კობა დავითაშვილის დიეტა და "პუტკუნა" გუბაზ სანიკიძე, ანუ რატომ დააკავეს დათო ბერძენიშვილი ნატო-ს შტაბბინაში?! - კვირის პალიტრა

კობა დავითაშვილის დიეტა და "პუტკუნა" გუბაზ სანიკიძე, ანუ რატომ დააკავეს დათო ბერძენიშვილი ნატო-ს შტაბბინაში?!

დღევანდელ წერილში რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის თავს გადახდენილ მხიარულ ისტორიებს მოგიყვებით.

მართალია კობა დავითაშვილი ახლა აქტიურ პოლიტიკაში აღარ არის, მაგრამ შესაძლებელია აქტიურ დიეტაზე კვლავაც იყოს. წლების წინ კი მისი მეგობარი ზვიად ძიძიგური ასეთ ამბავს იხსნებდა:

"თავის დროზე მთელმა საქართველომ გაიგო, რომ კობა დავითაშვილი და ლევან ბერძენიშვილი ვაშლის დიეტაზე იყვნენ. მალე 150 კილოგრამიანი კობა 110 კილოგრამი გახდა. ბერძენიშვილმა დაკლებული წონა შეინარჩუნა, მაგრამ დავითაშვილს ნებისყოფა არ ეყო. კობამ გახდომის ყველა მეთოდი საკუთარ თავზე გამოსცადა, მაგრამ ამაოდ. ერთი პერიოდი ელენე გიორგაძის სისტემის ერთგული იყო, წონაში დაკლებაც დაიწყო და ცოტა ხანში ვხედავ, ისევ იმატებს. გაკვირვებული ვეკითხები:

- რა არის, დიეტამ არ გიშველა?

- მიშველა, მაგრამ ერთი კვირის წინ სხვა სკოლას მივაგენი და ვარიანტი არაა, ვუღალატო.

- რა სისტემის დიეტაა?

- რაც შეიძლება მეტი ხორცი უნდა ჭამო".

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს კი ასეთი კურიოზული ისტორია გადახდა თურმე თავს:

"1992-95 წლებში ბატონი თედო ნინიძე იყო იურიდიული სამსახურის უფროსი, ხოლო მე - მისი მოადგილე. "იმელის" შენობაში გვქონდა ერთი ოთახი. ის ცოტა თავისებური კაცი იყო და მოქალაქეთა მიღებაც ჩემს კისერზე გადადიოდა და თედო ნინიძის სახელზე მოსულ კორესპონდენციასაც მე ვიღებდი.

ცოტა ხანში ბატონი თედო გენერალურ პროკურორად დანიშნეს. ჰოდა, დილით მივედი სამსახურში, დაცვის ბიჭები გაიჭიმნენ და "ჩესტი" მომცეს. გამიკვირდა. საღამოს გამოვდივარ, ისევ "ჩესტი" ამიღეს. ვიფიქრე, ეტყობა, რაღაც ახალი ინსტრუქცია მიიღეს-მეთქი.

მეორე დილას დაზვერვა ჩავატარე. ვხედავ, ჩვეულებრივ ატარებენ თანამშრომლებს. მე დამინახეს, გაიჭიმნენ! ავედი ოთახში, მუშაობას ვერ ვახერხებ, საფიქრალი გამიჩნდა, მემასხარავებენ თუ რა ხდება? ვეღარაფერი გავიგე. ბოლოს დაცვის ბიჭებს მივადექი, "ჩესტით" შემეგებნენ.

- ხალხო, რა ხდება, ვერ მეტყვით? - ვეკითხები.

- როგორ თუ რა ხდება, ბატონო თედო, ახლა ისეთი თანამდებობა გაქვთ, რომ...

- ვინ თედო, კაცო, დათო ვარ, უსუფაშვილი! - გადავირიე.

- ხუმრობთ? - დააღეს პირი.

- რა მეხუმრება, არ ვარ მე თედო ნინიძე!

ამ დროს თანამშრომლის ხმა მომესმა:

- რა ხდება, ხომ ყველაფერი რიგზეა, ბატონო თედო? ჰო, სულითა და გულით გილოცავთ! - გავშეშდი ადგილზე და გამწარებულმა ვიყვირე: - დათო ვარ, უსუფაშვილი, დათო!

მალე მთელი იურიდიული სამსახური მოგროვდა და აღმოჩნდა, რომ ნახევარზე მეტს მართლა თედო ნინიძე ვეგონე!"

"ეროვნული ფორმიდან" ახლახან წასული გუბაზ სანიკიძე წინა საუკუნის 80-იან წლებში ჯერ კიდევ მშვიდ ქვეყანა სირიაში სტუმრობას, ასე იხსენებდა:

"1988 წელს სირიაში მომიწია ჩასვლა, სადიპლომოზე ვმუშაობდი. დამასკოს ცნობილ ბაზრობას ვეწვიე, მივდივარ ჩემთვის და ყველას და ყველაფერს ვათვალიერებ. უცებ ძახილი მესმის:

- პუტკუნ, პუტკუნ!

გამიხარდა, მეგობარი გამომიჩნდა-მეთქი, ვიყურები აქეთ-იქით, მაგრამ ვერავინ ვიცანი. ალბათ, მომეჩვენა, გავიფიქრე და გზა გავაგრძელე, მაგრამ ისევ:

- პუტკუნ, პუტკუნ!

გავიხედე, არავინაა, გადავირიე, კაცო! გავჩერდი ერთ ადგილზე და ველოდები როდის მობეზრდება მალვა და გამოჩნდება. ამ დროს ვიღაც გასაბერი ბუშტების გამყიდველი ამეტუზა ცხვირწინ, უცნაურად მომაჩერდა და მეუბნება:

- პუტკუნ, პუტკუნ!

- შენ მეძახდი? - ვეკითხები არაბულად.

- არა, - ბუშტი მომიშვირა, - ამას ჰქვია "პუტკუნა".

ერთ მშვენიერ დღეს "რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილი თურმე ქალაქ ბრიუსელში ჩაფრინდა. ბედის ირონიით, ევროპის შუაგულში ჩასულს ჯიბეში მხოლოდ ორი-სამი დოლარი ჰქონდა, მისი ჩემოდანი კი დაიკარგა...

"ნატოს შტაბბინაში შეხვედრა იყო დანიშნული. ბრიუსელში ვენის გავლით ჩავფრინდი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. ჯიბეში ხურდები მაქვს და გავიხედოთ, ჩემოდანი არ ჩამოვიდა. სხვა გზა არ იყო, მივედი ნატო-ში ჯინსებით და გაუსკდათ გული!

მეორე დილით ოფიციალური შეხვედრა უნდა შემდგარიყო და ზრდილობიანი ფორმით შემახსენეს, რომ კოსტიუმში გამოწყობილი უნდა ვყოფილიყავი და სასწრაფოდ მაღაზიები შემომევლო. კი, ორ-სამ დოლარად ასარჩევად მექნებოდა საქმე!

ახლა რისი იმედი მაქვს - თუ ჩემოდანი ჩემთან 24 საათზე მეტის დაგვიანებით მოვა, ავიაკომპანია იძულებული იქნება, გვარიანი საკომპენსაციო თანხა გადამიხადოს, რომელიც მთელი ოჯახის გამოსაპრანჭად მეყოფოდა. თან დროში ვეტევი, ფულიც ავიღო და შეხვედრაზეც ოფიციალური სამოსით გამოვცხადდე. ვდგავარ შტაბბინის დერეფანში და საათს დავყურებ. 17 საათი გავიდა, 18, 19, 20. სიხარულისგან თვალები მიბრწყინდება ნელ-ნელა.

ყურადღებას აღარ ვაქცევ, რა უცნაურად მიყურებენ გამვლელ-გამომვლელები, ჩემი დარდი მაქვს, 24 საათი შესრულდეს. 21 საათი გავიდა და ვხედავ, ვიღაც, ჩემი ცოდვით სავსე, ჩემოდანს მოარბენინებს განწირული ყვირილით:

- მისტერ დავით, მისტერ დავით!

იფიქრა, გავახარებ და პატარა ფულს მაჩუქებსო, მაგრამ ისეთი თვალებით შევხედე, უკანმოუხედავად მოკურცხლა.

შევედი იქვე ტუალეტში გამოსაცვლელად. მაშინვე დაცვის ხალხს აცნობეს, ვიღაც კაცი ჯერ საათს უყურებდა გახარებული, შემდეგ ტუალეტში გაბრაზებული შევარდა ჯინსებითა და ჩემოდნით, ხოლო უკან კოსტიუმით გამოვიდაო. ბუნებრივია, ოპერატიულად დამაკავეს და დიდი ბოდიშებით გამიშვეს, რა უცნაური ჩვევები გქონიათ ქართველებსო.

ნატო-ს ხელმძღვანელობა ააშენა ღმერთმა, ყოველდღე ვახშმისთვის ფულს მაძლევდნენ, მაგრამ პრესტიჟულ რესტორანში ჯდომის ცდუნებას გავუძელი და ორი დოლარით წასული კაცი, 64 დოლარით დავბრუნდი ოჯახში".

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)