"სოფია-ჯორჯია" კარიბის ზღვიდან - გემის კაპიტნის ასისტენტი ქართველი გოგონას ზღაპრული ცხოვრება - კვირის პალიტრა

"სოფია-ჯორჯია" კარიბის ზღვიდან - გემის კაპიტნის ასისტენტი ქართველი გოგონას ზღაპრული ცხოვრება

"სულ ნოსტალგია მაქვს, როცა "ფეისბუკში" ჩემი მშობლიური და საყვარელი დაბა ცემის ფოტოებს ვუყურებ - წელს მაინც რამხელა თოვლი მოსულა"!

სოფია მხეიძე პირველი ქართველია, "დისნეის" გემზე რომ მოხვდა, მის სამ გემზე წლიდან წლამდე კონტრაქტით რომ მუშაობს და დისნეის გმირებთან ერთად მოგზაურობს. გოგონამ ხუთი ენა იცის: ქართული, რუსული, თურქული, ბერძნული და ინგლისური, ძალიან უყვარს მოგზაურობა და პროფესიულად სწორედ მოგზაურობის სიყვარულის გამო შეისწავლა ტურიზმიც. ჯერ ევროპის საკრუიზო გემებზე მოხვდა, შემდეგ კი ბედმა გაუღიმა და ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში შესაბამისი ტრენინგ-სემინარების გავლის შემდეგ "დისნეის" ოთხი საკრუიზო გემიდან ერთ-ერთზე - 14-სართულიან "დისნეი დრიმზე", მისაღებში, ერთხაზიანი ოფიცრის რანგში აიყვანეს სამუშაოდ. ასე გადაიქცა თბილისელი გოგონა სოფია მხეიძე "სოფია-ჯორჯიად" და მას შემდეგ მის საკრუიზო ბეიჯს ყოველთვის აწერია SOPHIA GEORGIA, ოღონდ უკვე ყველამ - თანამშრომელმაც და დამსვენებელმაც კარგად იცის, რომ ეს გოგონა ამერიკის შტატ ჯორჯიიდან კი არა, ოკეანის იქით მდებარე პატარა ქვეყნიდანაა, რომელსაც საქართველო ჰქვია.

სოფია დღეს უკვე კაპიტნის ასისტენტია და კვლავ "დისნეის" სხვადასხვა გემით დაცურავს. რადგან ვიცოდი, საახალწლოდაც გემზე იქნებოდა, პირდაპირ "კარიბის ზღვაში" დავუკავშირდი.

სოფია მხეიძე

სოფია:

- მოგესალმებით კარიბის ზღვიდან. ბოლო პერიოდში სულ საახალწლო კრუიზები გვქონდა, ნოემბრიდან დავიწყეთ და ზეიმიც ნამდვილად არ გვაკლია გემებზე: ორი თვის განმავლობაში "დისნეი დრიმზე" (Disney Dream) ვიყავი, ამჟამად, ორი თვით "დისნეი ფანტაზიზე" (Disney Fantasy) ვარ და თებერვლის ბოლოს, ორ თვეს შინ, შვებულებით ჩამოვალ - ასეთი კონტრაქტი მაქვს. დღეს ცუდი ამინდია და გვიჭირს ჩვენს კუნძულზე შესვლა, ქარი და ტალღები ხელს გვიშლის, პირსს რომ მივუახლოვდეთ და გემი დავაბათ. ორჯერ ვცადეთ და ცოტა ხანში კიდევ მოვსინჯავთ.

- ახლა რა მოვალეობები გაქვს?

- მევალება კონკრეტული გემის პერსონალის საბუთების შენახვა და შემოწმება; კაპიტნის თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზება; დეკ-დეპარტამენტის შეიარაღება საჭირო საბუთებით და სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში დახმარება, რათა ყველაფერმა შეუფერხებლად იმუშაოს; მუდმივად უნდა ვეკონტაქტო მთავარ ოფისს ორლანდოსა და ლონდონში, ჩავინიშნო და გავავრცელო ახალი გადაწყვეტილებები; ორგანიზება გავუკეთო საზეიმო წვეულებებს და ა.შ. ჩემი მოვალეობები იცვლება იმის მიხედვით, რომელ გემზე ვარ, რა მარშრუტი გვაქვს და ვინ არის კაპიტანი, მაგრამ ყველაფერი ძალიან საინტერესოა და ახალი რამის შესასწავლად და პროფესიული განვითარებისთვისაც აქ უამრავი შესაძლებლობა გვაქვს. ეს ჩემი მეორე კონტრაქტია ამ პოზიციაზე.

- ახალ წელს ალაბთ ზღვაში შეხვდით?

- დიახ, 2016 წლის 31 დეკემბერს, ღამით, ზღვაში ვიყავით და ახალ 2017 წლის შემობრძანება, რა თქმა უნდა, ფეიერვერკებით აღვნიშნეთ. 3800 დამსვენებელი გვყავდა და 1500-მდე ეკიპაჟია და პერსონალია, ასე რომ, ამჯერადაც სავსე გემი გვქონდა. ახალი წლის ღამისთვის ბევრი მუსიკალური პროგრამა, ცეკვა-თამაში დავგეგმეთ შოუს და დისნეის გმირებთან ერთად. რა თქმა უნდა, აქ ყველა პროგრამა ბავშვებზეა გათვლილი, რადგან ჩვენი ძირითადი სტუმრები ბავშვები და მათი ოჯახები არიან, შესაბამისად, პატარებმაც ძალიან მოილხინეს.

საკრუიზო გემი Disney Fantasy

ჩემთვის კი, ცოტა რთულია საახალწლო განწყობის ქონა, როცა გარეთ მცხუნვარე მზეა და ყველა ზღვაზეა. აქ ახალი წელი სულ ასეთია - ცხელა. ბევრს თოვლიც არასდროს უნახავს. ჩემთვის კი ეს წარმოუდგენელია და სულ ნოსტალგია მაქვს, როცა "ფეისბუკში" ჩემი მშობლიური და საყვარელი დაბა ცემის ფოტოებს ვუყურებ - წელს მაინც რამხელა თოვლი მოსულა! მაგრამ ერთდროულად ყველგან - მანდაც და აქაც ვერ ვიქნები…

ისე, გასულ წელს მართლაც ვიჯერე გული საქართველოთი - ამ ზაფხულს მშობლიურ ხმელეთზე ვიმოგზაურე და, ფაქტობრივად, მთელი საქართველოს მთა და ბარი მოვიარე...

მაგრამ სამსახური - სამსახურია.

25 დეკემბერს კათოლიკების შობაც აღვნიშნეთ. სამწუხაროდ, აქ მართლმადიდებლურ შობას - 7 იანვარს არ აღნიშნავენ. არც ეკლესიაში წასვლა ან სანთლის დანთებაა შესაძლებელი. გემზე ასეთ დღესასწაულებს უფრო კომერციულად უყურებენ, მაგრამ არის ადგილი, სადაც ნებისმიერი აღმსარებლობის დამსვენებელს თუ გემის პერსონალს მისივე მრწამსის ადამიანებთან ერთად თავისი რელიგიის მიხედვით შეუძლია ლოცვა.

ახალ წლამდე აღვნიშნეთ ჰელოუინი და კარნავალიც მოვაწყეთ. სხვადასხვა მულტფილმის გმირები ყოველდღიურად მოდიან ჩვენთან და გვახალისებენ. მაგალითად, დღეს თუ "გაყინულის" ელზა და ანა გვყავს სტუმრად, ხვალ - "ნევერლენდის" პრინცი, სოფია და ჯეიკი გვეწვევიან.

- ანუ ერთი და იგივე მსახიობები იცვლიან კოსტიუმებს?

- არა, ისინი მსახიობები არ არიან! ისინი ნამდვილი ელზა და ანა, ნამდვილი პრინცი, სოფია, ჯეიკი არიან, ისეთივე ნამდვილები, როგორც სანტა კლაუსი და ელფები ლაპლანდიიდან. მისაღებში რომ ვმუშაობდი, დილით მიკისთან და ყველაზე ალალ, ლაღ, ლამაზ და კარგად შემოსილ გუფისთან ერთად მივირთმევდით ყავას, უცებ იხვი დონალდი ჩამოგვირბენდა და ხალისიანად მოგვესალმებოდა; მერე კაპიტანი ჰუკი მოვიდოდა და თითების შესაბამისი მოძრაობით ფულს გვთხოვდა, - დროზე ჩამოდით, ვიცი, მისაღებში ბლომად ფული გაქვთო. ასე გვაყაჩაღებდა ხოლმე. ჩვენ გვქონდა შოკოლადის ოქროსფერი მონეტები და ვუყრიდით, თან ვავალებდით, გემზე მყოფი ბავშვებისთვის დაერიგებინა, მაგრამ არასდროს ურიგებდა - აბა, რისი კაპიტან ჰუკი იქნებოდა, ეს რომ გაეკეთებინა! ღორმუცელა, სულ თვითონ მიირთმევდა.

ყოველ რეისზე ერთხელ მაინც ვაწყობთ მეკობრეების საღამოს. მთელი საკრუიზო გემის დამსვენებლები და მომსახურე პერსონალის დიდი ნაწილი (მსახიობები და რესტორნებში მომუშავენი) მეკობრეების კოსტიუმებში ეწყობიან. დისნეის გემის "სტაჟიანი" დამსვენებლები უკვე მომზადებულები ამოდიან ხოლმე გემზე - წინასწარ იმარაგებენ საგანგებოდ შეკერილ ტანსაცმელს, ფრთებს, ხმლებს, სხვა ატრიბუტებს და, ლამის იჯერებ, რომ კარიბის ზღვის მეკობრეების გემზე იმყოფები. ნეტავ იცოდეთ, რა ბედნიერია გემის დამსვენებელი ათასობით ბავშვი! როგორ მიყვარს მათი გაბრწყინებული სახეების ცქერა! წარმოიდგინეთ, მე - ზრდასრული ადამიანი რა ემოციას გამოვხატავ დისნეის გმირებთან ურთიერთობისას და ბავშვებს რა მოუვათ! გემზე იქნება, პარკში თუ რომელიმე შოუში, ამის განცდას მსოფლიოს ყველა ბავშვს ვუსურვებ, რადგან დისნეის გმირები უბრალოდ მულტფილმის გმირები კი არა, ბავშვების ნამდვილი მეგობრები არიან. ქორწილს იხდიან გემზე თუ დაბადების დღეს აღნიშნავენ (ყოველ კრუზზე სულ ცოტა - 3 ქორწილი და უამრავი დაბადების დღის წვეულება გვაქვს ხოლმე), აუცილებლად ვუკავშირებთ რომელიმე გმირს, იმის მიხედვით, კონკრეტულ წყვილს თუ ბავშვს გამორჩეულად რომელი მათგანი უყვარს...

- სოფია, ყველა "დისნეიელი" მოგვიკითხე საქართველოდან...

- დიდი მადლობა. მეც გილოცავთ ახალ წელს. საქართველოს მშვიდობასა და სიძლიერეს ვუსურვებ. არაჩვეულებრივი ქვეყანა გვაქვს, მრავალფეროვანი და ამაყი, მდიდარი წარსულისა და უზარმაზარი შესაძლებლობების, ძალიან მინდა, მომავალიც ბრწყინვალე ჰქონდეს. მთელ საქართველოს და ქართველებს მანდაც და ჩემნაირად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფებს ვუსურვებ წარმატებას და ძალიან ნაყოფიერ 2017 წელს. თქვენს "კვირის პალიტრას" ვუსურვებ, მკითხველი და წარმატება არ მოგკლებოდეთ! კარიბის ზღვიდან - "დისნეიელი" სოფია-ჯორჯია!

იხილეთ ფოტოგალერეა: "გასეირნება" "დისნეის" საკრუიზო გემზე

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)