ბარათაშვილის პოეზია - "ლირიკაში შექმნილი ქართველი ერის პასპორტი" - რას გვკარნახობს თუ გვავალდებულებს "იუნესკოს" აღიარება-გზავნილი?
ბარათაშვილის პოეზია - "ლირიკაში შექმნილი ქართველი ერის პასპორტი" - რას გვკარნახობს თუ გვავალდებულებს "იუნესკოს" აღიარება-გზავნილი?
"იუნესკომ" ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი - დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა

"დარწმუნებული ვარ, მისი იუბილეც ისევე ცუდად ჩაივლის, როგორც ჩაიარა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილემ"

"ჩვენ რომ ევროპელები ვართ, ამის ნიშანია ის პატარა წიგნი, რომელიც შეიცავს ბარათაშვილის შემოქმედებას"

"ნიკოლოზ ბარათაშვილის გაგებას დასჭირდა ილია ჭავჭავაძის - ქართველი ხალხის მამისა და შემოქმედის გენია"


2017 წლის 4 დეკემბერს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ პოეტს, ქართული ლიტერატურის ხელახლა გამცოცხლებელს, რეფორმატორსა
You must have Flash Player installed in order to see this player.
და მოაზროვნეს ნიკოლოზ ბარათაშვილს დაბადებიდან 200 წელი უსრულდება. "იუნესკომ" ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი - დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა. (წყარო)

ვინ არის ნიკოლოზ ბარათაშვილი, რა მნიშვნელობა აქვს მის შემოქმედებას ქართველი ერისთვის და მსოფლიოსთვის და რას გვკარნახობს თუ გვავალდებულებს "იუნესკოს" აღიარება-გზავნილი? - ამ კითხვით პოეტის შემოქმედების უსაზღვროდ დამფასებელსა და შემფასებელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატსა და პოლიტიკოსს ლევან ბერძენიშვილს მივმართეთ:

- ნიკოლოზ ბარათაშვილი მსოფლიოს მასშტაბის შემოქმედია, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის. ეს გამოიხატა იმითაც, რომ ბარათაშვილის
მთარგმნელებში ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტები არიან, თანაც ერთი კი არა, - რამდენიმე, მათ შორის - ბრწყინვალე მთარგმნელები: ბორის პასტერნაკი, სალვადორე კვაზიმოდო და რადიარდ კიპლინგი. და ეს პოეტი აბსოლუტურად არ არის დაფასებული საკუთარ სამშობლოში.

დარწმუნებული ვარ, მისი იუბილეც ისევე ცუდად ჩაივლის, როგორც
ჩაიარა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილემ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს, რა არის კულტურა - ზოგადად.
მინდა გითხრათ, რომ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი არსებობს თბილისში.

თუ ვინმე ნამყოფია იქ, ეცოდინება, როგორ სცემს პატივს საქართველო თავის უდიდეს პოეტს - ეს არის ორი ოთახი, სადაც არ არის მისი არც ერთი ნივთი და ეს ოთახები გამოყენებულია იმისთვის, რომ გამოფენები და კონცერტები მოაწყონ. სამუზეუმოდ არ არის შეცვლილი არც სიტუაცია, არც ფილმია მასზე გადაღებული, არც ნივთებია შეგროვილი. ბავშვები რომ მიიყვანონ, ვერაფერს უჩვენებენ, უბრალოდ, გულგატეხილები გამოვლენ იქიდან. ამ სახლში, სადაც ცხოვრობდა ნიკოლოზ ბარათაშვილი, სახლ-მუზეუმს მარტო ორი ოთახი ეკუთვნის, დანარჩენში ჩვეულებრივი მოქალაქეები ცხოვრობენ. სახელმწიფომ ეს ტერიტორია არ გამოისყიდა და ამ უდიდესი პოეტისადმი პატივისცემა არ გამოხატა.

რუსთაველის იუბილეზე პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა დავალება მისცა კულტურის მინისტრს და განათლების მინისტრს, მაგრამ მათ ეს დავალებაც კი არ შეასრულეს და ამასთან დაკავშირებით არც არაფერი გააკეთეს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ბარათაშვილზეც იგივე იქნება, რადგან მათ ბარათაშვილი რუსთაველის დონისადაც არ მიაჩნიათ.

სალვადორე კვაზიმოდომ კი თარგმნა, კიპლინგმა კი Gთარგმნა, პასტერნაკმა კი თარგმნა, მაგრამ საქართველოს არ ესმის, ვინ არის ნიკოლოზ ბარათაშვილი.

საქართველოს მთავრობას მასზე წარმოდგენა არ აქვს. ერთხელ იყო მხოლოდ, საზეპიროს ამბობდა ბიძინა ივანიშვილი და, ასე ვთქვათ, ერთი საათის განმავლობაში ვერ გაიხსენა, მაგრამ კიდევ კარგი, რომ, თურმე, ბარათაშვილი სცოდნია და საზეპიროს თქმა დააპირა მაინც. მთლიანობაში მინდა გითხრათ, რომ არც განათლების მინისტრი, არც კულტურის მინისტრი, არც პრემიერი მზად არ არიან ამ დღისთვის, რომელიც "იუნესკომ" აღიარა და განსაკუთრებულად აღსანიშნი თარიღების ნუსხაშიც შეიტანა. დრო ბევრი აქვთ, მოგეხსენებათ, წლის ბოლოს არის საიუბილეო დღე და თუ ოდნავ მაინც ვინმე გონს მოვა, ამ დიდ იუბილეს რამენაირად აღვნიშნავთ, მაგრამ... აგერ ვარ მე, აგერ ხართ თქვენ და წლის ბოლოსაც დაგელაპარაკებით....

მთავრობას უნდა დავუსვათ კითხვა, რას აპირება, რა გეგმა აქვს და რამდენი თეთრის დახარჯვას აპირებს?
"ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში არც ერთი ნივთი მისი არ არის"

- მახსოვს, ჩვენს წლების წინანდელ ინტერვიუში ბარათაშვილს "ლირიკაში შექმნილი ქართველი ერის პასპორტიც" კი უწოდეთ.

- ჩვენ რომ ევროპელები ვართ, ამის ნიშანია ის პატარა წიგნი, რომელიც შეიცავს ბარათაშვილის შემოქმედებას. სამწუხაროდ, აქ სულ 40-მდე ნაწარმოებია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბარათაშვილის ლექსები და განსაკუთრებით მისი პოემა "ბედი ქართლისა" გაცილებით მეტს ამბობს საქართველოზე, ვიდრე ათასი სხვა შემოქმედის ბევრი ძალიან კარგი, ბრწყინვალე ნაწარმოები. განუზომელია მისი ფასი, მნიშვნელობა. ნიკოლოზ ბარათაშვილი არის ყველაზე ევროპელი ქართველი პოეტი. ის არის გენიოსი, რომელმაც 19 წლის ასაკში დაწერა "ფიქრნი მტკვრის პირას". ასეთი ფილოსოფიური ლირიკა ჩვენ კი არა, მთელ მსოფლიოს არ აქვს. სამწუხაროდ, ვინაიდან რთულია ეს პოეზია, ვინაიდან იგი ელიტურია, მასობრივად არ ესმით.

- თქვენ ერთხელ ისიც მითხარით, ევროპული არჩევანი ბარათაშვილის გარეშე არ არსებობსო...

- ასეცაა. ნიკოლოზ ბარათაშვილი არის გადამწყვეტი საქართველოსთვის. ეს ევროპული არჩევანი, სხვათა შორის, სულაც არ იყო უყოყმანო და ერთადერთი იმიტომ, რომ ნაწილი რუსეთისკენ იყურებოდა, ნაწილი - სპარსეთისკენ, ნაწილი - ოსმალეთისკენ. ხოლო ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო კაცი, რომელიც ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავალი გახლდათ, მაგრამ მოახერხა და თავის მეფე-წინაპარს სოლომონ ლიონიძის პირით უთხრა, რომ მეფეს არ ჰქონდა არანაირი უფლება, გაეყიდა ჩვენი თავისუფლება.

საერთოდ, უნდა გითხრათ, რომ პოეზიაში ბარათაშვილის დონის მოაზროვნე არ მეგულება, რადგან ძალიან ძნელია, შეურწყა ერთმანეთს ფილოსოფია და პოეზია. როგორ მოახერხა ეს ამ ახალგაზრდა კაცმა, არავინ იცის. ეს დიდი საოცრება, დიდი საიდუმლოა. მაგრამ მას ბედი არ ჰქონდა: ჯერ იმიტომ, რომ უსამშობლოდ გარდაიცვალა და უცხო მიწაზე, საძმო სასაფლაოში ჩაასვენეს; მერე იყო და, გადმოასვენეს, მაგრამ ნეტავ, რამდენმა კი იცის, ვინ და როგორ გადმოასვენა საქართველოში! მერე, იქიდან გადმოსვენებული, მთაწმინდაზე ვერ აღმოჩნდა, რადგან ვერ "დაიმსახურა" და დიდუბეში დაკრძალეს; მერე, როგორც იქნა, დიდუბიდან გადავასვენეთ მთაწმინდაზე და, მიუხედავად ამისა, როდესაც ჩვენთან სატელევიზიო გადაცემა "საქართველოს დიდ ათეულში" გამოკითხვა მიმდინარეობდა, ქართველმა ხალხმა იგი 50 ქართველში ვერ მოახვედრა, რამდენიმე უნიჭო პოეტი კი შეიყვანა. ამიტომ ბარათაშვილი არის ჩვენი გამოცანაც, ბედისწერაც და უბედურებაც. მაგრამ არა უშავს - გენიოსი არსად დაიკარგება. კარგი კი იქნებოდა, რომ საქართველოს მთავრობას ოდესმე თავში შეეშვა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი საბიუჯეტო პოეტია, ანუ მისი იუბილისთვის ფული ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს. არადა, არ არის გამოყოფილი, გათვალისწინებულიც არ აქვთ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილისთვის რამე გაკეთდეს. საიუბილეო პროგრამა კი ძალიან იოლია: თანხა უნდა გამოყოს სახელმწიფომ, მუზეუმი ხელახლა, სერიოზულად უნდა გაკეთდეს, ბარათაშვილზე უნდა მომზადდეს მასალა, უნდა შეიქმნას ფილმი, უნდა დაიდგას სპექტაკლები, უნდა გამოქვეყნდეს ყველაფერი, რაც კი გვაქვს მის შესახებ და ა.შ. იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები საუკუნეში ერთხელ იბადებიან.

- მახსოვს, შესანიშნავი იდეა გქონდათ - ამბობდით, "ბარათაშვილის მოყვარულთა კლუბი" უნდა დავაარსოთო...

- კი ბატონო, ჩვენს დონეზე ბარათაშვილს ყურადღება არ დააკლდება. წელს ვაპირებ, რამდენიმე საჯარო ლექცია წავიკითხო ნიკოლოზ ბარათაშვილზე, მაგრამ საჭირო არის, სახელმწიფოს ესმოდეს, ვინ ვინ არის.

როგორც მაშინ ვერ გაერკვნენ - XIX საუკუნეში, ასე არ ესმით ახლაც. ნიკოლოზ ბარათაშვილი, ფაქტობრივად, ერთადერთი ავტორია, რომელმაც XIX საუკუნეში ყველა კითხვას გასცა პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედება კინაღამ დაიკარგა; მიუხედავად იმისა, რომ მის შემოქმედებას დიდხანს ყურადღებას არ აქცევდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ მან ლექსი - "მერანი" ბიძამისს, პოეტ გრიგოლ ორბელიანს წერილში მისწერა, ბიძამისი კი ამ ლექსით არ აღფრთოვანებულა და განგაშის ზარი არ შემოუკრავს, - არიქა, ასეთი ლექსი არ დაგვეკარგოსო! იმიტომ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის გაგებას გრიგოლ ორბელიანი და ასეთი პოეტები არ ჰყოფნის. ნიკოლოზ ბარათაშვილის გაგებას დასჭირდა ილია ჭავჭავაძის - ქართველი ხალხის მამისა და შემოქმედის გენია. მან დაინახა იგი; გადმოსვენებასაც თავად უხელმძღვანელა, გამოცემასაც; ბარათაშვილის განდიდებაც მანვე ითავა, სხვები კი მხოლოდ იმას მისტიროდნენ, რაც ბარათაშვილის შემოქმედებიდან ვერ გადარჩა (თითქოს რაც გადარჩა, საკმარისი არ იყოს!).

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება ელის თავის მკითხველს. და ეს მკითხველი კიდევ დაიბადება XXI, XXII, XXIII საუკუნეებში, ხოლო იგი ყოველთვის იქნება ელიტური. მანამდე კი... ჩვენ მთელი წლის განმავლობაში შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობას შევაგნებინოთ, ვინ ვინ არის ამ ქვეყანაში!

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)



მკითხველის კომენტარი (14)
nino
12 იანვარი 2017 09:55
ჩემის სულის გამოძახილის პოეტი, გული მწყდებოდა მისდამი ასეთი დამოკიდებულებით, ცოტა იმედი გამიჩნდა... ღმერთო ყველას გაუნათე გონება, მენანება საქართველო და ქართველი ხალხი...
ლიტერატორი
11 იანვარი 2017 19:55
ბატონო ლევან,რატომ ელოდებით მთავრობის გადაწყვეტილებებს?კომპეტენტური ბრძანდებით, შემოიკრიბეთ დაინტერესებული პირები (იქნებ ვინმე ბიზნესმენიც გამოჩნდეს, რომ დააფინანსოს საიუბილეო ღონისძიებები), გამოაცხადეთ კონკურსი საუკეთესო ნაშრომებზე ბარათაშვილის შემოქმედების ირგვლივ, ჩართეთ ტელევიზიის ხელმძღვანელობა(ყურებს რომ გვიყრუებენ თავიანთი პროფესიონალიზმით)...რამდენი რამის გაკეთება შეგიძლიათ! ბარათაშვილი რომ გენიოსი პიროვნება გახლდათ, ეგ ჩვენც ვიცით...
nana
11 იანვარი 2017 16:59
მართალი ბრძანდებით, არაჩვეულებრივი წერილია
aba-aba
11 იანვარი 2017 12:46
ჭკუა სიქველის გარეშე - ეშმაკობაა (სახარებიდან)
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
22-05-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-05-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-05-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-05-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-05-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები