"სანამ მამა არ დაერქვა, მანამ გულზე მიწა არ დაეყარა" - კვირის პალიტრა

"სანამ მამა არ დაერქვა, მანამ გულზე მიწა არ დაეყარა"

"დათუნიკა ამბობდა, ოღროჩოღროზე ნაცეკვი რაჭული ყველაფერს მირჩევნიაო"

დათუნიკა 20 წელი ელოდა შვილს. ამბობდა, - არ ვიცი, ამხელა სიხარულს როგორ გადავიტან. მეორე სიცოცხლეს გავაგრძელებ, რახან ჩემს "ფეხთაზე" ბავშვი იბადებაო. დაიბადა მისი მემკვიდრე, გვარის გამგრძელებელი და ნანატრი ვაჟი. უნდოდა, ბიჭისთვის თედორე, მისი ბაბუის სახელი დაერქმია. ოჯახის გადაწყვეტილებით, პატარას ორი სახელი ექნება - დათუნიკა - თედორე სხირტლაძე

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ერის ცხოვრებაში. არ იქნება გადაჭარბებული ნათქვამი, თუ დავით სხირტლაძეს ასეთ ადამიანთა შორის მოვიხსენიებ. მე ის ჩემმა პროფესიამ გამაცნო შარშან ზაფხულს - მშობლიურ ხიმშში, იმ სახლში გვიმასპინძლა, სადაც ცეკვა "რაჭული" დაიბადა. მისი მეუღლე, ქალბატონი მზია და დედა, ქალბატონი ლილი დიდი სიყვარულით შეგვხვდნენ. უჩვეულო სახლში მოვხვდით. ყოველი კუთხე-კუნჭული ტრადიციით, საკუთარი საქმისა და ერის სიყვარულით იყო გაჟღენთილი. მერე მარანში შეგვიძღვა. რაჭაში იტყვიან ხოლმე, კარგ ოჯახში მარნის კარმა არ უნდა დაისვენოს, სულ სტუმრის მოლოდინში უნდა იყოსო - გვითხრა, - ვცდილობ, მამაჩემის სახელი არ შევარცხვინო - ეს ოჯახი იყოს მედგრად, ამ ჭურში ღვინუკა ჩადიოდეს, კაი კეთილი გულუკა და ლობიანი არ მოგვკლებოდესო, ბოლოს კი დასძინა: "რაჭველი კაცის ბუნება მიჰყვება "ხვანჭკარის" დინებას - სიმღერით, სიტყვით, პასუხით, მადლით და ეს მადლი ნუ მოუშალოს მთელ საქართველოს, სიმღერით ევლოს და სასიმღეროდ ჰქონოდეს საქმე ჩვენს ქვეყანას". მახსოვს, მაშინ მითხრა: - ორი ამხელა იქნებოდა ეს სახლ-კარი, მე რომ გვარის გამგრძელებელი მყოლოდაო...

59 წლის დათუნიკა სხირტლაძე 30 დეკემბერს, სცენაზე, კონცერტისას გარდაიცვალა. 3 იანვარს მშობლიურ სოფელში მიებარა მიწას. მისი სახლიდან გამოსვენების მომენტში დაიბადა მისი მემკვიდრე, გვარის გამგრძელებელი და ნანატრი ვაჟი. უნდოდა, ბიჭისთვის თედორე, მისი ბაბუის სახელი დაერქმია. ოჯახის გადაწყვეტილებით, პატარას ორი სახელი ექნება - დათუნიკა-თედორე სხირტლაძე.

დათო მაისაშვილი, ანსამბლ "რაეოს" წევრი: - დათუნიკასთან ერთად მამამისის ტექსტზე - "სტვირის ჰანგით მოთაფლულო" ახალი სიმღერა დავწერეთ, რომელიც პირველად მისთვის უკანასკნელ კონცერტზე შეასრულა, მაყურებელმა ტაში დაგვიკრა, მადლობის გადახდა მოასწრო და სულიც დალია.

დათუნიკა 20 წელი ელოდა შვილს. ისეთი გახარებული იყო მისი მოლოდინით, ამბობდა, - არ ვიცი, ამხელა სიხარულს როგორ გადავიტან. მეორე სიცოცხლეს გავაგრძელებ, რახან ჩემს "ფეხთაზე" ბავშვი იბადებაო.

უკანასკნელ წლებში სოფელს დაუბრუნდა, თან კულტურის სამსახურს ჩაუდგა სათავეში. ბევრი მეგობარი უძახდა, - დათუნიკა, ქალაქისკენ წამოდიო. რა ვქნა, რაჭა მიყვარს და ჩემს სოფელს ვერა ვტოვებო. ჩვენს ანსამბლს რომ აცნობდა ხოლმე ვინმეს, აღნიშნავდა, - ყველა მისი წევრი მოზამთრე რაჭველები ვართო.

უამრავი ადამიანი ჩამოვიდა რაჭაში მასთან გამოსამშვიდობებლად. დააფასა მთელმა საქართველომ ჩვენი დათუნიკა.

გიორგი უშიკიშვილი, ფოლკლორისტი: - ის იყო ადამიანი, რომელსაც შესისხლხორცებული ჰქონდა ხალხური შემოქმედება, ბრწყინვალედ ინახავდა ტრადიციებს. ჩინებული გვარის შვილი იყო, სხირტლაძეებმა ქართულ ფოლკლორში დიდი საქმეები გააკეთეს და დათუნიკაც ტრადიციას აგრძელებდა. ერთ რამეზე ვწუხვარ - ჩვენმა ქვეყანამ მისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოიყენა. ძალიან თავმდაბალი იყო და არც კი იმჩნევდა დიდი საქმეების კეთებას, რომელთა შემოქმედიც იყო.

მიშიკო კობახიძე, ანსამბლ "რაეოს" წევრი: - ყველას რაღაც დაუტოვა მოსაგონებლად. როდესაც რაღაცას კარგად გავაკეთებდი, "გენაცვალოს, ბაბუ, ჩემი გამგრძელებელი ხარო", - მეტყოდა. ემოციური კაცი იყო, ყველაფერს სიყვარულით აკეთებდა. სანამ მამა არ დაერქვა, მანამ გულზე მიწა არ დაეყარა ჩვენს დათუნიკას.

ნინო მდევაძე, ჟურნალისტი: - რაჭაში რომ დააკვირდე, როგორ უძღვება ხარებს რაჭველი გლეხი, აუცილებლად ცეკვის რაიმე დეტალს დაინახავო, - მითხრა ერთხელ. მერე გაიცინა, - ყველაფერს ცეკვის თვალით ვუყურებ. ამას წინათ ერთ წიგნში გასაოცარი რამე ამოვიკითხე, - თურმე ფუტკრებიც ცეკვავენ, თანაც ძალიან ლამაზად. ერთმანეთს ცეკვით ეპრანჭებიანო."

მერაბ ბუაძე, ამბროლაურის კულტურის ცენტრის პიარის სამსახურის უფროსი: - მე და ჩემმა ძმამ მამისეული ვენახის გაახლება გადავწყვიტეთ. საქმეში ჩართულს რამდენიმე დღე სამსახურში დამაგვიანდა. დათუნიკამ მიზეზი რომ შეიტყო - გაფიცებ ყველაფერს, ერთი ბოძი მაინც ჩამასობინე, წვლილი შემატანინეო. "მე კი ყოველთვის რაჭის მებაღე ვიქნები", ხშირად იმეორებდა ხოლმე ამ სიტყვებს მამამისის ლექსიდან. აქაურობა ახარებდა, რაჭის ცხოვრებით ცხოვრობდა. ამბობდა, - ოღროჩოღროზე ნაცეკვი "რაჭული" ყველაფერს მირჩევნიაო.

ფრიდონ სულაბერიძე, ქორეოგრაფი: - ყველას, ვისაც უნახავს მისი ცეკვა, სიმღერა, თამადობა, სიტყვა-პასუხი, მოქმედება, გული დასწყდა. დათუნიკა სხირტლაძეს ტიროდა მთელი რაჭა, მთელი საქართველო. სანამ იქნება რაჭული ცეკვა, დავით სხირტლაძე არ დაავიწყდება არავის.

აუხდენელი ოცნება

დათუნიკა სხირტლაძე ამბროლაურის რაიონში, ხელოვანი ადამიანების ოჯახში დაიბადა. მამის ოცნება - ფილოლოგი შვილი ჰყოლოდა - ოცნებადვე დარჩა. წინაპრების დარად დათუნიკაც ხელოვნების სამსახურში ჩადგა. 8 წელი ანსამბლ "სუხიშვილებში" ცეკვავდა. იყო ჯგუფ "შინის" წევრი.

მერე გულმა ისევ რაჭისაკენ გაუწია. სწორედ აქ შეიქმნა ცეკვა "რაჭული", ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ 20 წელიწადი ატარებდა ამ ცეკვას გონებაში, ვიდრე სცენაზე გადაიტანდა. "ჩემი მიზანი მიღწეულია. ეს ცეკვა ხალხის საკუთრებად იქცა და ალბათ არასოდეს მოკვდება. წილად მხვდა, ჩემი კუთხის შვილის სახელი პირნათლად მეტარებინა და არ დამეკარგა ის მარგალიტები, რაც იქ ვისწავლე. რაჭაში უამრავი სხვა მასალაა, რომელსაც პატრონობა სჭირდება. ბევრი გეგმა მაქვს, რომელთა განხორციელების საშუალება ალბათ ოდესმე მომეცემა. ვცდილობ, ყველაფერში შევინარჩუნო ბუნებრიობა. ვისურვებდი, ვიცეკვო ისეთებიც, რომელიც ჯერ არ დადგმულა. მასალა ყველა მხარეში ბევრი გვაქვს. მაგალითისათვის მესხეთ-ჯავახეთს გამოვყოფდი. ერთი რომ გამაყოლა კვალდაკვალ იქაურ მესხს, აუცილებლად რამე საინტერესო ნიუანსს დავიჭერდი და ცეკვაში გადმოვიტანდი, - ვერ მოასწრო ამ ოცნების ახდენა.

ეკა სალაღაია