„დედაჩემს ხომ ვიცნობ კაცო. აქ რომ მოიყვანეს, დავხედე - არ იყო" - გურჯაანში მიცვალებულები შეეშალათ - კვირის პალიტრა

„დედაჩემს ხომ ვიცნობ კაცო. აქ რომ მოიყვანეს, დავხედე - არ იყო" - გურჯაანში მიცვალებულები შეეშალათ

„თავზე რომ გადახადეს, ვერ დაინახეს ვისი მკვდარი იყო?“

საქართველოში საინტერესო და ტრაგიკომედიური ამბები საკმაოდ ხშირად ხდება, თუმცა გურჯაანში მომხდარმა რამდენიმე საათით ხალხს ლარის გაუფასურებაც კი დაავიწყა.

გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალში“ არც მეტი, არც ნაკლები, მიცვალებულები აერიათ და საავადმყოფოდან ოჯახს 80 წლის მარიამ ჯვარისაშვილის ცხედრის ნაცვლად, სხვა გარდაცვლილი, ნინო სამნიაშვილი გაატანეს. ოჯახმა ცხედრების არევის შესახებ მხოლოდ ველისციხეში, გარდაცვლილის სახლში გადასვენების შემდეგ შეიტყო. გაუგებრობის აღმოჩენის შემდეგ ცხედრი უკან დააბრუნეს. გურჯაანის ტელევიზიასთან კომენტარი გარდაცვლილის შვილმა, ვახტანგ ჯვარისაშვილს გააკეთა:

„დედაჩემს ხომ ვიცნობ კაცო. აქ რომ მოიყვანეს, დავხედე - არ იყო და წავიყვანე უკან. იმ ღამეს ალბათ ბევრი დაიღუპა: დედაჩემიც, ჩემი მეზობელიც... ბევრი გვამი იყო და ალბათ შეეშალათ. რაღაც ელემენტარული შეცდომა მოხდა. დედაჩემი დიდი ქალი იყო და რომ ავწიე და რომ ავიყვანე, სიმძიმეზე მე ხომ ვატყობ, კაცო...“

მომხდარზე კომენტარები გააკეთეს მეზობლებმაც: „თავზე რომ გადახადეს, ვერ დაინახეს ვისი მკვდარი იყო?... სხვისი მიცვალებული მოიყვანეს აქ. სახლში ნახეს, სასაცილოცაა და სამწუხაროც“.