საზარელ ავტოავარიას შეწირული კიდევ სამი სიცოცხლე - (ავტო) სიკვდილის შემაძრწუნებელი არითმეტიკა - კვირის პალიტრა

საზარელ ავტოავარიას შეწირული კიდევ სამი სიცოცხლე - (ავტო) სიკვდილის შემაძრწუნებელი არითმეტიკა

12 იანვარს, საღამოს ხაშურის რაიონის სოფელ ალთან კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც უმძიმესი შედეგით დასრულდა - დაიღუპა 3 ადამიანი , მათ შორის ბავშვი. ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ავტომობილი და "ნივა" შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად, სამივე ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა.

დაღუპულები არიან: მამა ვახტანგი (აბდუშელიშვილი), ირმა აბრამიშვილი და მცირეწლოვანი გოგონა ანი აბრამიშვილი. აბრამიშვილების კიდევ ორი ნათესავი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. სამივე დაღუპული ჭიათურის მაცხოვრებლები იყვნენ.

მამა ვახტანგი ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახური იყო და სოფელ ითხვისის ტაძარს წინამძღოლობდა.

ჯერჯერობით დაუდგენელია ავარიის გამომწვევი მიზეზი. როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბოლო ხანს ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა სტატისტიკა მართლაც რომ შემაძრწუნებელია. ამ კონკრეტულ შემთხვევამდე, სულ რაღაც 21 დღეში საქართველოს გზებზე 19 ადამიანი დაიღუპა!

ვტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა დღითი დღე მძიმდება - ბოლო დღეების მანძილზე ავტოსაგზაო შემთხვევების ქრონოლოგიური სურათი თავზარდამცემია:

14 დეკემბერს ურეკში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა (ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მიმავალი "ოპელი" და ტრაილერი შეეჯახნენ);

23 დეკემბერს რუსთავში მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა;

26 დეკემბერს ახმეტაში ავტოავარიის გამო ორი კაცი დაიღუპა;

28 დეკემბერს ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მოქალაქე ემსხვერპლა.

2017 წლის პირველ იანვარს რუსთავში ავტოავარიას 5 ახალგაზრდა შეეწირა (გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი დიდი სიჩქარით მოდიოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მეგობრობის პროსპექტზე გმირთა მემორიალს შეეჯახა).

3 იანვარს მცხეთასთან ახლოს 2 გოგონა და 2 ბიჭი დაიღუპნენ, მათი ავტომობილი ხეს შეასკდა...

2016 წლის 11 თვის მონაცემით, 6 360 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა და 600-მდე მოქალაქე გარდაიცვალა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, საგზაო უსაფრთხოების წესების უხეშად დამრღვევის მიმართ როგორც სახელმწიფომ, ასევე საზოგადოებამ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოიჩინონ.

ეკა ლალიაშვილი, "ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის", გამგეობის თავმჯდომარე:

- ყოველდღიურად გვესმის ტრაგიკული შედეგებით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ და რეაგირება ნულის ტოლფასია. ცუდად მუშაობს ადმინისტრირებისა და აღსრულების სისტემა, რომელმაც მძღოლებს უსაფრთხოების წესების დაცვა უნდა აიძულოს.

მძღოლს ყველაზე მეტად მართვის მოწმობის დაკარგვის და დიდი ჯარიმის ეშინია. რახანია, ვითხოვთ ახალი სისტემის დანერგვას, რომელიც საშუალებას იძლევა, ყოველ უხეშ დარღვევაზე მძღოლს ქულები ჩამოაკლდეს (მისთვის მინიჭებული 100 ქულიდან), ამგვარად მან რამდენიმე დღეშიც კი შეიძლება დაკარგოს მართვის მოწმობა. (იხილეთ სრულად)