"არსებული ბრალდებების გამო, მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა ჩვენს ეპარქიაში აბსოლუტურად მიუღებელია" - კვირის პალიტრა

"არსებული ბრალდებების გამო, მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა ჩვენს ეპარქიაში აბსოლუტურად მიუღებელია"

გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის გამო პროტესტს გამოთქვამს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის საპროტესტო განცხადებას მიუნხენის, შტუტგარტის, ფრანკფურტის, ნიურნბერგისა და ინსბრუკის სამრევლოების წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათთვის ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის ფაქტის შესახებ 16 იანვარს გახდა ცნობილი, რა გადაწყვეტილებაც მორწმუნეებში აღშფოთებას, განხეთქილებას და მღელვარებას იწვევს. განცხადების ავტორები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შესაბამისი რეაგირებისათვის მიმართავენ.

"ინტერპრესნიუსი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"16 იანვარს საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა), რომელსაც, რამდენიმე თვის წინ, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სასწრაფოდ დატოვება მოუწია, მრევლის მხრიდან უმძიმესი ბრალდებების გამო.

ვაცხადებთ, რომ არსებული ბრალდებების გამო, მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა ჩვენს ეპარქიაში აბსოლუტურად მიუღებელია სამღვდელოებისა და მრევლისთვის. ეს გადაწყვეტილება მორწმუნეებში იწვევს აღშფოთებას, განხეთქილებას და მღელვარებას. იგი ჩვენს სამრევლოებში ხელს არ შეუწყობს სიმშვიდესა და ერთიანობას, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება მიგვაჩნია მრევლისთვის მრავალმხრივ საზიანოდ, გამოვთქვამთ პროტესტს და ვაცხადებთ, რომ არ დავექვემდებარებით მიტროპოლიტ სერაფიმეს, ვრჩებით საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში და მივმართავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი რეაგირებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ქ. მიუნხენის, შტუტგარტის, ფრანკფურტის, ნიურნბერგის და ინსბრუკის სამრევლოების წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე; დუსელდორფის, ბონის, კარლსრუეს, ბილეფელდის და ოსნაბრუკის სამრევლოების წინამძღვარი არქიმანდრიტი ისე (გელაშვილი) და ბერლინის, ჰანოვერის, ჰამბურგის და ზაარბრიუკენის სამრევლოების წინამძღვარი არქიმანდრიტი იოანე (სილაგაძე).

მიმდინარე წლის დასაწყისში სულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ეპისკოპოსად ლაზარე (სამადბეგიშვილი) დაინიშნა, რომელიც მანამდე ავსტრია-გერმანიის ეპარქიის ხელმძღვანლი იყო.

2016 წლის გაზაფხულამდე კი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას, 21 წლის განმავლობაში, მიტროპოლიტი სერაფიმე ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დრომდე მეუფე სერაფიმე ათონის მთაზე იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"