგი პირობები შევუქმენით ნაცნობობის წყალობით და გათავხედდა... ალბათ ახლა ბევრი იტყვის, რომ ცუდი ქალი ვარ, შვილიშვილს რომ ვერ გავუგე, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვიტან ნარკომანებს, მძარცველებს, ქურდებს და ავაზაკებს. უვარგისი არც ჩემი მინდა, არც სხვისა. კარგ ადამიანს ჩემიანსაც თავს შემოვევლები და სხვასაც პატივს ვცემ.

- დანიაზე რას იტყვით?

- ცოდოა ეს პატარა ქვეყანა, რადგან მილიონობით ლტოლვილი მიაღებინეს. მგონია, სულ ხალხისა და ქვეყნის მოღალატეები გვყავს მმართველებად! ასე ცოტა ხალხს როგორ ვერ უნდა შეუქმნას ღირსეული საცხოვრებელი პირობები? ვერ წარმოიდგენთ, როგორ მენატრება ჩემი ქვეყანა! ახლა ზამთარია, ბუხარია კარგი ამ დროს, ნაკვერჩხალში ჩაყრილი კარტოფილი, ყველი და ცხელი მჭადი... წინათ აქ რუსული პროდუქტების მაღაზია იყო, მერე დახურეს. არადა, ამ მაღაზიაში "ბორჯომსაც" იყიდდი და ქართულ ღვინოსაც. უცნაურები არიან ევროპელები: სხვა ტიპის კრიმინალს გაპატიებენ, მაგრამ გადასახადისგან თავის არიდებას - არა!

- დაბოლოს, რას ეტყვით ქართველ ხალხს?

- ყველას მინდა გავაგებინო, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია და დეკრიმინალიზაცია სასიკეთოს არაფერს მოუტანს ჩვენს პატარა ერს! არავინ მოგატყუოთ, რომ მაგით სტრესი და დაძაბულობა მოგეხსნებათ! შრომა და ჯანსაღი დასვენება სტრესსაც ამარცხებს და ადამიანსაც აკეთილშობილებს... ვიღაცები იძახიან, - საახალწლოდ "პლანი" უნდა დავთესოთო. ასეთებს ვეტყვი: მალე გაზაფხული მოვა და პურის მოყვანაზე იფიქრეთ, სჯობს. ძალიან მინდა, ჩემს სამშობლოში ყველაფერი მოწესრიგებული იყოს ან კი სხვა რაღა უნდა უნდოდეს ჩემი ასაკის ადამიანს?! და კიდევ, ჩემი ირაკლის ჩამოსვლა არ მინდა დანიაში...

როლანდ ხოჯანაშვილი

ჟურნალი "გზა"