"პატრიარქმა მითხრა, ანაფორას გავიხდი და ის დაუფინეთ ბიჭებს, ცივზე არ დააწვინოთ დაღუპულებიო" - ინტერვიუ პატრიარქის დაცვის უფროსთან - კვირის პალიტრა

"პატრიარქმა მითხრა, ანაფორას გავიხდი და ის დაუფინეთ ბიჭებს, ცივზე არ დააწვინოთ დაღუპულებიო" - ინტერვიუ პატრიარქის დაცვის უფროსთან

"აგვისტოს ომის დროს, როცა ხმა გავრცელდა, რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენო, პატრიარქის ევაკუაცია გადაწყდა, თუმცა უწმინდესი ცივ უარზე იყო იმათგან განსხვავებით, ვინც ქალაქიდან გარბოდა. ამბობდა, ჩემს ხალხს მარტო არ დავტოვებ, საპატრიარქოდან ფეხს არ მოვიცვლიო..."

"ერთხელ ახალგაზრდა კაცი დანით გადმოძვრა საპატრიარქოში. ბიჭებმა დააკავეს... მოგვიანებით ამ ბიჭმა თავი დაიჭრა. კაცმა არ იცის, რას ჩაიდენდა, შენობაში რომ შეეღწია..."

საქართველოს პატრიარქთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა, მათ შორის უწმინდესის უსაფრთხოების საკითხი საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. "კვირის პალიტრა" ექსკლუზიურად ესაუბრა პატრიარქის დაცვის უფროს სოსო ოხანაშვილს. მართალია, რესპონდენტმა ბევრ საკითხზე საჯაროდ საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა, პატრიარქის დაცვის სამსახურის 13-წლიან ისტორიასა და სისხლიანი 7 ნოემბრის, 26 მაისისა და აგვისტოს ომის აქამდე უცნობ დეტალებზე დეტალურად მოგვითხრო...

სოსო ოხანაშვილი, საქართველოს პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი: - საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1997 წლიდან ვმსახურობდი. აშშ-ში სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და სამსახური გავაგრძელე კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადაში. პატრიარქის სტიქაროსანი 2003 წლის 18 იანვარს გავხდი. "ფორმიანი" სტიქაროსანი რამდენიმე ვიყავით. 2003 წლის აგვისტოში ერაყში წავედი. ჩვენმა ნაწილმა - პირველმა სამხედრო ქვედანაყოფმა (სულ 34 წევრი - 7 სპეცდანიშნულების ოფიცერი და 27 ჯარისკაცი) საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მიიღო მონაწილეობა... მეთაური იყო გელა ჭედია (დაიღუპა 2008 წლის აგვისტოს ომში).

ერაყში წასვლის წინ პატრიარქმა მითხრა, - აბა, შენ იცი, მშვიდობით მოიარე, ოღონდ შეეცადე, კაცი არ მოკლა და თუ ვინმეს ტყვედ ჩაიგდებთ, სიცოცხლე შეუნარჩუნეთო. პატრიარქის ეს სიტყვები სულ მახსოვდა. ერაყში მყოფი სხვა ქვეყნების ჯარისკაცებისგან განსხვავებით, რომლებიც მუდმივად ითხოვდნენ ტყვეების დასჯას - პასუხს ვერავინ გვაგებინებსო, ჩვენ ვცდილობდით, ისინი ცოცხლები დაგვეტოვებინა.

ერაყში 8 თვე დავყავით, საბედნიეროდ, უდანაკარგოდ დავბრუნდით, ოღონდ დაჭრილები კი გვყავდა. ქვეყანაში უკვე ახალი, "ვარდების" ხელისუფლება დაგვხვდა... დაახლოებით ერთი თვის შემდეგ პატრიარქმა დამიბარა. როგორც კი დამინახა, მკითხა, - ადამიანი ხომ არ მოგიკლავსო. ღვთის ნებით, ასეთ სიტუაციაში არ ვყოფილვარ-მეთქი, - დავამშვიდე. მერე გამომკითხა, რა გეგმები გაქვსო. ვუთხარი, რომ უწინდებურად გავაგრძელებდი შეიარაღებულ ძალებში სამსახურს.

მოულოდნელად მკითხა, - არ გინდა, ჩემთან იყოო? სადაც წავალ, თან რომ მახლდე და ზოგადად ეს სამსახური ააწყოო. თავიდან არც დავიჯერე - ვყოფილიყავი პატრიარქის პირადი მცველი. ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო.

ხვალვე დავწერ პატაკს და წამოვალ-მეთქი, - ვუთხარი გახარებულმა. იქ ხომ ხელფასი გაქვს, ამიტომ ჩემთან სამსახურის შემდეგ მოდი ხოლმეო (შეთავსებით უნდა მემუშავა). ასეც მოხდა. სამსახურის შემდეგ საპატრიარქოში მივდიოდი, ფაქტობრივად, იქ ვცხოვრობდი, საპატრიარქოში მეძინა.

უწმინდესს რომ გამართული დაცვის სამსახური სჭირდებოდა, კარგად ხედავდა მამა ნიკოლოზ მინდიაშვილიც (ჩვენი მოძღვარი იყო). როგორც მოგვიანებით გავიგე, სწორედ მან ჩამოუგდო ამ თემაზე პატრიარქს სიტყვა - კარგი ბიჭები მყავს, სამსახურს კარგად ააწყობენ და იქნებ თქვენთან წაიყვანოთო.

უწმინდესს ღიმილით უთქვამს, - პატრიარქს ღმერთი იცავსო. ღმერთი იცავს კაცის ხელითო, - არ დაუყოვნებია მამა ნიკოლოზსაც. სწორედ ეს საუბარი გამხდარა მოგვიანებით პატრიარქის გადაწყვეტილების მიზეზიც.

იმხანად პატრიარქს პროფესიონალური დაცვის სამსახური არ გააჩნდა, სტიქაროსნები ან სასულიერო პირები დაჰყვებოდნენ, სულ 2-3 კაცი. როცა საპატრიარქოში მივედი, დაცვის სამსახურში ორი კაცი დამხვდა, ისიც ახალმოსულები, ერთი მოგვიანებით სასულიერო პირი გახდა... პროფესიონალები არც ესენი იყვნენ. ვცდილობდით არსებული რესურსით სამსახურის აწყობას, თუმცა რესურსი, ფაქტობრივად, არც გვქონდა. ამასობაში, ბრიგადაში დაიწყეს ლაპარაკი, რომ ერაყში ნამყოფი ქართველი ჯარისკაცები დავეჯილდოებინეთ სპეციალური სიგელებით. თავდაცვის მინისტრი გია ბარამიძე იყო, ხოლო გენერალური შტაბის უფროსი იუკურიძე, თუმცა მათ რატომღაც განაცხადეს, - ისინი შევარდნაძემ გაუშვა ერაყში და შევარდნაძემ დააჯილდოოსო. ასეთმა დამოკიდებულებამ სამხედროების პროტესტი გამოიწვია. ორი თვის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ მოხალისეების შეგროვება დაიწყო ერაყში, ამჯერად ბაღდადში, ქართული დანაყოფის გასაგზავნად და მეც შემომთავაზეს, ამჯერად წასვლაზე უარი ვთქვი.

2004 წლის 12 მაისს პირველად გავყევი პატრიარქს პირადი მცველის რანგში და უკვე 13 წელია, გვერდიდან არ მოვშორებივარ. სიმართლე გითხრათ, ძალიან გვიჭირდა, იყო უამრავი დაბრკოლება, ბევრი - ხელოვნურიც, მაგალითად, გვჭირდებოდა კავშირგაბმულობის საშუალება (ე.წ. რაცია),"რომლის შეძენასაც ფული სჭირდებოდა და არ გვქონდა. წლების განმავლობაში არავინ წერდა სპეციალურ წერილს, რომ კავშირგაბმულობისთვის სიხშირე მომეთხოვა; როგორც სპეცდანიშნულების მოქმედ ოფიცერს, იარაღის ტარების უფლება მხოლოდ მე მქონდა. მწირი იყო ადამიანური რესურსიც, კადრებს მე ვარჩევდი. რა თქმა უნდა, ძირითადი კრიტერიუმი ფიზიკური მომზადება და გონებრივი მონაცემები იყო (სხარტი და კრიტიკული აზროვნება, ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი), შემდეგ პატრიარქს ვუთანხმებდი. ფაქტობრივად შიშველი ხელებით პატრიარქის დაცვა დიდი პასუხისმგებლობა იყო, თან მძიმე სამუშაო რეჟიმის პირობებში ბევრი ვერ უძლებდა და მალე მიდიოდა.

იმ პერიოდში არანაირი რესურსი არ გაგვაჩნდა, მანქანაც კი არ გვყავდა. ჩვენი სამსახური ბევრად სპეციფიკურია, ვიდრე სახელმწიფოს პირველი პირების დაცვისა, პატრიარქს მუდმივად უწევდა ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა და ხალხს მასთან ურთიერთობას ვერ ავუკრძალავდით. ჩემი მუშაობის პირველ პერიოდში ძირითადი საფრთხე აი, რა იყო: ტაძარში წირვას ხშირად ესწრებოდნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებიც ხან სიყვარულით, ხან აგრესიით ცდილობდნენ პატრიარქთან მიახლოებას, გაჰყვიროდენ - ხელი შეგვახებინეთო. მახსოვს, ერთი ისე ჩაებღაუჭა პატრიარქის ხელს, რომ ორმა კაცმა ძლივს გამოვიხსენით.

სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები მრავლად იყო, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ დაცვის სამსახურს ბევრი წინააღმდეგობა შიგნითაც გვხვდებოდა, მაგალითად, მთელ ტერიტორიაზე დავაყენებინე სათვალთვალო კამერები, რამაც ზოგიერთი სასულიერო პირის უკმაყოფილება გამოიწვია. ხშირად მესმოდა, - რამდენს ბედავენ, რას ჰგავს ეს - უშიშროების სამინისტრო ხომ არ არისო და ა.შ. ვერ ვხვდები, დღემდე რატომ აშინებს წესრიგი ხალხს. არადა, ხშირი იყო საპატრიარქოში შემოღწევის ფაქტები, გალავანზე მოძვრებოდნენ, რომ პატრიარქამდე მიეღწიათ.

დაახლოებით ერთი წლის წინ ახალგაზრდა კაცი დანით გადმოძვრა საპატრიარქოში. ბიჭებმა დააკავეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. მოგვიანებით ამ ბიჭმა თავი დაიჭრა. კაცმა არ იცის, რას ჩაიდენდა, საპატრიარქოს შენობაში რომ შეეღწია. ასეთი შემთხვევები წელიწადში რამდენჯერმე არის ხოლმე. თუმცა, მღვდელმთავართა დიდი ნაწილი ყოველთვის გვერდში გვედგა - ვისაც უწმინდესი უყვარს, მისთვის მისი უსაფრთხოება მნიშვნელოვანია.

სახელმწიფო დაცვის სამსახურისგან განსხვავებით, ჩვენ არ მიგვიწვდებოდა ხელი ოპერატიულ ინფორმაციაზე. ღონისძიების დროს (განსაკუთრებით რეგიონებში) პირდაპირ მივადგებოდით ადგილს და მერე ვიწყებდით სიტუაციის ანალიზს, ჩვენ არ გვყავდა იმდენი ხალხი და მით უმეტეს, მანქანები, რომ ვინმე წინასწარ გაგვეშვა სიტუაციის შესასწავლად. თავიდან მხოლოდ ერთი მანქანა გვყავდა - პატრიარქის, შემდგომ ერთი მანქანა გვაჩუქეს, რომელიც უკან მოგვყვებოდა, ბოლო სამი წელია, რაც ჩვენი სამსახური საბოლოოდ ჩამოყალიბდა ოფიციალურ სტრუქტურად და კიდევ ერთი მანქანა დაგვემატა. მოგვცეს პირადი დაცვის უზრუნველყოფის აღჭურვილობა. ამაში ხელისუფლება დაგვეხმარა, რითაც სახელმწიფომ ეკლესიისთვის ძალიან დიდი საქმე გააკეთა.

ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს პატრიარქის გვერდით ვატარებდი. არაერთხელ უკითხავს, - იარაღი რად გინდაო. რა ვიცი, ღმერთმა არ დაგვაჭირვოს-მეთქი, - ვპასუხობდი. ღმერთმა არ დაგვაჭირვოსო, თვითონაც იმეორებდა.

ბოლო პერიოდში, როცა პატრიარქის დაცვის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დანაყოფი გახდა და ბიჭებმაც შესაბამისი მომზადება გაიარეს და იარაღის ტარების უფლებაც მიიღეს, პატრიარქი უარზე იდგა. მის დასარწმუნებლად ხშირად მომყავდა მაგალითები - როგორ იცავენ რუსეთის პატრიარქს, მსოფლიო პატრიარქს, სხვა სასულიერო ლიდერებს და ა.შ.

უწმინდესი იმდენად უყვარს ხალხს, რომ მარტო რომ იყოს, ან მხოლოდ ორი პირი ახლდეს, შეიძლება ამ სიყვარულით უნებლიეთ დააზიანონ კიდეც. თუმცა, იმის გამო, რომ ხალხს უნდა ჰქონდეს პატრიარქთან ურთიერთობის საშუალება, უარი ვთქვით დაჯავშნულ მანქანაზე.

წინა ხელისუფლების დროს პატრიარქთან ხშირად მოდიოდნენ რჩევის საკითხავად უმაღლესი ხელისუფლების პირები, მაგრამ, რასაც პატრიარქი ეუბნებოდა, არაფერს ითვალისწინებდნენ. 2007 წლის ნოემბერში მე კოჯრის სპეცდანიშნულების სკოლის ხელმძღვანელი გახლდით და 8 ნოემბრამდე შვებულებაში ვიყავი.

7 ნოემბერს, როდესაც რუსთაველზე მიტინგი დაარბიეს, პატრიარქმა ძალიან ინერვიულა. მოგვიანებით, სანაპიროზე მორიგი დარბევის დროს, უამრავი ნაცემ-ნაბეგვი სამებას მოაწყდა თავშესაფრის ძიებაში. მახსოვს, სპეცდანიშნულების რაზმები ეზოში შემოვიდნენ, თუმცა ტაძარში შემოსვლა ვერ გაბედეს. 8 ნოემბერს გამომიძახეს და მითხრეს, სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად 8-ში ქუჩაში გამოვსულიყავი. უარი განვაცხადე, რადგან ვთვლიდი, რომ მომიტინგე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სპეცდანიშნულების ძალების გამოყენება უკანონობა და უზნეობა იყო. ამის გამო 15 ნოემბერს სამსახურიდან დამითხოვეს.

ამას ჯერ კიდევ 8-ში გააკეთებდნენ, მაგრამ ქართულ-ებრაული სწავლება იყო დაგეგმილი, რომელშიც ჩემი დანაყოფიც მონაწილეობდა. მაცალეს სწავლების ჩატარება. 2007 წლის 15 ნოემბრიდან უკვე თადარიგის მაიორი მხოლოდ პატრიარქის დაცვის სამსახურში ვიყავი...

აგვისტოს ომის დროს, როცა ხმა გავრცელდა, რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენო, რა თქმა უნდა, პატრიარქის ევაკუაცია გადაწყდა, თუმცა უწმინდესი ცივ უარზე იყო იმათგან განსხვავებით, ვინც ქალაქიდან გარბოდა. ამბობდა, ჩემს ხალხს მარტო არ დავტოვებ, საპატრიარქოდან ფეხს არ მოვიცვლიო. აღარ ვიცოდით, რა გვექნა. ბოლოს, შევთავაზე, რომ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე დღით სვეტიცხოველში ან შავნაბადას მონასტერში ავსულიყავით. ვარწმუნებდი, რომ ეს ფაქტობრივად თბილისში ყოფნას ნიშნავდა, თუმცა უწმინდესმა ამაზეც უარი განაცხადა. ამის შემდეგ ჩვენი მწირი რესურსებით საპატრიარქოს დაცვა გავაძლიერეთ. თუმცა მხოლოდ ერთი (ჩემი პირადი!) იარაღის იმედად ვიყავით.

14 აგვისტოს პატრიარქმა გადაწყვიტა, კონფლიქტის ზონაში შესულიყო - იქ ჯერ კიდევ უამრავი ადამიანი რჩებოდა, რომელსაც ნუგეში სჭირდებოდა. ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია მიტროპოლიტ ისაიას. სწორედ მასთან მიდიოდა პატრიარქი. რა თქმა უნდა, რისკი ძალიან დიდი იყო და თავიდან უარზე ვიყავით. პატრიარქმა არ დაიშალა. პროცესში ჩაერთო რუსეთის მაშინდელი ელჩი და უსაფრთხოების გარანტიები მოგვცა. რა თქმა უნდა, რუსების დაპირების იმედად ვერ ვიქნებოდით. ამ დროს შემეხმიანა ვლადიმერ ჩაჩიბაია (ამჟამად გენშტაბის უფროსი; ჩვენ ამერიკაში სასწავლო კურსები ერთად დავასრულეთ) და სურვილი გამოთქვა, ჩვენთან ერთად წამოსულიყო. სამოქალაქო ტანსაცმელი ჩავაცვით, რომ იქ არავის ეცნო (იმ დღეებში ჩაჩიბაია სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა). გარდა ამისა, თან წავიყვანე სამოქალაქო ტანსაცმელგადაცმული სპეცდანიშნულების რაზმის კიდევ რამდენიმე წევრი. გვახლდნენ სასულიერო პირებიც.

15 აგვისტოს გორში გენერალი ბორისოვი დაგვხვდა, ჩვეულებისამებრ შეზარხოშებული იყო. როცა კონფლიქტის ზონაში გადავედით, თავს ორი შვეულმფრენი დაგვტრიალებდა, ბორისოვს ვკითხე, ვინ არიან-მეთქი. რუსული შვეულმფრენები არიან, პატრიარქის ესკორტს აცილებენ, რაიმე პროვოკაცია არ მოხდეს და მერე ჩვენ არ დაგვბრალდესო (პროვოკაციას მართლაც ვერ გამოვრიცხავდით).

ბორისოვმა პატრიარქს უთხრა, - ცხინვალში დახოცილი ქართველების, ოსების და რუსების ცხედრები ერთად შევაგროვეთ და გავყვიროდი, მოდით, საკუთარი მიცვალებულები წაასვენეთ-მეთქი, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავდა. მაღალი სიცხის გამო ეპიდემია რომ არ გავრცელებულიყო, ერთ ორმოში ჩავყარეთ და დავწვითო. ამის გაგონებაზე პატრიარქი ატირდა (მთელი დღე სულ თვალცრემლიანი დადიოდა). მერე ბორისოვს გადასცა 10.000 დოლარი - თუ შეიძლება, ეს თანხა დახოცილი ქართველების, ოსების და რუსების დასაკრძალავად, მათ გასაპატიოსნებლად გამოიყენეთო... კონფლიქტის ზონაში ხალხი პატრიარქს საოცარი ემოციებით ხვდებოდა. უკვე უკან დაბრუნებას ვაპირებდით, ჩემთან მოვიდა კაცი და მითხრა, შინდისთან ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ყრია და იქნებ პატრიარქს უთხრათო. პატრიარქმა როგორც კი გაიგო - წავიდეთ, ვნახოთ ბიჭებიო. ბორისოვი უარზე იყო, საჭირო არ არის, ჩვენ გადმოვასვენებთო.

რუსი გენერალი დაჟინებით ითხოვდა, რომ უწმინდესი შინდისში არ წასულიყო, თუმცა პატრიარქი აქ მართლაც შეუვალი აღმოჩნდა და შინდისში წავედით. იქ ისეთი მძიმე სურათი დამხვდა, ცრემლს ვერ ვიკავებდი, პატრიარქს ვთხოვე, მანქანიდან არ გადმოსულიყო. ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ნაწილებად იყო მიმოფანტული, სულ 16-ნი იყვნენ. ბორისოვი ჰყვებოდა, ბიჭებმა მაგრად იბრძოლესო.

როგორც ადგილზე გავიგე, ქართულ სამხედრო კოლონას რუსული ავიაცია დაესხა თავს, ნაწილმა გაასწრო, ნაწილი დარჩა. შემდეგ სატანკო დანაყოფი ჩაერთო. ოთხი ჯარისკაცი ერთად მომკვდარიყო - ტანკის ორი ჭურვი ჰქონდათ მოხვედრილი. ერთს ხელში ტელეფონი შერჩენოდა. პატრიარქმა თქვა, - ბიჭები უნდა წავასვენოთო (თან ერთი მანქანა გვახლდა - პატარა ე.წ. ლაფეტი). მერე მითხრა, - ანაფორას გავიხდი და ის დაუფინეთ, ცივზე არ დააწვინოთ ბიჭებიო. მართალია, პატრიარქი მანქანიდან არ გადმოსულა, მაგრამ ხედავდა, მანქანაზე როგორ დავაფინეთ სხვა რაღაცები და როგორ ვაწყობდით ქართველი გმირების სხეულის ნაწილებს... მხოლოდ 6 დაეტია.

უწმინდესი მანქანაში ტიროდა (სამი დღე მოვუნდით ცხედრების გადმოსვენებას).

განადგურებულები დავბრუნდით თბილისში, მესამე დღეს ერთი ჯარისკაცის დედა მოვიდა ჩვენთან, თან შვილის სურათი მოიტანა, - ბოლოს შინდისიდან დამირეკაო. სურათზე ამოვიცანი - ერთ-ერთი გმირი შინდისელი იყო...

მახსოვს, 26 მაისს, როცა მომიტინგეების დარბევა დაიწყეს და პატრიარქმა ეს ტელევიზიით ნახა, გამოგვიშვა, - წადით, იქნებ დახმარება მოახერხოთო. როცა ავედით, უკვე კინოთეატრ "რუსთაველში" ჰყავდათ ხალხი გამომწყვდეული. შიგნით შევედით. გაოგნებული დავრჩით - იატაკზე უამრავი დასისხლიანებული ეყარა და ხელებშეკრულებს მაინც უმოწყალოდ სცემდნენ, ნიღბიანები გიჟებს ჰგავდნენ. აქეთ ვეცით, ვიღაცას შუაში ჩავუდექით... დავინახე, რომ ჩვენები ძირს დაყრილებს გადაეფარნენ, მაგრამ მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დაგვეცვა ისინი, ვერაფერს გავხდით. ვიღაცამ ჩვენზე იკითხა - ესენი ვინ არიანო. საპატრიარქოდანო, - დაიძახა ერთმა და ატყდა გინება. პოლიციის თანამშრომლები რომ გაიტანა ბურჯანაძის მანქანებმა, იმათზე ილოცეთ, აქ რას მოეთრიეთო და ა.შ... კინოდარბაზში ისეთი რამეები ვნახე, მომდევნო 6 თვის განმავლობაში "რუსთაველში" ვერ შევდიოდი (მიუხედავად იმისა, რომ რემონტი უმალ ჩაატარეს), იმ აყალმაყალში ერთი კაცი გამოვაპარეთ, იქნებოდა 55 წლის, ჩავისვით მანქანაში და საპატრიარქოში მოვიყვანეთ. ის პირადად პატრიარქმა ნახა. წარმოიდგინეთ, კაცი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჯოჯოხეთში იყო, უცებ პატრიარქთან მოხვდა. გაოგნებული ტიროდა, წარამარა მადლობას იხდიდა... პატრიარქმა ამ კაცს რომ მოუსმინა და თან პირდაპირ ეთერში დარბევის სცენები ნახა, ბრძანა: მანქანები გამოიყვანეთ, "რუსთაველში" წავიდეთო. ვცდილობდი, დამერწმუნებინა, რომ მისი მისვლა უფრო გაამწვავებდა სიტუაციას, ვუხსნიდი, სპეცრაზმელები აფექტში არიან... როგორია, ადამიანს გამეტებით ურტყამ, უცებ მობრუნდები და პატრიარქი შეგრჩება ხელთ-მეთქი. აფექტში მყოფ ნიღბიანებს შეიძლება ადეკვატური რეაქცია არ ჰქონოდათ და პატრიარქი შეურაცხეყოთ, გარდა ამისა, როცა ხალხი გაიგებდა, პატრიარქი რუსთაველზეაო, რა თქმა უნდა, უამრავი ადამიანი გამოვიდოდა ქუჩაში, რასაც, სავარაუდოდ, უკონტროლო პროცესები მოჰყვებოდა. როგორც იქნა, გადავაფიქრებინეთ...

2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჩვენი სამსახური საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც შსს-ს დაცვის პოლიციის დანაყოფი და მუშაობაში, შსს-ს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და სხვა სპეციალური სამსახურები გვეხმარებიან.

მას შემდეგ, რაც "ისლამური სახელმწიფო" შეიქმნა და მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხეები ძალიან მასშტაბური გახდა, რა თქმა უნდა, ჩვენმა სამსახურმა, საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, გადაწყვიტა, გარკვეული სახის ღონისძიებები გაეტარებინა. მით უმეტეს, რომ საზოგადოებას ალბათ ახსოვს "ხალიფატის" ზოგიერთი წარმომადგენლის ღია მუქარა, რომლებიც პატრიარქის წინააღმდეგაც იყო მიმართული. დავიწყეთ საპატრიარქოში შემავალი მანქანების ე.წ. სარკეებით შემოწმება (სტანდარტული პროცედურაა ნაღმის აღმოსაჩენად და ერთი მანქანის შემოწმებას 7-8 წამი სჭირდება), ძალიან ბევრი მღვდელმთავარი ასეთ ზომებს მოწონებით შეხვდა, თუმცა ზოგი თაკილობს - ვის უბედავთ, მე ნაღმის შემოტანას როგორ ვიკადრებო და ა.შ.

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ რომელიმე ღვთისმსახურს რაიმე საფრთხის შექმნა უნდოდეს, მაგრამ წარმოიდგინეთ: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია რესტორან "ქალაქურიდან" (რომელიც საპატრიარქოს მეზობლადაა) დააკვირდეს საპატრიარქოში შემავალ მანქანებს, რომელი მოწმდება და რომელი - არა. უკვე ქუჩაში გაჩერებული მანქანის ქვეშ ნაღმის ჩადება დღეს ძნელი არ არის.

ასევე, გვინდოდა, დიდ დღესასწაულებში, მაგალითად, შობას და აღდგომას, სამებაში უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად ე.წ. სკანერები დაგვედგა. სახელმწიფო მზად იყო, დაგვხმარებოდა, თუმცა წინააღმდეგობას კვლავ "შიგნით" გადავაწყდით და იძულებული გავხდი, განზრახვაზე ხელი ამეღო. მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი სამსახური გაძლიერდეს, პროფესიულ განვითარებაზე ვზრუნავთ. შარშან უკრაინაში, კიევში, პირადი მცველის მსოფლიო ჩემპიონატშიც ვმონაწილეობდით.

როცა პატრიარქს ხალხში მივყვები, ზურგს უკან ზოგჯერ დალოცვა მესმის, ზოგჯერ მწყევლიან და ჯალათს მეძახიან, პატრიარქთან მისვლის უფლებას რომ არ ვაძლევ. ეს უწმინდესსაც ესმის და ხშირად მეკითხება, - როგორ გრძნობ თავს, როცა გწყევლიანო. ხანდახან ხომ მლოცავენ კიდეც-მეთქი, ვპასუხობ ხოლმე...

ვინ არის სოსო ოხანაშვილი?

სოსო ოხანაშვილი - 40 წლის. შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქართველოს საპატრიარქოს უსაფრთხოების და ქონების დაცვის სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი.

1993-1997 წლამდე საბრძოლო ხელოვნების"აიკიდოს ფედერაციის პრეზიდენტი. 1997-2007 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბრიგადაში.

1998-2003 წლებში აშშ-ში გაიარა სპეცდანიშნულების რამდენიმე კურსი, 2003 წელს გახდა "მწვანე ბერეტი".

2004 წლიდან არის პატრიარქის უსაფრთხოების დაცვის უფროსი (მისი პირადი მცველი).

არის პირველი ქართული სამშვიდობო მისიის მონაწილე ერაყში (2003 წ.).

იყო თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების სკოლის მეთაური (2007 წ.).

კარგად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, ჰყავს მეუღლე და 4 ვაჟი.

ნინო ბურჭულაძე