"მშვიდობით, საზმაუ! გამარჯობა სახელმწიფო ტელერადიოკავშირო!" - ვინ როგორ აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დირექტორს - კვირის პალიტრა

"მშვიდობით, საზმაუ! გამარჯობა სახელმწიფო ტელერადიოკავშირო!" - ვინ როგორ აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დირექტორს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური 21 ნოემბრიდან გახდა, როცა ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა თავისი 6-წლიანი ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე თანამდებობა დატოვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსის მსურველთა განცხადებების მიღება 2016 წლის 28 დეკემბერს დასრულდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის ღია კონკურსის მეორე ტურში 14-დან 5 კანდიდატი გადავიდა: თინათინ ბერძენიშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ვასილ მაღლაფერიძე, ნათია კუპრაშვილი და ნინო ზაუტაშვილი.

დღეს ჩატარებული კენჭისყრით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა. მეორე ტურის მეორე კენჭისყრით, ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა დაუჭირა, ხოლო თინათინ ბერძენიშვილის კანდიდატურას - ორმა.

მაღლაფერიძის არჩევას უკვე საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები:

ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი:

"...საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ დღეს მკვეთრად გამოკვეთილი პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია გენერალურ დირექტორად, ადამიანი, რომელიც გასაუბრების დროს ღიად საუბრობდა თავის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე, რომელიც მას არ უქმნის უხერხულობას. დღეს აღმოჩნდა, რომ ეს საბჭოსაც არ უქმნის უხერხულობას. ჩვენ პრაქტიკულად შეიძლება აღმოვჩნდეთ ფაქტის წინაშე, რომ გვქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტიული კუთვნილებით...".

არჩილ გამზარდია, ანალიტიკოსი:

"ერთადერთი "დადებითი" რაც საზმაუს დირექტორის არჩევის შედეგით მოხდა არის, ის, რომ ჯიდიესის დახურული პროექტის 2030-ის და 59 წამის თანამშრომლები ალბათ უმუშევრები აღარ დარჩებიან და გადავლენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. თუმცა, დასანანია, რომ ალბათ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრლომლების რაოდენობა ამის გამო განახევრდება... მშვიდობით, საზმაუ! გამარჯობა სახელმწიფო ტელერადიოკავშირო!"

სულხან სალაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი:

„ვასილ მაღლაფერიძე არის კანდიდატი და უკვე გენერალური დირექტორი, რომელსაც ყველაზე მეტი პრობლემა ჰქონდა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხის დროს. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ოთხი სხვა კანდიდატი შესაძლებელია ყოფილიყო უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, ვიდრე ვასილ მაღლაფერიძე. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში სამეურვეო საბჭო იყო დამოუკიდებელი, უკვე შემიძლია ამის თქმა“

სერგი კაპანაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"ისეთი ადამიანი აირჩიეს, რომელიც არის პირდაპირ შემსრულებელი იმის რასაც ხელისუფლება ეტყვის. სრულიად ნათელია ყველაფერი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლომდე დაექვემდებარა ამ ადამიანს და შესაბამისად, ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება. ეს არის იმ ხაზის გაგრძელება რაც ხელისუფლებას აქვს - ჯერ იყო "რუსთავი 2-ზე" შეტევა, შემდეგ მთელი რიგი მნიშვნელოვანი თოქ-შოუების დახურვა, ბოლოს იყო ახალი კონსორციუმის შექმნა. ხელისუფლებას მედიის მთლიანი კონტროლი უნდა და ამას აკეთებს ნაბიჯ-ნაბიჯ".

ირაკლი ტაბლიაშვილი, მედიაექსპერტი:

"...დღეს მე საზ.მაუწყებელში ვმუშაობ... პროექტი მაქვს - ვექტორი.

არ ვიცი, რას დაუპირებს ახალი გენ.დირი ამ პროექტს... ანუ, მიხურავს თუ არა.

და ამის მიუხედავად, ასე მგონია, რომ ჩემი აზრის დაუფიქსირებლობა, ახლა დადუმება და ა.შ. ჩემგანვეა არასწორი.

დამოუკიდებლად იმისა, რას უზამს ახალი დირექტორი ჩემ პროექტს, ვფიქრობ, გაჩუმება არასწორია.

ჰოდა, შესაბამისად - ბორდის წევრებო, რიტორიკულად გკითხავთ - გჯერათ, რომ ჩვენ გვჯერა, რომ დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილება?

გჯერათ, რომ ჩვენ გვჯერა, რომ სოციალ-დემოკრატმა მარინა მუსხელიშვილმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება?

რეალურად, ეს გადაწყვეტილება მიიღო პირადად ბიძინა ივანიშვილმა და დამოუკიდებლად იმისა, როგორი დირექტორი იქნება მაღლაფერიძე, უშუალოდ მაუწყებელში ყოველთვის იქნება განცდა, რომ ის მოიყვანეს, თანამშრომლებს თავზე დაასვეს და ა.შ.

არადა, კარგი პროექტები ჰქონდა მაუწყებელს და ახლაც აქვს. არადა, კარგი გეგმები ჰქონდა მაუწყებელს.

ჰოდა, კიდევ ერთხელ ვკითხულობ - რატომ მიიღეთ ეს, პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება? რატომ კლავთ საზ.მაუწყებლის იდეას?.. რატომ ცდილობთ, რომ მაუწყებელი გახდეს დამოკიდებული და დამოკიდებული ხელისუფლებაზე?..."

გიორგი ნიჟარაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი:

„მე არ მგონია და არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენმა კოლეგებმა ეს სიტყვა გამოიყენეს, ვინაიდან სამარცხვინო არავის არაფერი ჩაუდენია დანამდვილებით. რაც შეეხება იმას, თუ ვის მივეცი ხმა, მოდით, ფარულ კენჭისყრას პატივი ვცეთ. ხმა მივეცი დამოუკიდებელ, ძლიერ, კონსოლიდირებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს. მიმაჩნია, რომ ამ მაუწყებელს აქვს უზარმაზარი რესურსი, რომელიც არ არის რეალიზებული და ამისთვის საჭიროა სწრაფი, ეფექტური ნაბიჯები, რათა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეასრულოს თავისი ფუნქციები, რასაც, საწუხაროდ, აქამდე ბოლომდე ვერ ასრულებს“.