"ახალგაზრდა კაცი დანით გადმოძვრა საპატრიარქოში..." - ვინ და რატომ ეწინააღმდეგებოდა საპტრიარქოში დაცვის სამსახურის ჩამოყალიბებას?! - კვირის პალიტრა

"ახალგაზრდა კაცი დანით გადმოძვრა საპატრიარქოში..." - ვინ და რატომ ეწინააღმდეგებოდა საპტრიარქოში დაცვის სამსახურის ჩამოყალიბებას?!

გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ინტერვიუ ჩაწერა კათოლოკოს-პატრიარქის ილია მეორის დაცვის უფროსთან, სოსო ოხანაშვილთან, გთავაზობთ კიდევ ერთ ამონარიდს ინტერვიუდან:

უწმინდესს რომ გამართული დაცვის სამსახური სჭირდებოდა, კარგად ხედავდა მამა ნიკოლოზ მინდიაშვილიც (ჩვენი მოძღვარი იყო). როგორც მოგვიანებით გავიგე, სწორედ მან ჩამოუგდო ამ თემაზე პატრიარქს სიტყვა - კარგი ბიჭები მყავს, სამსახურს კარგად ააწყობენ და იქნებ თქვენთან წაიყვანოთო.

უწმინდესს ღიმილით უთქვამს, - პატრიარქს ღმერთი იცავსო. ღმერთი იცავს კაცის ხელითო, - არ დაუყოვნებია მამა ნიკოლოზსაც. სწორედ ეს საუბარი გამხდარა მოგვიანებით პატრიარქის გადაწყვეტილების მიზეზიც.

იმხანად პატრიარქს პროფესიონალური დაცვის სამსახური არ გააჩნდა, სტიქაროსნები ან სასულიერო პირები დაჰყვებოდნენ, სულ 2-3 კაცი. როცა საპატრიარქოში მივედი, დაცვის სამსახურში ორი კაცი დამხვდა, ისიც ახალმოსულები, ერთი მოგვიანებით სასულიერო პირი გახდა...

პროფესიონალები არც ესენი იყვნენ. ვცდილობდით არსებული რესურსით სამსახურის აწყობას, თუმცა რესურსი, ფაქტობრივად, არც გვქონდა. ამასობაში, ბრიგადაში დაიწყეს ლაპარაკი, რომ ერაყში ნამყოფი ქართველი ჯარისკაცები დავეჯილდოებინეთ სპეციალური სიგელებით. თავდაცვის მინისტრი გია ბარამიძე იყო, ხოლო გენერალური შტაბის უფროსი იუკურიძე, თუმცა მათ რატომღაც განაცხადეს, - ისინი შევარდნაძემ გაუშვა ერაყში და შევარდნაძემ დააჯილდოოსო. ასეთმა დამოკიდებულებამ სამხედროების პროტესტი გამოიწვია. ორი თვის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ მოხალისეების შეგროვება დაიწყო ერაყში, ამჯერად ბაღდადში, ქართული დანაყოფის გასაგზავნად და მეც შემომთავაზეს, ამჯერად წასვლაზე უარი ვთქვი.

2004 წლის 12 მაისს პირველად გავყევი პატრიარქს პირადი მცველის რანგში და უკვე 13 წელია, გვერდიდან არ მოვშორებივარ. სიმართლე გითხრათ, ძალიან გვიჭირდა, იყო უამრავი დაბრკოლება, ბევრი - ხელოვნურიც, მაგალითად, გვჭირდებოდა კავშირგაბმულობის საშუალება (ე.წ. რაცია),"რომლის შეძენასაც ფული სჭირდებოდა და არ გვქონდა. წლების განმავლობაში არავინ წერდა სპეციალურ წერილს, რომ კავშირგაბმულობისთვის სიხშირე მომეთხოვა; როგორც სპეცდანიშნულების მოქმედ ოფიცერს, იარაღის ტარების უფლება მხოლოდ მე მქონდა. მწირი იყო ადამიანური რესურსიც, კადრებს მე ვარჩევდი. რა თქმა უნდა, ძირითადი კრიტერიუმი ფიზიკური მომზადება და გონებრივი მონაცემები იყო (სხარტი და კრიტიკული აზროვნება, ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი), შემდეგ პატრიარქს ვუთანხმებდი. ფაქტობრივად შიშველი ხელებით პატრიარქის დაცვა დიდი პასუხისმგებლობა იყო, თან მძიმე სამუშაო რეჟიმის პირობებში ბევრი ვერ უძლებდა და მალე მიდიოდა.

იმ პერიოდში არანაირი რესურსი არ გაგვაჩნდა, მანქანაც კი არ გვყავდა. ჩვენი სამსახური ბევრად სპეციფიკურია, ვიდრე სახელმწიფოს პირველი პირების დაცვისა, პატრიარქს მუდმივად უწევდა ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა და ხალხს მასთან ურთიერთობას ვერ ავუკრძალავდით. ჩემი მუშაობის პირველ პერიოდში ძირითადი საფრთხე აი, რა იყო: ტაძარში წირვას ხშირად ესწრებოდნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებიც ხან სიყვარულით, ხან აგრესიით ცდილობდნენ პატრიარქთან მიახლოებას, გაჰყვიროდენ - ხელი შეგვახებინეთო. მახსოვს, ერთი ისე ჩაებღაუჭა პატრიარქის ხელს, რომ ორმა კაცმა ძლივს გამოვიხსენით.

სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები მრავლად იყო, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ დაცვის სამსახურს ბევრი წინააღმდეგობა შიგნითაც გვხვდებოდა, მაგალითად, მთელ ტერიტორიაზე დავაყენებინე სათვალთვალო კამერები, რამაც ზოგიერთი სასულიერო პირის უკმაყოფილება გამოიწვია. ხშირად მესმოდა, - რამდენს ბედავენ, რას ჰგავს ეს - უშიშროების სამინისტრო ხომ არ არისო და ა.შ. ვერ ვხვდები, დღემდე რატომ აშინებს წესრიგი ხალხს. არადა, ხშირი იყო საპატრიარქოში შემოღწევის ფაქტები, გალავანზე მოძვრებოდნენ, რომ პატრიარქამდე მიეღწიათ.

დაახლოებით ერთი წლის წინ ახალგაზრდა კაცი დანით გადმოძვრა საპატრიარქოში. ბიჭებმა დააკავეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. მოგვიანებით ამ ბიჭმა თავი დაიჭრა. კაცმა არ იცის, რას ჩაიდენდა, საპატრიარქოს შენობაში რომ შეეღწია. ასეთი შემთხვევები წელიწადში რამდენჯერმე არის ხოლმე. თუმცა, მღვდელმთავართა დიდი ნაწილი ყოველთვის გვერდში გვედგა - ვისაც უწმინდესი უყვარს, მისთვის მისი უსაფრთხოება მნიშვნელოვანია.

იხილეთ სრულად ექსკლუზიური ინტერვიუ პატრიარქის დაცვის უფროსთან