"ადამიანის მოკვლის რეკლამა - ვინაა პაუხისმგებელი ამაზე"?! - კლიპი, რომელმაც დღესასწაული კოშმარად აქცია - კვირის პალიტრა

"ადამიანის მოკვლის რეკლამა - ვინაა პაუხისმგებელი ამაზე"?! - კლიპი, რომელმაც დღესასწაული კოშმარად აქცია

სოციალურ ქსელში გავრცელდა საახალწლო რეკლამა, რომელმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

"რიტუალური მკვლელობისკენ წაქეზება, სიძულვილის გაღვივება, ბავშვების მონაწილეობა, კიდევ სხვა მძიმე რაღაცეები - ყოველი შემთხვევისთვის პროკურატურა რომ დაინტერესდეს, ურიგო არ იქნება" - ეს არის ვასილ მაღლაფერიძის აღშფოთებული გამოხმაურება რეჟისორ დავით ჯიბლაძის მიერ გადაღებული ვიდეორგოლზე "Papa vs. Santa", რომელიც ახალი წლის ღამეს აღწერს. კლიპში ბუხრიდან ჩამოსულ "ამერიკელ" სანტას სახლში ქართველი "თოვლის პაპა" დახვდება. სცენარის მიხედვით, თოვლის პაპა ჩიჩილაკით კლავს "გადამთიელს" და აბაზანაში მჟავის დასხმით წვავს. თუმცა, ყველაფერი ამით არ სრულდება - სანტას "მკვლელობას" პატარა ბიჭუნა შეესწრება.. კლიპის ბოლოს სარკეზე გაკეთებულია სისხლიანი წარწერა: "New Studio გილოცავთ ქართულ ახალ წელს".

კლიპი მართლაც საშინელია, შესაბამისად, მხოლოდ ვასილ მაღლაფერიძე არ გამოხმაურებია მას ასე აღშფოთებით. შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ქსელი აღშფოთებამ მოიცვა.

მანანა კობახიძე, პარლამენტარი:

"მართლა მარაზმია!!! და ამით რა თქვეს?! ევროპელი სანტა კარგია, კეთილია და ქართველი ბაბუ მკვლელი, ბოროტი მოძალადეა?! და ვის ჭირდება ასეთი დისკურსი?! რას აღვივებენ?! სამარცხვინო და პროვოკაციული კლიპია, ავტორიც, შემსრულებელიც, დამკვეთიც, გამავრცელებელიც არამგონია ჯანსაღად იყვნენ. როგორც მოზარდებზე მავნე ზეგავლენის მქონე და ძალადობრივი შინაარსის კლიპი, კანონით შესაძლებელია ეთერიდან მოიხსნას".

მარიამ წიკლაური, პოეტი:

"ადამიანის მოკვლის რეკლამა - ვინაა პაუხისმგებელი ამაზე?!

როცა ასე გახშირებულია ადამიანის მკვლელობა, როცა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ცოლს კლავენ , მოზარდს კლავენ, მშობლებს კლავენ, მოხუცებს, ნუთუ არ არსებობს რაიმე მარეგულირებელი სტრუქტურა სახელმწიფოში, რომელიც თუნდაც იმას მაინც გააკონტროლებს, რომ ვიღაც ავადმყოფი რეჟისორები და შემკვეთი სტუდიები, კაცის კვლას, როგორც ასეთს, რეკლამაში არ იყენებდეს? საერთოდ, ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში? საერთოდ, ვართ საზოგადოება? გამაგებინეთ! რეკლამა შეიძლება იყოს ადამიანის სიამოვნებით მოკვლა - ვინაა პაუხისმგებელი რეკლამებზე"?!

გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი:

"ძალადობის პროპაგანდა, რაც არ უნდა შენიღბული იყოს პატრიოტიზმითა და ქართული მოტივებით, მიუღებელია! აგრესიულ მეთოდებს ხშირად იყენებენ არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, რომ ყურადღება მიიქციონ და თუნდაც აალაპარაკონ საზოგადოება, მაგრამ საბოლოოდ ეს პანიკას ქმნის.

ცხადია მნიშნელოვანია თოვლის პაპა, მაგრამ მკვლელობა საშინელებაა!

სულ მცირე, ქართულმა საწარმოებმა უნდა დაამზადონ თოვლის პაპის ტანსაცმელი, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სურვილი, იყიდონ არა სანტა კლაუსების, არამედ თოვლის პაპის სამოსი. ამით ავტომატურად მოხდებოდა თოვლის პაპის პოპულარიზება და სახელმწიფომ საახალწლო ღონისძიებებზე საზოგადოებას თოვლის პაპები უნდა შესთავაზოს და არა სანტა-კლაუსები. მიუხედავად იმისა, რომ თოვლის პაპის დიდი ქომაგი ვარ, არ მიმაჩნია, რომ ყველაფერი ქართული იყოს, პირიქით, საქართველოს უპირატესობა მისი მრავალფეროვნებაა, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ შენი მოსპო. ცუდი არ არის, იყოს სანტა კლაუსიც, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თოვლის პაპის იდეა გავაქროთ".

კომენტარი გააკეთა თავად ვიდეოს ავტორმაც. როგორც AMBEBI.GE -ს რეჟისორმა, დავით ჯიბლაძემ განუცხადა, მას სარეკლამო რგოლით თურმე სურდა ხალხისთვის ეთქვა, რომ ქართული ტრადიციები დააფასონ:

"... არანაირი რიტუალური მკვლელობის წახალისება ამ ვიდეოში არ არის. გაოცებული ვარ, ხალხმა ასე სენსიტიურად რომ მიიღო ეს კადრები. მე მეგონა ხალხი მიჩვეულია ასეთი დონის ძალადობას, ბევრი მსგავსი რამ არის ჩვენს გარშემო გაკეთებული. ქართულ თოვლის ბაბუას რომ ჩართავ ამაში და ასეთ იმიჯერს დაუმატებ, ძალიან რთულად მიიღო ხალხმა. ეს არის შავი იუმორი, სხვა არაფერი. ეს მარტივი ვიდეოა, რომელსაც ერთი იდეა ჰქონდა განსხვავებულად მიელოცა ხალხისთვის ახალი წელი და უფრო მეტად ეცათ პატივი ქართული ტრადიციებისთვის", - აცხადებს დავით ჯიბლაძე. (იხილეთ სრულად)

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)