როგორია NDI-ის ახალი კვლევის შედეგები? - კვირის პალიტრა

როგორია NDI-ის ახალი კვლევის შედეგები?

"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგეის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.

კითხვაზე: რომელი ეროვნული საკითხია თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა უმრავლესობა ფასების ზრდას და ინფლაციას, სიღარიბეს, ტერიტორიული მთლიანობას და პენსიებსაც ასახელებს.

NDI-ს მიერ გამოკითხულთა 17% აცხადებს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო 26%-ს თქმით, გაუარესდა. გამოკითხულთა 56% კი მიიჩნევს, რომ ის და მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია, როგორც 2012 წლის ოქტომბრამდე იყო.

გამოკითხულთა 34% თავს დასაქმებულად თვლის. გამოკითხულთა 66% კი, თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, 2010 წლის შემდეგ აღნიშნული მაჩვენებლები სტაბილურია.

გამოკითხულთა 72%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 18%-ისთვის ეს მიუღებელია.

რაც შეეხება ნატო-ს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას გამოკითხულთა 61% უჭერს მხარს, 25% კი წინააღმდეგია.

გამოკითხულთა უმრავლესობა (54%) მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან. გამოკითხულთა 18% აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ნატო-სთან და ევროკავშირთან.

ამასთან, გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მხოლოდ პროდასავლური უნდა იყოს, 9%-ის აზრით კი, მხოლოდ პრორუსული. დანარჩენებმა შეკითხვაზე პასუხი „არ იცის“.

გამოკითხულთა უმრავლესობა (53%) მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებით. 31% კი  აცხადებს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

გამოკითხულთა 7% არც ერთ ზემოთაღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება. ხოლო 9%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოს პარლამენტის წევრთა 30%- ს ქალები უნდა შეადგენდნენ.

კითხვაზე - როგორი იქნებოდა ქალი და კაცი პარლამენტარების საუკეთესო გადანაწილება პარლამენტში? - პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 10% ქალი, 90% კაცი - მისაღებია გამოკითხულთა 14%-სთვის; 30% ქალი, 70% კაცი მისაღებია - 39%-სთვის; 50% ქალი, 50% კაცი - 35%-სთვის; 30% კაცი, 70% ქალი - 2%-სთვის. გამოკითხულთა 60% მხარს უჭერს სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას.

"ინტერპრესნიუსი"