"19 წლის ბიჭს სატელეფონო ზარებით გამუდმებით ატერორებდნენ" - საქართველოში 400 მილიონი ერთეული ონლაინ-სესხია გაცემული?! - კვირის პალიტრა

"19 წლის ბიჭს სატელეფონო ზარებით გამუდმებით ატერორებდნენ" - საქართველოში 400 მილიონი ერთეული ონლაინ-სესხია გაცემული?!

"ბიუჯეტის ძირითადი შემავსებელი სწორედ ეს სექტორია, რომელსაც გავლენიანი ლობიც ჰყავს. მსხვერპლი კი, ძირითადად, ახალგაზრდობაა".

"ჩემმა შვილმა ონლაინსესხის გადაუხდელობის გამო თავის მოკვლა სცადა. 19 წლის ბიჭს სატელეფონო ზარებით გამუდმებით ატერორებდნენ, თუ ფულს არ გადაიხდი, ოჯახიდან ყველაფერს წავიღებთო. სახლის წართმევითაც ემუქრებოდნენ. გადავარჩინეთ, მაგრამ ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო. ნუთუ ონლაინსესხების გამცემ კომპანიას უფლება აქვს, ასე დააშანტაჟოს ადამიანები, თანაც ისეთები, ვისაც არც სამსახური აქვს, არც შემოსავალი. ნუთუ არავინ უნდა იცავდეს ახალგაზრდებს მსგავს სიტუაციაში ჩავარდნისგან?"- რედაქციაში შემოსულ წერილს ავტორის ნაცვლად ეწერა: "დედა, რომელიც გადარჩა, თვითმკვლელი შვილის დედა ყოფილიყო".

ასეთი შინაარსის წერილებმა იმატა...

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 13 იანვარს ხელი მოაწერა ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს. პრეზიდენტის მრჩევლის, მაია მელქაძის განცხადებით, "საქართველოში 400 მილიონი ერთეული ონლაინ-სესხია გაცემული, მაშინ როცა ქვეყანაში მოსახლეობა 3,7 მილიონია".

პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი პროგნოზირებს, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, რომელიც ძალაში უკვე 16 იანვრიდან შევა, ონლაინ-სესხების რამდენიმე ორგანიზაციას ბაზრიდან გასვლა მოუწევს.

„თავდაპირველად საკანონდებლო ინიციატორებმა ეს კანონპროექტი სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს, რითაც გარკვეული კომუნიკაცია დაიწყო. ამის შემდეგ კომუნიკაცია შეწყდა და პოსტფაქტუმ იგებენ ბიზნესის წარმომადგენლები, რომ პარლამენტში ეს კანონი დაჩქარებული წესით განიხილეს და სამი მოსმენით მიიღეს. როცა კანონში ჩაიხედეს, აღმოჩნდა რომ კანონპროექტში აღარც ისე შეთანხმებები იყო გათვალისწინებული, რაზეც კერძო სექტორი და კანონის ავტორები შეთანხმდენენ...

ონლაინ-სესხების რაოდენობიდან გამომდინარე ქვეყანაში მოთხოვნა ასეთ პროდუქტზე მაღალია. ამ რეგულაციების მიღებით კი ეს მოთხოვნა საბანკო სექტორში და ე.წ მევახშეებში გადაინაცვლებს. სწორედ აქ დავინახეთ რისკები. ქვეყანაში 400 მილიონი ერთეული ონლაინ-სესხია გაცემული, მაშინ როცა ქვეყანაში მოსახლეობა 3,7 მილიონია. აქვე გასათვალისწინებელია სრულწლოვანთა რაოდენობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ ადამიანს რაოდენოებრივად და თანხობრივადაც საკამოდ დიდი თანხა აქვს აღებული ონლაინ-სესხის სახით. გამოდის, რომ ქვეყანაში მოთხოვნა ასეთ ფულზე არის და იქნება. კითხვა გვაქვს ასეთი - ამ რეგულაციების პირობებში არსებული მოთხოვნა როგორ დაკმაყოფილდება? გადაინაცვლებს თუ არა ეს მოთხოვნა საბანკო, ანუ რეგულირებად სექტორში თუ ჩრდილოვან სექტორში გადაინაცველებს, მევახშეებს ვგულისხმობ, რომელთა რეგულირების ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს“, - განაცხადა მაია მელქაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას, ინოვაციური კვლევითი ცენტრის ექსპერტ-ანალიტიკოსი გიორგი პატარიძე ამბობს, რომ საქართველოში საკრედიტო-საფინანსო სისტემის განვითარებაში ბევრი ხარვეზია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

- ერთადერთი, გასასესხებელი თანხის ლიმიტია შეზღუდული, ისიც იმიტომ, რომ სესხი გირაოთი ვერ იტვირთება, რაც მოკლევადიანი სესხების პოპულარობას ზრდის, რადგან რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ მომხმარებელს ასეთი მომსახურება გამოსავლად ეჩვენება, რეალურად კი ვერ განსაზღვრავს, რა ტვირთს იკიდებს.

ბიუჯეტის ძირითადი შემავსებელი სწორედ ეს სექტორია, რომელსაც გავლენიანი ლობიც ჰყავს. მსხვერპლი კი, ძირითადად, ახალგაზრდობაა... კანონმდებლობით არ რეგულირდება, ვინ და რა ფორმით უნდა დაუკავშირდეს ვადის გადამცილებელს, მაგრამ არსებობს ე.წ. ამომღები კომპანიები, ანუ ჯანიანი ბიჭები. ისინი ჯერ ბანკების "პრობლემურ" განყოფილებებში იყვნენ, საიდანაც "სწრაფი სესხების"ა და მიკროსაფინანსოების პრობლემური სესხების ამომღებ ორგანიზაციებში გადაბარგდნენ.

ხშირად დაშინებული მოქალაქეები არ ჩივიან და სახელმწიფოც არ ცდილობს, დროულად მოახდინოს რეგულაციების იმპლემენტაცია. ამასობაში კი ბოლო 2 წელიწადში ონლაინსესხების გამცემი ორგანიზაციების რაოდენობამ რამდენიმე ათეულს გადააჭარბა.

უცხოეთშიც არის ონლაინსესხების ანალოგი, მაგრამ მეტწილად ყველგან მოქმედებს: ა) კანონი, რომელიც იცავს მსესხებელს, ანუ არაკაბალურად განსაზღვრავს პირობებს; ბ) მსესხებელი უფრო გამოცდილია და თუ მსგავსი გამოცდილება არა აქვს, შეუძლია ფინანსური ან იურიდიული დახმარებისთვის (უფასოდ) მიმართოს ამა თუ იმ ორგანიზაციას; გ) სოციალური ფონი არ არის ისეთი მძიმე, როგორიც ჩვენთან და მსგავსი სესხებით სარგებლობა იშვიათია... (იხილეთ სრულად: "გახსოვდეთ! როდესაც სესხის ამომღები გემუქრებათ, რომ გაგიყიდით სახლს, ვერაფერსაც ვერ გაგიყიდით!")